ვირუსი მაღალი სიცხით და შემცივნებით იწყება ”პირველი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
დენგეს ვირუსის გადამტანები ძირითადად Aedes aegypti-ს ტიპის მდედრი კოღოები არიან. ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკებში. ეს მძიმე დაავადებაა, რომელიც ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებსაც ემართებათ და მოზრდილებსაც, თუმცა ფატალურად იშვიათად მთავრდება.
საქართველოში ვირუსი სოფელ ფაზისში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ახლა უკვე თითქმის გამოჯანმრთელებულია.
ბოლნისში ენტომოლოგთა ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ ადგილზე. ვირუსის გადამტანი კოღოების აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალისტები სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ.
დენგეს ძირითადი სიმპტომებია — მაღალი, 40 გრადუსამდე ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.
დენგეს მძიმე ფორმა — პოტენციურად სასიკვდილო გართულებაა, რომელიც უკავშირდება პლაზმის დაღვრას, სითხის დაგროვებას, სუნთქვით უკმარისობას, ძლიერ სისხლდენას ან ორგანოების დაავადებას. ამ კრიტიკული სტადიის შემდგომი 24-48 საათი შესაძლოა ლეტალური გამოდგეს.
დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე.
დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით,პნევმონიით, ოტიტით, თრომბოფლებიტით, ორქიტითა და პაროტიტით. დენგესგადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპოსპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარეობს ვითარების ენტემოლოგიური შესწავლა.
დაავადების გადამტანი კოღოა, ამიტომ თავდაცვის მიზნით, მაქსიმალურად მოერიდეთ საღამოს საათებში ბავშვების გარეთ დაუცველად გაყვანას და თავი დაიცავით კოღოებისგან.