ლენცოფა
ეს მცენარე სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებშია გამოყენებული, თუმცა მათი მიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი დანიშნულით ხდება. ლენცოფა ძალიან შხამიანი მცენარეა. ჯერ კიდევ ავიცენა წერდა, რომ ლენცოფას შხამი იწვევს ჭკუაზე შეშლას, მეხსიერების დაკარგვასა და გაცოფებას. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.
შმაგა ძლიერ შხამიანი მცენარეა, წამლავს მსხვილფეხა რქოსან საქონელსა და ცხენს. 120-180 გ გამხმარი შმაგას ბალახის შეჭმის შემთხვევაში ცხენი გარდუვალად იწამლება. მსხვილფეხა საქონელი კიდევ უფრო მეტ მგრძნობელობას იჩენს შმაგას მიმართ, 30-60 გრ ფოთოლი იწვევს ძლიერ მოწამვლას, რაც გამოიხატება მუცლის გაბერვასა და ძლიერ აღგზნებაში.
შმაგას ნექტარისაგან დამზადებული თაფლი მომწარო გემოსია და ადამიანს წამლავს. ამიტომ საფუტკრეების ახლოს შმაგა აყვავებამდე უნდა აითიბოს ან მოისპოს ძლიერმოქმედი ჰერბიციდების შესხურებთ.
ძაღლყურძენას ზოგი სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებენ. იკეთებს თეთრ ან ლურჯ ყვავილებს, აქვს შავი, წითელი ან მომწვანო წვნიანი, შხამიანი ნაყოფი, რაც ადამიანისთვის ძალიან საშიშია. მისგან გამოწვეული მოწამვლა იწვევს ჰალუცინაციებს და ზოგჯერ სიკვდილით სრულდება.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ექიმი ტოქსიკოლოგი ლია სამხარაძე Mshoblebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს:
- საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ატროპინის ჯგუფის, ალკალოიდების შემცველი მცენარეები, რომელიც იწვევს ინტოქსიკაციას. ეს არის ლენცოფა, შმაგა, ძაღლყურძენა და სხვა. ამ მცენარეების ყველა ნაწილი არის მომწამვლელი, ეს იქნება თესლი, ნაყოფი, ფოთოლი, თუ ღერო. ძალიან ხშირია ძაღლყურძენათი მოწამვლის შემთხვევები. ბევრს კენკრა გონია და მიირთმევს. ინტოქსიკაციას საკმაოდ გამოხატული ნიშნები ახასიათებს. ეს არის კანის შეწითლება, სიმშრალე. ხდება გუგების გაფართოება, რის შედეგადაც იბინდება მხედველობა, პაციენტს ეცვლება ცნობიერება, ეწყება აღგზნება, ჰალუცინაციები, ჰგონია, რომ თაგვი ან სხვა ცხოველი დარბის, ხდება აგრესიული გარშემო მყოფების მიმართ, უმძაფრდება წყურვილის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ხშირ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნებოდეს ცხელებაც. ნებისმიერი ჩამოთვლილი მცენარეების დიდი რაოდენობით გამოყენება ძალიან სახიფათოა და შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ასევე, თუ დროულად არ მიმართავთ სამედიცინო დაწესებულებას და დროულად არ მოხდება სამედიცინო ჩარევა, შედეგი იქნება ფატალური. გარკვეული პერიოდის წინ, რამდენიმე მწყემსი მოიწამლა ძაღლყურძენათი. ორ მათგანთან მოხდა დროული ჩარევა და ისინი გამოჯანმრთელდნენ. ორთან კი ფატალური შედეგი დადგა, რადგან დაგვიანებით მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. უკვე დაწყებული იყო ჰალუცინაციები, გულყრები, რაც შემდეგ გადადის კომატუზურ მდგომარეობაში."- ამბობს ის.
იზრდება ერთეულ ეგზემპლარებად ზაფხულ–შემოდგომით ფოთლოვან ან შერეულ ტყეებში, განსაკუთრებით მუხნარში. განსაკუთრებული სუნი და გემო არ აქვს. მისი შხამი მომაკვდინებელია, შეიცავს დიდი რაოდენობით ამატოქსინებს და ფალოტოქსინებს. საქართველოში მცირე რაოდენობით არის გავრცელებული.
თავჭედილა - ქუდიანი სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა. ძლიერ შხამიანია, შეიცავს დიდი რაოდენობით მუსკიმოლს. აქვს 5-10 სმ დიამეტრის ამობურცული, მურა, მოყვითალო მურა, მონაცისფრო მურა ან მომწვანო მურა ქუდი. ნორჩი ლორწოიანია. ზედაპირზე კონცენტრულად განწყობილი თეთრი ფიფქები აყრია, კიდეები ზოლიანია, ფირფიტები თეთრი.
აქვს საყელოიანი თეთრი ფეხი, რომლის ფუძეზე ქერცლები კონცენტრულადაა განწყობილი. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში გაზაფხულზე და შემოდგომით.
მანჭკვალას მატყუარა - შხამიანი ქუდიანი სოკო სტროფარისებრთა ოჯახისა. აქვს მომწვანო-ყვითელი, შუაში მოწითალო ქუდი, რომელიც ჯერ ზარისებრია, შემდეგ გაშლილი, მისი დიამეტრი 2—5 სმ აღწევს. ფეხი ქუდისკენ მოყვითალოა, ძირისკენ მოყვითალო-ყავისფერი; აქვს საყელო, რომელიც მალე ქრება. ფირფიტები ჯერ მოყვითალოა, შემდეგ კი — მომწვანო-შავი.
იზრდება გამხმარ და დამპალ ხეებზე ჯგუფ-ჯგუფად ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ჰგავს მანჭკვალას, მისგან განსხვავდება ქუდისა და ფირფიტების ფერით
ღორისსოკო - ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა რიგისა. აქვს შუაში ჩაზნექილი, შემდეგ კი ძაბრისებრი, მოყვითალო მურა ქუდი, რომლის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს. ქუდის მეორე მხარეს მოყვითალო-მურა ან მურა ფირფიტებია განვითარებული. რბილობი და ფირფიტები ჰაერზე და ხელის დაჭერისას მუქდება.
იზრდება ტყეებში, განსაკუთრებით მურყნარებში, ზაფხულ-შემოდგომით. ღორისსოკო შხამიანი სოკოა, თუმცა მოწამვლის სიმპტომები ყოველთვის ან იმთავითვე არ ვლინდება. იწვევს ძლიერ ალერგიულ რეაქციას. შხამსაწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს.
წითელი შხამასოკო, ცადამაყვანა - ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრია 8-20 სმ; კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერია, ზედაპირზე თეთრი ფიფქები აყრია, ზოგჯერ მის გარეშეა. ფირფიტები და რბილობი თეთრია. ფეხიც თეთრია და თეთრი ან მოყვითალო საყელო აქვს, ძირში ბოლქვისებურია და ზედ თეთრი ზოლებია შემორტყმული. შხამიანია, იზრდება ნაძვნარ-ფიჭვნარსა და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომაზე. შეიცავს მუსკარინს და მუსკიმოლს.
"კვირის პალიტრასთან" საუბრისას მიკოლოგი ია ჯორჯაძე ამბობდა"
- ჰალუცინოგენური სოკოები, უპირველესად, ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ. მიღებიდან 1-2 საათში პირველი სიმპტომები ვლინდება - წამოწითლება, ოფლისა და ნერწყვის მომეტებული გამოყოფა, მხედველობის დარღვევა, ჰალუცინაციები, შეტევითი ხასიათის ხარხარი ან ტირილი, არაადეკვატური ქცევა, ღებინება. მცირე დოზით მოწამვლისას სიმპტომები 4-5 საათის შემდეგ ქრება. ზოგჯერ მოწამვლა მძიმედ მიმდინარეობს და ლეტალური შედეგითაც მთავრდება. განსაკუთრებით საშიში შხამიანი სოკოების მიღების შემდეგ, თუ დაუყოვნებლივ არ მიმართავთ ექიმს, ლეტალური შედეგი გარდაუვალია. ესენია: შხამა, ცრუ მანჭკვალა. სამწუხაროდ, სიმპტომები ძალიან გვიან - 8-72 საათის შემდეგ ვლინდება, როცა ტოქსინები უკვე თავის ტვინს აღწევს. იწყება ძლიერი ღებინება და დიარეა, პირის სიმშრალე, ეცემა წნევა, ვითარდება ასფიქსია, სხეულის დამბლა და სხვ.
ნებისმიერი მოწამვლისას აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება. მანამდე დაზარალებული უნდა დავაწვინოთ, დავალევინოთ ყლუპობით თბილი სოდიანი წყალი და ღებინება გამოვიწვიოთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ. სასურველია, ოყნის გაკეთებაც. ალკოჰოლის მიღება კი დაუშვებელია. სოკოს ნარჩენების შენახვაც გააადვილებს მისი ზუსტი სახეობის დადგენას, რასაც სამედიცინო დახმარების გაწევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს."