ტკიპა საქართველოში ძირითადად ორი დაავადების გადამტანია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც პაატა იმნაძემ mshoblebi.ge-ს განუცხადა, ახლა ტკიპები ადამიანებთან მიმართებაში აქტიურები აღარ არიან და ცხოველებისკენ არიან მიმართული.
მისივე თქმით, ტკიპა საქართველოში ძირითადად ორი დაავადების გადამტანია. ეს დაავადებებია ყირიმ- კონგო და ლაიმის, იგივე ბორელიოზის დაავადება.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი, გაზაფხულზე ლეტალურად დასრულდა. ლაიმის დაავადების გავრცელება კი, წელიწადში რამდენიმე ათეულ შემთხვევას აღწევს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
”ლაიმის დაავადება სასიკვდილო არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმეა, თუ დროზე არ მიხედე. ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ჩვეულებრივ, ძალიან შედეგიანია-ხოლმე. ლაიმი, გავრცელებულია როგორც მთელ ევროპაში, ისე საქართველოში, თუმცა თუ 100 000 მოსახლეზე ვიანგარიშებთ, ევროპაში ლაიმი გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ჩვენთან. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 40 შემთხვევა გვაქვს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მოქალაქეებს ტკიპებისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. მისი თქმით, ძალიან ეფექტურია დამაფრთხოებელი საშუალებების - კრემის, თუ სპრეის გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუნებაში გასვლისას სხეული იყოს სამოსით დაფარული, რათა ტკიპა ტანზე არ აცოცდეს. მნიშვნელოვანია სეირნობიდან დაბრუნებული ბავშვების სხეულის დათვალიერება.
პაატა იმნაძე მოსახლოებას ტკიპის ნაკბენის დამუშავების ხერხსაც სთავაზობს.
”პირველ რიგში, პაციენტს უნდა მოვაცილოთ ტკიპა. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვაცილოთ ხელით. შესაძლებელია პინცეტის გამოყენება, ისე რომ ამოვიღოთ მთლიანად ტკიპა და ხორთუმი კანში არ ჩარჩეს. ამისათვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ტკიპის ადვილად მოსაძრობად შესაძლებელია მონაცვლეობით სპირტიანი და ზეთიანი ბამბის გამოყენება. შემდეგ საჭიროა ნაკბენის სპირტით, ნებისმიერი ანტისეპტკური საშუალებით დამუშავება. პაციენტი ნაკბენს უნდა დააკვირდეს. თუ სიცხეს მისცემს, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ანა მარშანია
წაიკითხეთ ასევე: როგორ დავიცვათ ბავშვი ტკიპის ნაკბენისგან