ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება. ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება. მათ შესაძლოა ბაქტერია მოკლან ან მისი ზრდა შეაჩერონ. როგორც მედიკოსები ამბობენ, ანტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსების საწინააღმდეგოდ და შეიძლება დამაზიანებელი ეფექტიც კი ჰქონდეთ.
AMBEBI.GE ამ თემაზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალისა" და mkurnali.ge-ს მთავარ რედაქტორ, ექიმ-თერაპევტ თამარ მამაცაშვილს ესაუბრა.
- ექიმები ანთებითი პროცსების შემთხვევაში, ყოველთვის არ ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. მათთვის სიტუაციის შესაფასებლად და მკურნალობის კურსის ანტიბიოტიკებით გასაგრძელებლად, საჭიროა პაციენტს ჰქონდეს თუნდაც მაღალი ტემპერატურა... რატომ?
- უნდა დავიმახსოვროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე, მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის ეფექტიანი. ვირუსული ინფექციის მიმდინარეობისას, რა ციფრებსაც უნდა აღწევდეს ტემპერატურა, ანტიბიოტიკის მიღება შედეგს არ მოგვცემს. ასე რომ, არც მაღალი სიცხეა ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება, თუკი ეს სიცხე ბაქტერიული გართულებით არ არის გამოწვეული. ბაქტერიული გართულების დიაგნოსტირება კი პაციენტს თვითნებურად გაუჭირდება, მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს მოსალოდნელ რისკებს, ამიტომ როდესაც შეუძლოდ ყოფნა გახანგრძლივდება და ტემპერატურის მაღალი ციფრები რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს.
- რა უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკმა ადამიანის ორგანიზმზე?
- როგორც ყველა პრეპარატს, ანტიბიოტიკებსაც აქვს გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. მათ შესახებ წამლის ანოტაციაშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ყველაზე საშიში გართულება, რაც ანტიბიოტიკების არასწორ, არადანიშნულებისამებრ ხშირ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს, ის არის, რომ ორგანიზმში განვითარდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ანუ რეზისტენტული ბაქტერიები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი აღარ გაგვაჩნია და ასეთი რეზისტენტული ფლორით გამოწვეულმა ინფექციებმა შეიძლება ადამიანის დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, თუ ბაქტერიული ინფექციისას ანტიბიოტიკი არ არის შერჩეული სწორად, ის უბრალოდ, არ მოქმედებს ინფექციაზე და პირიქით, ორგანიზმის სასარგებლო ფლორის (ორგანიზმში არსებული ბაქტერიათა ერთობლიობაა, რომელიც ცხოველქმედებას უზრუნვეყოფს) განადგურების გამო, ააქტიურებს კიდევაც პათოგენურ ანუ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ამასობაში კი ინფექცია რთულდება და მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ.
ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რატომ აქტიურდება ბაქტერიების არასწორი გამოყენებისას სოკოვანი ინფექცია ორგანიზმში. ამასაც იგივე მექანიზმი - სასარგებლო ფლორის განადგურება და შედეგად ორგანიზმის დასუსტება უდევს საფუძვლად, რის გამოც აქტიურდებიან სოკოები, რომლებიც მანამდე სრულიად უვნებლად არსებობდნენ კანსა თუ ლორწოვან გარსებზე.
- ანტიბიოტიკის დადებით გავლენაზეც ვილაპარაკოთ?
- ანტიბიოტიკი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მათი შექმნითა და ახალი თაობის პრეპარატების გამოგონებით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, ასევე არაერთი ინფექციის დამარცხება. პრობლემებს მხოლოდ მათი არასწორი გამოყენება ქმნის, თორემ ანტიბიოტიკების გარეშე წარმოუდგენელია დღეს ჩვენი არსებობა. განაგრძეთ კითხვა