გვესაუბრება პედიატრი ლიკა თედიაშვილი
3-5 წლის, 8-12 წლის ასაკის ბავშვებისგან მშობლები ხშირად იგებენ შემდეგ ფრაზებს, ხელები მტკივა, ფეხები მტკივა, მუხლები მტკივა - რა იწვევს ტკივილს, რას უწოდებენ „ზრდის“ ტკივილს? - გვესაუბრება პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი.
- ხშირ შემთხვევაში, ამ ასაკში საქმე გვაქვს ზრდის ტკივილთან, როგორც წესი,გვხვდება უპირატესად წვივების არეში სიგრძივად - კუნთის მიდამოში, იშვიათად ზედა კიდურებზე - მხრის სიგრძივად. აღსანიშნავია, რომ ზრდის ტკივილის დროს არასოდეს არ არის ჩართული სახსარი - მაგალითად,
მუხლი, ან იდაყვი. ტკივილი სიმეტრიულია, ანუ ერთნაირად არის მტკივნეული ორივე ფეხი ან ხელი, თავს იჩენს დღის ბოლოსკენ ან გვიან ღამით.
ზრდის ტკივილი გვხვდება ბავშვთა დაახლოებით 49%-ში, ის შეიძლება აღმოცენდეს ძირითადად 3-5 და 8-12 წლის ასაკობრივ ჯგუფებში.
დიაგნოსტირება: როგორც წესი, თუ ტკივილს არ ახლავს სიკოჭლე, მოძრაობის რაიმე შეზღუდვა, სიწითლე, შესიება, სიმხურვალე - არანაირი დამატებითი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება საჭირო არა რის.
- ახლავს თუ არა ზრდის ტკივილის სხვა რაიმე ნიშნანი, მაგალთად ადგილის შეწითლება, შეშუპება და ა.შ.
- ტკივილი არასოდეს არ არის დილით და თან არ ახლავს ანთების არანაირი სხვა ნიშანი: შეწითლება, შესიება, სიმხურვალე. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველ ღამე, ან პერიოდულად რამდენიმედღიანი ან თვიანი ინტერვალებით. ასეთი ტკივილი, რა თქმა უნდა, არანაირ სერიოზულ პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული და თავისით გაივლის ზრდის პერიოდის შემდეგ, თუმცა მისი არსებობა გარკვეულად მოქმედებს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე.
- რა არის ზრდის ტკივილის განვითარების მიზეზი?
- ზრდის ტკივილის განვითარების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, არსებობს მოსაზრება, რომ ის შეიძლება დაკავშირებული იყოს მიკროელემენტების და სისხლმომარაგების ცვლილებებთან ზრდის პერიოდში, ან იყოს ფსიქოლოგიური წარმოშობის. ზოგიერთი მშობელი ტკივილის აღმოცენებას უკავშირებს ფიზიკურ აქტივობას ან ბავშვის ხასიათის ცვლილებების პერიოდს.
- როგორია ამ დროს მკურნალობის მეთოდები?
- მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ზრდის ტკივილი დროთა განმავლობაში ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაივლის. არ არსებობს არავითარი სარწმუნო კვლევა რაიმე ჩარევის ეფექტურობაზე, თუმცა როგორც წესი, მშობელი თვითონვე აღნიშნავს მასაჟის, თბილი საფენების ეფექტურობას. ტკივილგამაყუჩებლად, ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ანალგეზიური მედიკამენტები.
ასე რომ, თუ ასაკთან ერთად ბავშვს აქვს მსგავსი ტკივილები და მას თან არ ახლავს შესიება, სიმხურვალე და სხვა სიმპტომები, სავარაუდოდ, "ზრდის ტკივილთან" გვაქვს საქმე. ასეთ დროს საგანგაშო არაფერია, ბავშვი იზრდება და ეს ზრდა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. თუმცა რასაკვირველია, ყველა სახის ტკივილი არ იქნება "ზრდის ტკივილი", ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რომ არაფერი არ გამოგრჩეთ და სიმპტომებს აუცილებლად დაუკვირდეთ.
სალომე გორგოშიძე