ეს იყო მექანიკური შეცდომა ეს დავიდარაბა შუახევის სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოთი დაიწყო - მასწავლებელმა პარტიული დროშებით ხელდამშვენებული პირველკლასელების ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა... მას შემდეგ ამასზე მსჯელობს მედია და საზოგადოება, შესაბამის სახელმწიფო უწყებაში კი მოკვლევაა დაწყებული... პედაგოგს პარტია "ქარული ოცნების" წინაასაარჩევნო აგიტაციაში ბავშვების გამოყენებაში ადანაშაულებენ.
- „ქართული ოცნების“ აგიტაცია არ მიწარმოებია, ეს იყო მექანიკური შეცდომა და დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ? მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა, - ეს განცხადება შუახევის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა დარჩიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, სკოლაში დროშები ბავშვებმა მიიტანეს და ფოტოს გადაღებაც თავად მოსწავლეებმა ითხოვეს. მანანა დარჩიძის თქმით, სკოლაში „ქართული ოცნების“ აგიტაცია არ უწარმოებია.
„აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?“,- აცხადებს მარინა დარჩიძე.
ფაქტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა.
"აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა" – განაცხადა მინისტრმა, რომელიც მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.