განათლების მინისტრი სავალდებულო ვაქციანაციის მომხრეა თუ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაითვლება, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, მაშინ ჩვენი სასკოლო სისტემაც ამას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ჩვენი კოლეგები ჩართული არიან ამ პროცესში. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩემი მოსაზრებით, თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩაითვლება, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, მაშინ ჩვენი სასკოლო სისტემაც ამას ხელს შეუწყობს. თუმცა ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნულ ინიციატივას სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი ლობირებს, მოწინააღმდეგეთა შორის კი იურისტები არიან, რომლებიც მათ მოსაზრებას ადამიანის უფლებების დაცვის ფაქტორით ხსნიან.
პაატა იმნაძემ “ინტერპრესნიუსთან” საერთაშორისო გამოცდილება მოიყვანა და აღნიშნა, რომ მაგალითად აშშ-ში აუცრელი ბავშვი განათლებას ვერ მიიღებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი აუცრელი ბავშვის მშობელი დაახლოებით 2500 ევროს ოდენობით ჯარიმდება.