"ეს ქცევა სასაცილოდ მიაჩნიათ, მაგრამ მალე სატირალი იქნება"
„ეს რა არის? უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვიდრე გვგონია... რეაგირებაა საჭირო" - ცნობილი ქართველი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებს, რომლებშიც ბაშვებს სიგარეტს აწევინებენ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმაურება. თუ რა საფრთხეებია ამ მხრივ მოსალოდნელი და რა უნდა იცოდნენ აუცილებლად მშობლებმა, უფრო დაწვრილებით თავად ქალბატონი ინგა გვესაუბრება.
- მართლა შემაშფოთებელია, ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტების განმეორება და სოციალურ ქსელში ატვირთვა, გახმაურებული შემთხვევის შემდეგ ისევ რომ ხდება, როგორც ჩანს, მოსწონს მშობელს ეს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, პირველ რიგში უნდა შევეხო მშობლების გაუნათლებლობას. მეორე რიგში ბავშვისთვის პასიური მწეველობაც კი საზიანოა, მის ირგვლივ აივანზე მოწევაც არ შეიძლება. მით უმეტეს აღმაშფოთებელია, როცა ბავშვს აწევინებენ სიგარეტს და მის პატარა სასუნთქ სისტემას, პატარა ფილტვებს უზიანებენ. გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, ნერვული სისტემისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ეს არის უდიდესი საფრთხე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მავნე ჩვევას ბავშვებს პატარა ასაკიდან უყალიბებენ. ეს ქცევა სასაცილოდ მიაჩნიათ, მაგრამ მალე სატირალი იქნება, იმიტომ, რომ ბავშვისთვის ასეთი ქცევა გახდება ნორმა. შესაძლოა ოჯახისთვისაც ნორმად ითვლება ამის გაკეთება. არ ფიქრობენ, რომ სასუნთქი სისტემისთვის, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ერთი ჩასუნთქვაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, მსგავსი საქციელი გასაკიცხი კი არა, დასჯადი უნდა იყოს.
- თუ გყოლიათ პაციენტი ბავშვი, რომელიც პატარა ასაკში სიგარეტის მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოგიყვანეს?
- ასეთი ბავშვი ჩემთან ნამდვილად არ მოუყვანიათ. მოზარდები კი ყოფილან, მშობლების ინიციატივით მოყვანილნი. იმ მიზნით, რომ ამეხსნა სიგარეტის მოწევის მავნებლობის შესახებ. ასევე მყოლია ორსულებიც, რომლებიც აღიარებდნენ, რომ ეწეოდნენ სიგარეტს.ზოგიერთს არც ადარდება, რომ ეწეოდა ოსრულობის დროს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მალე ასეთი ბავშვების 80%-ში ვლინდებდა ობსტრუქციული მდგომარეობა, ხშირი ბრონქიტი, ხშირი ვისრული ინფექციები. მერე კი ვკითხულობთ, ეს რატომ ხდება.
- ფაქტის გამოვლენის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რამდენ მშობელს აქვს გააზრებული, რომ მწეველი ბავშვი ექიმთან მიიყვანოს?
- აქამდეც მივლენ ალბათ. შეიძლება ასე სწრაფად არაფერი არ მოხდეს, მაგრამ ის, რომ ბავშვი იწყებს ხველას და ეს კადრშიც კარგად ჩანს ("მიდი, ერთი ნაპაზიც დაარტყი... ძირს ნუ ყრი, დააფერფლე"), ასეთ დროს აუცილებლად უნდა აჩვენონ ექიმს. ვსაუბრობ და ჩემამდე არ დადის, რომ ასეთი რამე ხდება. შეფასებას ვერ ვაკეთებ უფროსების ასეთ ქცევაზე. ყველაზე მთავარია, საზოგადოების, ექიმების მხრიდან იყოს რეაგირება და რაც მთავარია, უფასო მშობელთა სკოლის შექმნა და მშობელთა განათლების დონის ამაღლება.
რუსკა კილასონია