"მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან..." ”9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო... მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან... აქამდე ხალხის დახმარებით და დედის პენსიით მოვედით, რომლის ნახევარიც ბანკში მიდის... სად არ ვმუშაობდი - მხვეტავად, დამლაგებლად, მუშადაც კი... ხანდახან სული ძლივს მიმქონდა სახლამდე, მაგრამ მიხაროდა, შვილს ერთ ფაფას თუ მაინც ვუყიდდი. რა დამცირება და დაცინვა არ გადამიტანია... გაჭირვებამ კი თავისი ქნა. სახლში ყველაფერი გაყიდული გვაქვს. ბავშვს დედაჩემი იტოვებდა, ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა დედა დანევროზებულია და ხშირად ვკამათობთ. თუ ვეუბნები, რომ ბავშვთან ნუ ყვირი, ისტრესება-მეთქი, გაიბუტება, ბავშვს აღარ ეკარება და ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. ახლა საერთოდ სუსტადაა, ვეღარ დადის.
მე თვალების პრობლემა გამირთულდა, რთული მიოპიური ასტიგმატიზმი მაქვს დიდი მინუსით. ლინზები გამოსაცვლელი მაქვს და მზეზე გარეთ ვერ გავდივარ, ამის გამო სამუშაოს ვეღარ ვეძებ და 5 თვეა, სასოწარკვეთილი სახლში ვზივართ. წინ დიდი ზამთარია და არ ვიცი, როგორ გადავიტანთ. დედაჩემს რამე რომ დაემართოს, საერთოდ უპატრონოდ დავრჩები. სოციალური არ გვაქვს, უარი მოგვივიდა. ზედმეტ წუწუნსაც ვერიდებოდი, მეშინოდა ბავშვი არ წაერთმიათ. ერთხელ უკვე შემომთავაზეს, ბავშვი თავშესაფარში დამეტოვებინა, მაგრამ შემეშინდა შვილი არ დამკარგვოდა... ახლა ვფიქრობ, რომ თუ მე და დედა ფეხზე ვერ დავდგებით, კარგი ოჯახი მოვძებნო...
გგონიათ, შვილი არ მიყვარს? სწორედ ამიტომ არ მინდა, გაჭრვებაში და სიცივეში დაიჩაგროს. ავადმყოფი და დატანჯული ჩემი თავი მეზიზღება. არ ვიცი რა ვქნა, ძალიან ცუდად ვარ. თუ ვინმე დაგვიდგება გვერდში და ამისგან მიხსნის, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. არაა ჩემთვის ადვილი ამ ყველაფრის მოყოლა. ვისაც გაჭირვება არ გამოუცდია, ის ვერ გამიგებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მთლად წყალსაც ნუ გამატანთ. უბრალოდ გამოსავალი მაპოვნინეთ..."
ეს ის წერილია, რომელმაც დღეს ყველა შეძრა. ამ ქუთაისელ გოგონას ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. მის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია (იხილეთ ერთ-ერთი სტატია). საკმაოდ რთულ პირობებში, მოძალადე მამის ხელში გაიზარდა, მერე პირად ცხოვრებაშიც დიდი ტრაგედიები გადაიტანა (იხილეთ მისი გრძელი და სევდიანი ამბავი) და ბოლოს მარტო დარჩა, ფეხმძიმე, ავადმყოფი დედის სახლში.
ახლა მარტოხელა დედაა, ძალიან უჭირს მორალურადაც და ფიზიკურადაც. ადგილობრივები ეხმარებიან და mshoblebi.ge-ზე გამოქვეყნებული წერილების შემდეგაც არაერთმა გამოთქვა დახმარების სურვილი და გაუწოდეს კიდეც დახმარების ხელი, თუმცა ახლა ოჯახს ისევ ძალიან უჭირს...
როგორც შევიტყვეთ, წერილის გამოქვეყნების შემდეგ მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის - ბავშვის შვილად აყვანის სურვილითაც, რისთვისაც ის, რასაკვირველია, მზად არ აღმოჩნდა. სინამდვილეში მას ნამდვილად არ უნდა ბავშვის გაშვილება, კარგი დედაა და ძალიან უყვარს თავისი შვილი, უბრალოდ სასოწარკვეთილია თავისი ამბით, მძიმე ცხოვრებით და ათასგვარ გზას ეძებს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად...
მკითხველებს, რომლებსაც მისი დახმარების სურვილი აქვთ, ალბათ თავადვე გამოეხმაურება კომენტარებში, ჩვენ კი ამ წერილს იმ იმედით ვაქვეყნებთ, რომ მისი ამბით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდება და სოციალურ დახმარებას მაინც დაუნიშნავს მარტოხელა დედას. დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენც მზად ვართ, მივაწოდოთ გოგონას კოორდინატები ადგილობრივ ხელისუფლებას - ახლა მას ყველაზე მეტად ასეთი თანადგომა სჭირდება, ყოველთვიური მხარდაჭერა და იმედი, რომ თავისი მთავრობა გვერდზე უდგას და დედას არ აიძულებს, საკუთარი შვილი გააშვილოს...