" ერთი მყავს და ქვეყანას მირჩევნია. მისით ვსუნთქავ და ვარსებობ!" - ხატია შამუგია დედისერთა ვაჟს მარტო ზრდის - მშობლები

" ერთი მყავს და ქვეყანას მირჩევნია. მისით ვსუნთქავ და ვარსებობ!" - ხატია შამუგია დედისერთა ვაჟს მარტო ზრდის

2017-09-28 10:35:11+04:00

აღიარებს, რომ ბიჭის, მითუმეტეს, დედისერთას აღზრდა რთულია ხატია შამუგია ერთადერთ ვაჟს მარტო ზრდის და აღიარებს, რომ ბიჭის, მითუმეტეს, დედისერთას აღზრდა რთულია. დღეს ხატია ჩვენი სტუმარია და თავის დედობრივ განცდებსა და გამოცდილებას გვიზიარებს.

- დედობა მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა... 24 წლის ვიყავი დედა რომ გავხდი, ანუ არც ისე პატარა. თუმცა ამ გადასახედიდან პატარა ვიყავი. ძალიან სერიოზულად აღვიქვამდი ყველაფერს, დიდი მოლოდინი მქონდა და მთელმა ორსულობამ არანორმალურ რეჟიმში ჩაიარა. მეტისმეტად ყურადღებიანი და ემოციური ვიყავი. პირველი კვირიდან ცხრა თვემდე სულ ექიმებში დავდიოდი, ყველანაირ ანალიზს ვიკეთებდი და სულ რაღაც მაინტერესებდა. ირგვლივ ყველა შეწუხებული მყავდა. თან ძალიან აქტიური ვიყავი ჩემს საქმეში, რვა თვემდე ვმუშაობდი. კონცერტები მიმყავდა დიდი მუცლით... შემდეგ მშობიარობაც ძალიან რთული მქონდა, დიდხანს გახანგძლივებული. ბევრი ექიმი და ბებიაქალი მეხვია თავს.

ნიკუშა რომ გაჩნდა, დედაჩემმა დაიძახა, რა ლამაზი ცხვირ-პირი აქვსო... მე მხოლოდ ის ვიკითხე, ბავშვი ხომ ჯანმრთელია-მეთქი და რომ მითხრეს კიო, ვთქვი გაიყვანეთ, სხვა აღარაფერი მაინტერესებს-თქო... სამი დღე სიარულიც კი მიჭირდა, ისე ცუდად ვიყავი. იმ დროს კლინიკაში სულ სამი ბავშვი იყო და მხოლოდ ჩემს შვილს ჰქონდა დღე და ღამე არეული. მთელი ღამე ეღვიძა და მთელი დღე ეძინა. ღამე რომ მესმოდა ბავშვი რომ მოჰყავდათ, ვიცოდი რომ ჩემი შვილი იყო, თვალებს ვხუჭავდი და უი, დედას ძინავსო, ისევ უკან მიყავდათ...

დაბადებიდან ექვს თვეში მოვნათლეთ. ნიკოლოზი ქვია და გვსურდა, ნიკოლოზობას მოგვენათლა. 9 ნათლია ჰყავს - ნიკა ლომიძე (ნიკუშას მოსახელე და მოგვარე), გვანცა კილასონია, ნატო დუმბაძე, სოსო ჯავახიშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო კერესელიძე, თამუნა გომართელი, ნინო კოკილაშვილი... ბავშვის ნათლობის დღეს კურიოზი შემემთხვა: ეკლესიაში ვერ მივედი, რადგან თმის და მაკიაჟის გასაკეთებლად ვიყავი სალონში. რესტორანშიც კი მესამე სადღეგრძელო იყო, მე რომ მივედი. არადა დიდი ნათლობა გვქონდა... მასშტაბურ ღონისძიებაზე კარგა ხანი აღარ ვიყავი ნამყოფი, ახალნამშობიარევი ვიდრე ფორმაში ჩავდგებოდი. Aამიტომაც ძალიან მოვინდომე გაპრანჭვა და შვილის ნათლობამ ლამის უჩემოდ ჩაიარა.

mshoblebi

- შემდეგ ისე მოხდა რომ ფაქტიურად მარტომ გაზარდეთ შვილი, თქვენს საქმეში წარმატებული ხართ, მუდმივად ფორმაში ხართ... ამდენს როგორ ასწრებთ?

- ძალიან რთული მისია მაქვს, მაგრამ სასიამოვნო. მარტო ვზრდი შვილს, მარტო ვუმკლავდები ოჯახს და ყველაფერს მე ვაკეთებ. ქალიც ვარ და კაციც... ზედმეტად ყურადღებიანი დედა ვარ, რაც ნიკუშას აწუხებს. 15 წლის არის და ყოველ წუთას –დე, სად ხარ, დე, რა ჭამე, რა გაცვია – უკვე აღიზიანებს. ამიტომაც ვცდილობ, შევფუთო და რომ ვურეკავ, ვეკითხები, გარეთ როგორი ამინდია-მეთქი... მიზეზებს ვეძებ დასარეკად, ოღონდაც მისი ხმა გავიგნო კარგად რომ არის. რასაკვირველია, ხვდება და დამცინის, საინტერესოა, შემდეგ დარეკვაზე რა მიზეზს გამონახავო...

ბიჭის გაზრდა მარტივი არ არის და მეც ვხვდები რომ ზედმეტი ყურადღებით ვაწუხებ... ერთი მყავს და ქვეყანას მირჩევნია. მისით ვსუნთქავ და ვარსებობ! დედა-შვილური დამოკიდებულება არ გვაქვს, რადგან ძალიან ვმეგობრობთ. ერთად გავდივართ ფონს, ერთად გაგვაქვს ცხოვრება. ნიკუშას ადრიდან აქვს დამოუკიდებლობის შეგრძნება, იცის რომ ერთადერთი მამაკაცია სახლში. ამიტომაც ძალიან მეგობრული დამოკიდებულება და ჩვენი ტრადიციები გვაქვს: კვირაში ერთხელ კინოში და პიცერიაში დავდივართ... თავის საიდუმლოებები ექნება და არც ვთხოვ, ყველაფერი მომიყვეს. პირად ცხოვრებაზე არასოდეს არ ვეკითხები. თუ ჩათვლის საჭიროდ, მეტყვის, მაგრამ დიდად მოლაპარაკე არ არის, ღირსეული ბიჭია...

mshoblebi

- არ გაქვთ სურვილი, კიდევ დაოჯახდეთ, ბევრი შვილი გყავდეთ?

- ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ახლა მარტო ვარ... ქმარი რომ მყოლოდა, კიდევ გავჩენდი შვილებს. დღეს უფრო მეტად საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვდივარ. შინაური და დიასახლისის საქმეებით დედაჩემია დაკავებული. მე შემომტანი ვარ... ამ პირობებში ბევრ შვილებს ვერ შეგპირდებოდით...

სხვათა შორის, ვიძახდი, გოგო მინდა გამიჩნდეს, რომელსაც დედაჩემის მსგავსი ცხვირი ექნება, გურამიკოს თვალის ჭრილი და ასე შემდეგ... მადლობა ღმერთს რომ მართლაც ასეთი გამიჩნდა, უბრალოდ, ბიჭია.

ნიკუშა წყალბურთზე დადის, კარგად სწავლობს, ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს და ამისთვის ხშირად ვჩხუბობთ, მისი კომპიუტერზე ზედმეტად დამოკიდებულებაა... ვიცი, რომ დღეს ეს ყველა ოჯახის პრობლემაა, სადაც ამ ასაკის ბავშვები არიან.

მანანა გაბრიჭიძე

"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები თუ ვაჟს უმამოდ ზრდით - რჩევები მარტოხელა დედებს