ვირუსებისგან ყველაზე საიმედოდ ბავშვს ძლიერი ორგანიზმი იცავს ხშირად გვესმის, რომ ვირუსებისა და ინფექციების სეზონური შემოტევის დროს ყველაზე საიმედოდ ბავშვს ძლიერი ორგანიზმი იცავს. ამტანობა კი პირველ რიგში სხეულის გაკაჟებით არის შესაძლებელი.
ხშირად ოჯახებში ნამდვილი ომია გაჩაღებული ამ თემაზე. ბევრს ვერ გაუგია, რა აზრი აქვს გაკაჟებას, თუ ამით ვირუსებს ვერ დახოცავ. მართალია, ვირუსების შემოტევას თავს ვერ აარიდებთ, სამაგიეროდ მათგან გამოწვეულ შესაძლო გართულებებს აიცილებთ თავიდან. გაკაჟებული ორგანიზმი ადვილად უმკლავდება სისხლძარღვების სპაზმს, რომელიც გაციების დროს ვითარდება და ქსოვილების სისხლით მომარაგების პროცესს არღვევს. სწორედ სპაზმით გამოწვეული შედეგები ქმნის ხელსაყრელ გარემოს ვირუსებისა და პათოლოგიური უჯრედების გასამრავლებლად. ამიტომაცაა, რომ გაკაჟებული ბავშვები თითქმის არ ცივდებიან და უფრო იშვიათადაც ავადმყოფობენ.
რას ნიშნავს გაკაჟება
ამ ტერმინში პირველ ყოვლისა ორგანიზმში მიმდინარე თერმორეგულაციის პროცესის გაწვრთნა-გავარჯიშება იგულისხმება. გარემოს მავნე ფაქტორებისადმი, განსაკუთრებით გაცივებისადმი გამძლეობაში ორგანიზმს სწორედ თერმორეგულაცია ეხმარება. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელშიც მთელი ორგანიზმია ჩართული. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პატარებს პირველ წლებში თერმორეგულაციის პროცესი ჯერ სრულყოფილად არ "უმუშავებთ". ამიტომაც არის, რომ მისი "გავარჯიშება" ძირითადად, ბავშვებს სჭირდებათ.
რას გულისხმობს თერმორეგულაციის პროცესის გავარჯიშება? ორგანიზმმა მონაცვლეობით უნდა გადაიტანოს ტემპერატურული ცვლილებები. ჯერ ცივი, შემდეგ თბილი. შეიძლება გამოიყენოთ როგორც წყალი (შხაპი, აბაზანა, სველი პირსახოცი), ასევე ჰაერი (გარეთ - შიგნით, თბილად ჩაცმული - თხლად ჩაცმული).
ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მიმართ უფრო ფრთხილი მიდგომაა საჭირო. კონტრასტული მეთოდის გამოყენებისას ცივსა და თბილ წყალს შორის ტემპერატურული სხვაობა უფრო მცირეა. კიდევ უფრო მოზომილი მეთოდები გვჭირდება ჩვილი ბავშვების გაკაჟების დროს. პროცედურა ან ჰაერით ან მუდმივი ტემპერატურის წყლით სრულდება, იცვლება მხოლოდ პროცედურის ხანგრძლივობა. ჯერ 5 წუთით ამყოფებთ გრილ ნიავზე, შემდეგ - 7 წუთით, შემდეგ - 10 წუთით.
რეკორდების დამყარებას ნუ ეცდებით. გაკაჟების პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში ზომიერებას და აკურატულობას ეფუძნება. ზედმეტად სტრესული ზემოქმედებები, როგორიცაა ზამთრის ცურვა, მხოლოდ საწყისი ეტაპების გავლის შემდეგაა შესაძლებელი და ისიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
გაკაჟება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. მისი შეწყვეტის შემდეგ ეფექტი 2-6 კვირის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ რაკი გადაწყვიტეთ, ეს პროცესი ცხოვრების წესად უნდა გაიხადოთ. 2-კვირიან და 1-თვიან აქციებს შედეგი არ მოაქვთ.
გაკაჟების მეთოდები
დღეს გაკაჟების ბევრი მეთოდია ცნობილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცივი და თბილი ჰაერის, ასევე წყლის პროცედურები. მცირე კონტრასტული აბაზანები მხოლოდ ხელ-ფეხისთვის ან შხაპი მთელი სხეულისთვის. პროცედურები უნდა ტარდებოდეს როგორც უძრავ მდგომარეობაში, ასევე ბავშვის მოძრაობისას. ყველაზე კარგად ეს ზაფხულში ხერხდება, როცა ბუნება თავად გვთავაზობს გაკაჟების ოპტიმალურ პირობებს. წლის ამ დროს შეგიძლიათ თერმორეგულაციის გასავარჯიშებლად ჰაერითაც ისარგებლოთ და წყლითაც, შვებულების პერიოდში მშობლებსაც მეტი დრო რჩებათ ამისთვის.
ნუ ინერვიულებთ, თუ ყველა მეთოდს ფეხდაფეხ ვერ მიყვებით. არც გრადუსებისა და წამების თვლაა საჭირო. დაიწყეთ ყველაზე მარტივით - ამყოფეთ ბავშვი ჰაერზე, ატარეთ ფეხშიშველი და ცხელ დღეებში გრილი წყლით წუწაობის ნებაც მიეცით.
ყოველდღიურად ერთი ან ორი წუთით გაახანგრძლივეთ ცივი ტემპერატურის ზემოქმედების დრო. შემდეგ ტემპერატურულ კონტრასტებზეც გადადით და გაზარდეთ ტემპერატურული სხვაობის დიაპაზონიც.
ასევე კარგია გაკაჟებისთვის ზაფხულის გამოყენება და ბავშვის ორ განსხვავებულ გარემოში - მთასა და ზღვაზე წაყვანა. ესეც საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ორგანიზმი შედარებით მოძლიერდეს და ზამთარს უკეთ გაუძლოს.