ჩვილის ბანაობას ცოდნა უნდა თითქოს, ბანაობა არ უნდა იყოს რთული პროცედურა, მაგრამ მშობლებს უამრავი კითხვა უჩნდებათ: შეიძლება თუ არა ჩაყვინთვა? გამოვიყენოთ თუ არა სამკურნალო ბალახები? დავბანოთ თუ არა ბავშვი საპნით და ა.შ. შევეცდებით, ხშირად დასმულ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
ჩვილის ბანაობას ცოდნა უნდა. ყველა ბებიას თავისი რეკომენდაცია აქვს და ახალგაზრდა დედა იბნევა ამდენი რჩევის მოსმენისას.
გავუფრთხილდეთ თუ არა ყურებს?
ბევრი დედა შიშობს, რომ ბანაობის დროს ბავშვს ყურში წყალი ჩაუვა. ზოგი ბავშვს ყურებში ბამბას უტენის. ამის გაკეთება საჭირო არაა. დერმატოლოგები გვარწმუნებენ, რომ ბანაობისას ყურში მოხვედრილი წყალი მოარბილებს გოგირდს და იგი ადვილად გამოვა.
ხოლო, პატარს ოტიტი შეიძლება განუვითარდეს არა ბანაობის დროს ყურში წყლის ჩასვლით, არამედ, მისი იქიდან არგამოსვლის შემთხვევაში. თუ ბავშვს ბანაობის ან ყვინთვის შემდეგ ყურში წყალი ჩაუვიდა, ჩხირზე დახვეული ბამბა ჩაუდეთ, იგი ადვილად, ზედმეტი ტრიალის ან გამოწმენის გარეშეც შეიწოვს ზედმეტ სითხეს.
როდის გამოვცადოთ ყვინთვა?
ყვინთვა ჩვილისთვის ერთგვარი სამკურნალო პროცედურაა. ამგვარად ბავშვი სამ წლამდე ადვილად უმკლავდება სურდოს, ამოყვინთვის შემდეგ ცხვირიდან გამოსუნთქვით შედეგად იწმინდება ცხვირის სასუნთქი სისტემა. ყვინთვა აკაჟებს ბავშვს - სასარგებლოა გულის, კუნთებისა და სისხლძარღვებისთვის.
ასწავლეთ პატარს ყვინთვა, არაუგვიანეს სამი კვირიდან. ამ პერიოდისთვის მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს რეფლექსები და იცის, რომ წყალთან შეხებისას სუნთქვა უნდა შეიკავოს. თუ პატარა სამ კვირაზე მეტი ხნისაა, ეს რეფლექსი შეიძლება დავიწყებული ჰქონდეს და ყვინთვასთან შეჩვევა გაცილებით რთული იქნება.
რისთვის მოვადუღოთ ბალახები?
ჰიგიენის გარდა ბანაობას სამკურნალო თვისებაც აქვს. თუ ბავშვს კანზე გაღიზიანება აქვს, ცუდად სძინავს, ექიმმა ნევროზულობა დაუდგინა, აბაზანაში დაუმატეთ სამკურნალო ბალახები (კალენდულა, გვირილა, სალბი, მელისა). მაგრამ დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ბალახეულის აბაზანებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ: 0,5 სადილის კოვზ ბალახეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ, შეაგრილეთ. გადაწურეთ და ჩაასხით ბავშვის აბაზანაში. გახსოვდეთ, რომ ბალახების აბაზანის მიღებისას შეზღუდული ხართ, ბავშვი წყალში უნდა იყოს არაუმეტეს 10-15 წუთისა.
უმჯობესია, ბალახების მიღებამდე კონსულტაცია გაიროთ პედიატრთან ან ბავშვის მკურნალ ექიმთან.
დავბანოთ თუ არა ყოველდღე საპნით?
შამპუნით, საპნით და ქაფით ბავშვის დაბანა საკმარისია, კვირაში რამდენჯერმე. მოგვიანებით, როცა ბავშვი ისწავლის ხოხვას, სიარულს და ხშირად დაისვრება, უფრო ხშირად გამოიყენეთ საბანაო საშუალებები. ყოველდღე ბავშვის საპნით, შამპუნით ა.შ. დაბანა სასურველი არაა, რადგან ისინი აშრობენ კანს.
ბანაობისას არ დაგავიწყდეთ, ბავშვს მოუბანეთ ყველა ნაკეცი, იღლიები, ყურები. ფრთხილად დაუბანეთ თავი. გამოიყენეთ საბავშვო შამპუნი, რომელიც პატარას არ დასწვავს თვალებს. დაბანს შემდეგ ბავშვს გადაავლეს სუფთა წყალი და გაახვიეთ პირსახოცში. ახლა შეგიძლიათ სააბაზანოდან გამოსვლა. თუმცა, სადაც ჩვილს შეიყვანთ, უნდა თბილოდეს, მოარიდეთ ორპირს.
რა გჭირდებათ ბავშვის ბანაობისთვის?
იმისათვის, რომ ბანაობის პროცედურამ კარგად ჩაიაროს, ხელთ იქონიეთ: შამპუნი, ღრუბელი, პირსახოცი, სააბაზანოს სათამაშო, თერმომეტრი, ქილა ბალახების ნაყენით. ბავშვის შესაფუთ მაგიდაზე მოიმარაგეთ: კრემი, ზეთი, სავარცხელი, სამოსი, რომელშიც პატარას ბანაობის შემდეგ გამოაწყობთ. აგრეთვე დაიდეთ წყლის ბოთლი. ბანაობის შემდეგ ბავშვს აუცილებლად მოუნდება დალევა.