თუ მიკროსკოპში აღმოჩნდა გარკვეული რაიდენობის ლეიკოციტები, ე.ი. საქმე გვაქვს ინფექციასთან შარდის ანალიზის ჩაბარება ხშირად იძლევა ინფორმაციას ამა თუ იმ დაავადების მიმდინარეობის შესახებ. შარდის ანალიზის პასუხს დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისათვის.
ადრე ჩვენი დედები და ბებიები რეცხავდნენ, ასტერილებდნენ ქილას და შიგნით ასხამდნენ აღებულ შარდს. ჩვენს დროში არსებობს სტერილური კონტეინერი, რაც აადვილებს ამ პროცესს.
თუმცა ხშირად პრობლემაა შარდის აღება ბავშვისთვის, რომელსაც საფენი უკეთია. ამისთვის არსებობს სპეციალური სტერილური აპლიკატორები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, რაც ასევე აადვილებს შარდის აღების პროცესს. თუ ასეთ აპლიკატორებს ვერ იშოვით, მაშინ მიმართეთ ასეთ ხერხს: ბავშვს გახადეთ საფენი და თბილ წყალში ჩააყენეთ, შედეგი არ დააყოვნებს - ბავშვი მოშარდავს და თქვენც ადვილად აიღებთ შარდს.
მოკლედ, ავიღეთ შარდი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში. თუ მიკროსკოპში აღმოჩნდა გარკვეული რაიდენობის ლეიკოციტები, ე.ი. საქმე გვაქვს ინფექციასთან. თუ მხედველობის არეში ერითროციტებია, ე.ი. შარდში არის სისხლი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კენჭოვანი დაავადებებით ან სხვადასხვა ტრავმით. შარდგამომყოფი სისტემის ანთების დროს ფიქსირდება შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ტკივილი შარდის ბუშტის მიდამოში, წვის შეგრძნება შარდვის დროს. თუ ამ ყველაფერს დაერთო შარდის ანალიზში ლეიკოციტები, ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკს. ხშირია შემთხვევები, როდესაც 2 დღე იღებს ბავშვი ანტიბიოტიკს და ტემპერატურა, ტკივილისა და წვის შეგრძნება გადის. უ ამ პერიოდში გაუკეთებთ შარდის ანალიზს, შეიძლება ისიც სუფთა იყოს. ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოთ ანტიბიოტიკის მიღება იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველა სიმპტომი გაქრა. 2 დღეში დანიშნული ანტიბიოტიკი ყველა ბაქტერიას ვერ მოერევა - თუ მკურნალობას შეწყვეტთ დარჩენილი ბაქტერიები დაიწყებენ გამრავლებას. მიღებული პრეპარატის მიმართ ისინი უკვე რეზისტენტულები ხდებიან, დაავადება პროგრესირებს და უფრო მეტიც - საჭირო ხდება სხვა, უფრო ძლიერი პრეპარატის დანიშვნა. ამიტომ მშობელმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოს დანიშნული მკურნალობა. შარდგამომყოფი სისტემის მკურნალობა ადვილია, ოღონდ - ხანგრძლივი.
ზოგ შემთხვევაში შეიძლება შარდში აღმოჩნდეს აცეტონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმში დარღვეულია ნახშირწყლოვანი ცვლა. ეს ხდება შაქრიანი დიაბეტის დროს. მაგრამ როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში შარდში არის აცეტონი, მაგრამ არ არის დიაბეტი. აცეტონი წარმოიშვება შარდში მაშინ, როდესაც ორგანიზმში მთავრდება გლუკოზის მარაგი, ანუ გლუკოზა მთავრდება და ორგანიზმმა უნდა შეივსოს იგი. ამიტომ იგი შლის ცხიმებს გლუკოზად და აცეტონად. თუ ბავშვის ანალიზმა აჩვენა შარდში აცეტონი, ეს ნიშნავს იმას,რომ ორგანიზმმა დახარჯა დიდი რაოდენობით ენერგია. ეს შეიძლება ყოფილიყო მაღალი ტემპერატურა, ემოციური სტრესი, ფიზიკური დატვირთვა და ამაში საშიში არაფერია. შარდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, თქვენ კი მხოლოდ უნდა დაეხმაროთ ექიმს - სწორად აიღოთ და ჩააბაროთ შარდი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: რამდენჯერ და რამდენ შარდს უნდა გამოყოფდეს ბავშვი დღე-ღამეში - საჭირო ცხრილი