''ნურც ციხის ქონგურებზე სირბილს დავუშლით მსურველებს, რადგან მის გარეშეც შეიძლება ქვეყანა "იმნაირებით" გაივსოს"
აკრძალვების თაობა - ასე უწოდა მამა პეტრე კოლხმა თაობას, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს და მიზეზებიც დაასახელა, თუ რატომ ფიქრობს ასე.
"სწორედ მაშინ აშავებ, როდესაც რაღაცას გიკრძალავენ და ბრმად ემორჩილები...
წვიმაში "ვალინკებს" გაცმევდნენ, მაგრამ გუბეებში რომ გაგევლო, ისე გცემდნენ, სიკვდილს ინატრებდი... სამეფო სუფრა გაიშლებოდა, ოღონდ თითს ვერ დააკარებდი, სანამ მიცვალებულები არ "დანაყრდებოდნენ"... მეზობელთან შენი ვიზიტი ვახშამს თუ დაემთხვეოდა, ის აუცილებლად ბევრჯერ მიგიწვევდა სუფრასთან, მაგრამ თავი ისე უნდა წარმოგედგინა, რომ ვახშამი მოთავებული გქონდა. გაღმა სოფელში თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, ორმოცი დღე ტელევიზორს თვალით არ განახებდნენ და ქუჩაშიც მგლოვიარედ უნდა გევლო... არადა, პატარა ასაკში, არსტისტულად დაყენებული "მორდის" ჩვენება ურთულესი იყო მაშინ, როცა უბრალოდ, თითის ჩვენებაზეც ისტერიკულად გეცინებოდა...
კითხვის დასმის უფლებას არასდროს გიტოვებდნენ, სირცხვილია ამდენი ტლიკინიო...
სოფლის თავზე დროისგან გავერანებული ციხე იდგა, უფრო სწორად, ციხის უმნიშვნელო დეტალი, რომელიც მდინარეს საცოდავად გადმოჰყურებდა. ცურვისგან გულგაჯერებული გოგო-ბიჭები შევუყვებოდით ციხის აღმართს და გზადაგზა ვხალისობდით... წინამძღოლად ასაკით უფროსი მიგვყვებოდა, სანდო და საიმედო... ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, მეზობლის, შუახნის კაცმა შეგვნიშნა (რომლის სამივე შვილი ჩვენ გვერდით იყო). გაამათრახა ჩვენი მეთაური, შენზე დიდი წარმოდგენა გვქონდა, ამას არ ველოდით, ეს რა დაგემართა, ციხეზე ცოტა იმნაირები დადიან, აქ ამოსვლა რამ გაფიქრებინაო...
მაშინ არ მესმოდა, ვინ უნდა ყოფილიყო "იმნაირი", ვის გარდაც იქ ასვლა ყველას ეკრძალებოდა... იმ დღიდან, "იმნაირების" ციხეს მხოლოდ შორიდან ვაკვირდებოდი...
ყველაზე ხშირად გვესმოდა "არ შეიძლება", "რას იტყვიან", "უხერხულია"...
სტრესი, შიში, კომპლექსი, ჩაკეტილობა, აბსოლუტური სიბნელე იდგა ჩვენსა და სხვა დანარჩენ სამყაროს შორის...
შედეგს დღეს ყველა ერთად ვიმკით... ეს თაობა ვერასდროს იქნება თავისუფალი, ვერასდროს შექმნის დამოუკიდებელ მომავალს, რადგან აკრძალვებში გაიზარდა.
მომდევნო თაობას მაინც მივცეთ იმის უფლება, წვიმაში "ვალინკებით" გუბეებში ჩახტეს და გვერდით მყოფი დაასველოს... ნურც ციხის ქონგურებზე სირბილს დავუშლით მსურველებს, რადგან მის გარეშეც შეიძლება ქვეყანა "იმნაირებით" გაივსოს“...