"ჩემი გმირი ხანდახან ძალიან უწმაწურია, ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა არ მჩვევია..."
პოპულარობა არც აქამდე აკლდა, მაგრამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შავლეგო მადლიანის როლის შესრულების შემდეგ, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ილო ბეროშვილთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
- სერიალში შენს გმირს პარტნიორობა უმეტესად მეუღლესთან - ჩიკასთან უწევს. ანი ჩირაძე როგორი პარტნიორია?
- მას სამსახიობო აქვს დამთავრებული, მაგრამ დღემდე არც ერთ ფილმში არ გადაუღიათ. ძალიან კარგი პარტნიორია. დამაჯერებლობა, რომელიც მისი თამაშის დროს თვალშისაცემია, ჩემზეც გადმოდის და ეს ძალიან მეხმარება.
- ჩიკასნაირი ცოლი შენ გვერდით რამდენად წარმოგიდგენია?
- გამორიცხულია, ისევე, როგორც შავლეგოსნაირ ადამიანებთან ურთიერთობა - მიუხედავად იმისა, რომ მყოლია მეგობრები იმ წრიდან, საიდანაც შავლეგოა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი კრიმინალი იქნება, პოლიციელი თუ მხატვარი. მნიშვნელოვანი მისი შინაგანი სამყაროა. გადაღების დროს სულ ვცდილობ, თამაში ბუნებრივად გამომივიდეს. ტელევიზიაში მუშაობისას სხვა დინამიკა იყო საჭირო. ნელ-ნელა გადავდივარ იმ რიტმზე, რომელიც მსახიობს სჭირდება. მიხარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ბავშვები მომაძახებენ ხოლმე: "შავლეგო, შავლეგო!" მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი ხანდახან ძალიან უწმაწურია, ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა არ მჩვევია.
- თუ შეიძლება გკითხავ, პრობლემა, რასაც ნარკოტიკი ჰქვია, მართლა იყო შენს ცხოვრებაში?
- (პაუზის შემდეგ) არ დავმალავ და გეტყვი, რომ იყო. ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია, მაგრამ… ჩემს ცხოვრებაში ქაოსი იყო. მქონდა პერიოდი, როცა ნარკოტიკს ათასში ერთხელ თუ შევეხებოდი, მაგრამ მერე ალკოჰოლიც დაემატა, აირია ერთმანეთში და... ამ დროს ოთხ პროექტში ვიყავი, მუდმივად გამოუძინებელი და გადაღლილი. მადლობა უფალს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ბოლოს რომ შეგხვდი, მითხარი, ერთი გოგო ძალიან მომწონოსო.
- ჰო, მახსოვს და ეგ გოგო კიდევ ძალაშია. ეს გოგო ერთი მხრივ, გახსნილი პიროვნება ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ჩაკეტილია. კარგი გაგებით თანამედროვე გოგოა, ტიპური კარიერისტი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. ხანდახან ქართველი კაცები ვცოდავთ, გვწყინს ან შინაგანი ღელვა გვემართება, როცა ცოლი ან პარტნიორი გოგო სერიოზულ წარმატებას აღწევს, არადა, უნდა გვიხაროდეს. ქალი, რომელიც ისეა აღზრდილი, რომ თავად ვერაფერს აკეთებს, თითქოს შენზეა მოკედლებული. ამას ჯობია იცოდე, რომ შეუძლია უშენოდაც ძალიან კარგად იყოს, წარმატებულია და შენ აგირჩია - ეს დასაფასებელია, ბევრს ნიშნავს, მეტი სიამოვნებაა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს გოგო სწორედ ასეთია: ძალიან პოზიტიური, ქარიზმატული, პროგრესულია, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობს. კარიერას დიდი დროს უთმობს და პირადი ცხოვრების ამბავში ცოტათი უჭირს. მეორე უკიდურესობაა, როცა თვლი, რომ პირადმა ურთიერთობა შესაძლოა, კარიერაში აგრიოს.
- მისდამი შენი დამოკიდებულების შესახებ იცის?
- ერთი ნაბიჯით წინ ვარ, ახლა უკვე იცის და მეც ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ. უცნაური ის არის, რომ ერთმანეთს აქტიურად არც ვნახულობთ: ხან ის არის სადღაც წასული, ხან - მე, მაგრამ ვთანხმდებით, რომ საბოლოოდ მაინც ერთად ვიქნებით. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 28 სექტემბრის ნომერში)
თამუნა კვინიკაძე