რატომ ყიდის ნანუკა ჟორჟოლიანი მეორად ტანსაცმელს? სოციალურ ქსელში სულ ახლახან გამოჩნდა გვერდი „ნანუკას SecondHand“, რომელსაც დაარსების პირველ დღეებში უკვე 10 000 მოწონება ჰქონდა. გვერდი ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის და საქველმოქმედო ხასიათისაა. ამ გვერდზე იყიდება ნანუკას ნივთები და ტანსაცმელი, თან საკმაოდ დაბალ ფასში და შემოსული თანხით ფინანსდება კონკრეტული ადამიანების სწავლა - იმ სტუდენტების, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას. ამ წამოწყების შესახებ ნანუკა თავად მოგიყვებათ.
- ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია Second Hand-ი, ანუ მეორადი სამოსი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არის სოციალური პრობლემები, ძალიან ბევრს უჭირს ფინანსურად და ვერ ახერხებენ ძვირად ღირებული ტანსაცმლის შეძენას.
ნანუკას Second Hand-ის დაარსების იდეა გამიჩნდა გაზაფხულზე, როცა სკოლის ბანკეტები მოახლოვდა და ჩემს გარდერობში აღმოვაჩინე, რომ ბევრი კაბა მქონდა ისეთი, რომელიც თინეიჯერებს ბანკეტზე გამოადგებოდათ, მე კი ვეღარ ვიცვამდი იმის გამო, რომ ეკრანზე უკვე მეცვა. მივხდი, რომ შემეძლო ძალიან ბევრი გოგონას გახარება, ოღონდ გადავწყვიტე ამისთვის საქველმოქმედო სახე მიმეცა და დამეფინანსებინა ის სტუდენტები, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო სწავლის თანხას ვერ იხდიან. ცოტა ხნის წინ მე თვითონ დავდექი მსგავსი პრობლემის წინაშე, როცა მარიამი სტუდენტი გახდა და რეალურად არ მქონდა ფული, რომ ჩემი შვილი დამეფინანსებინა, სწორედ ამიტომ გავყიდე მანქანა და ამით დავფარე მარიამის სწავლის ხარჯები.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მარიამი და მისი განათლება იყო ჩემი ინსპირაცია. მე ზუსტად ვიცი, რა არის განათლების ფასი, ამიტომ ვაკეთებ ყველაფერს, რომ ჩემმა ორივე შვილმა მიიღოს კარგი განათლება. არსებობენ დედები, რომლებსაც ძალიან უნდათ თავიანთმა შვილებმა ისწავლონ, თუმცა ამის საშუალება არ აქვთ, სწორედ ამას ემსახურება ეს პროექტი და სწორედ ამიტომ მომივიდა ეს იდეა.
- როგორ ფიქრობთ, იდეამ გაამართლა?
- დიახ, იდეამ ნამდვილად გაამართლა. დაარსების პირველ დღეს უკვე 10 000 მოწონება ჰქონდა ნანუკას Second Hand-ის Facebook გვერდს, დღეს კი 22 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ყოველდღიურად გვიკავშირდებიან, როგორც სტუდენტები, ასევე ადამიანები, რომლებსაც სურთ ჩემი ნივთების შეძენა. კვირაში ორჯერ ან ერთხელ მაინც ვდებთ ახალ კოლექციას, რასაც სიხარულით ხვდებიან უკვე ჩვენი „მუდმივი კლიენტები“.
- ვინ არიან სტუდენტები, ვინც დააფინანსეთ?
- ეს ბავშვები არიან ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც გვწერენ facebook გვერდზე, გვირეკავენ ან სოციალურ ქსელში ვიგებ მათ შესახებ, რომ სწავლის დაფინანსება სჭირდებათ. კონკრეტულად ამ პროექტით უკვე 8 სტუდენტი დავაფინანსეთ, მე-9 კანდიდატიც შერჩეული გვყავს და თანხის შეგროვებისთანავე მასაც გადავუხდით სწავლის გადასახადს.
- რა კრიტერიუმების მიხედვით არჩევთ მათ?
- ჩემთვის მთავარია სტუდენტს ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, რითიც ვრწმუნდები, რომ მას სწავლა ნამდვილად უნდა და ეს მისთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა სად მიიღებ განათლებას საქართველოში თუ უცხოეთში, მთავარია, ეს გულით გინდოდეს. ასევე, რა თქმა უნდა, ობიექტური პრობლემები რის გამოც ვერ იხდან სწავლის თანხას.
- ნივთებზე საკმაოდ დაბალი ფასები გაქვთ მითითებული, რეალურად რა ფასიანი ესა თუ ის ნივთი და როგორი ხარისხი ტანსაცმელია?
- ვფიქრობ, ეს პროექტი იმიტომ გახდა ესეთი პოპულარული, რომ საზოგადოება რეალურად ხვდება რას ყიდულობს. ტანსაცმელი არის სუფთა, ხარისხიანი და ზოგიერთი მათგანი თითქმის ჩაუცმელია, მაქსიმუმ ერთხელ ან ორჯერ ჩაცმული.
ძალიან ბევრი არის მაღალი კლასის ბრენდი, რომელსაც ფაქტიურად ვაჩუქებ. ნივთებს ადევს სიმბოლური ფასები და ესეც ერთგვარი ქველმოქმედებაა, ბევრ მოზარდს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ ჩაიცვას ის ბრენდი, რომლის ყიდვასაც ვერ ახერხებს.
- ალბათ ერთ დღესაც მარაგი ამოგეწურებათ, რაიმე ახალი იდეა ხომ არ გაქვთ სამომავლოდ, რომლის საშუალებითაც კვლავ განაგრძობთ სტუდენტების დაფინანსებას?
- ჩემი ამბიციაა ჩემს მორალურ ანგარიშზე ბევრი დაფინანსებული სტუდენტი ირიცხებოდეს და ბევრმა ბავშვმა შეძლოს განათლების მიღება, როგორც ამას ჩემი შვილები ახერხებენ.
მერი ბლიაძე