"არ დამჭირვებია ასეთი დარიგებების მიცემა ფილმში -უძინართა მზე" ჩემი გმირი რომ შვილს არიგებს
"არ დამჭირვებია ასეთი დარიგებების მიცემა ფილმში -უძინართა მზე" ჩემი გმირი რომ შვილს არიგებს, რადგან ყველაფერი წიგნში წერია. ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა რადიოდან, ტელევიზიიდან და ასე შემდეგ... უამრავი რამით არის შესაძლებელი ბავშვმა კარგი მაგალითი აიღოს და დედა უფრო უღვივებდა მაგ თემას ბავშვებს, ვიდრე მე"... ცოცხალი ლეგენდა -გუჯა ბურდული მამა-შვილობაზე გვესაუბრა...
- როდესაც მამა გავხდი, ეს საოცარი სიხარული იყო! ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ისეთი რამაა... წარმოიდგინეთ ჩნდება პატარა არსება, რომელიც შენ უნდა გაზარდო და ადამიანი გახადო. იმ წუთშივე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. კი ვიცოდი შვილი რომ მეყოლებოდა, მაგრამ ბავშვი რომ დავინახე და ჩავეხუტე, ეს სულ სხვა რამ იყო!
- მკაცრი მამა იყავით თუ მეგობრული?
- არ ვიყავი მკაცრი, მეგობრული ვიყავი, მაგრამ ჩემი სახე ვერ გამოხატავს იმ სიხარულს და სიყვარულს, რაც გულში მქონდა და ბავშვებს ჩემი ეშინოდათ... ბევრი საფრთხე არსებობს ბავშვი ცუდ გზას არ დაადგეს, მაგრამ შვილებს ჩემი ეშინოდათ დ ვერ ბედავდნენ! ცოტა მოხულიგნო კაცი ვიყავი!
- მთელმა საქართველომ ზეპირად იცის სიტყვები, თქვენი გმირი რომ შვილს არიგებს ფილმში - "უძინართა მზე"... თქვენს შვილებსაც ისე არიგებდით?
- არ დამჭირვებია ასეთი დარიგებების მიცემა, რადგან ყველაფერი წიგნში წერია. ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა რადიოდან, ტელევიზიიდან და ასე შემდეგ... უამრავი რამით არის შესაძლებელი ბავშვმა კარგი მაგალითი აიღოს და დედა უფრო უღვივებდა მაგ თემას ბავშვებს, ვიდრე მე...
- ბავშვები ბაღიდან გამოგიყვანიათ სკოლაში ნიშნებს უკონტროლებდით?
{{ArticleSplitCont}}
- რასაკვირველია! ბაღიდან ბავშვების გამოყვანა მე მევალებოდა! მეუღლე მუშაობდა და თან ამდენი ხალხი ვყავდით მოსახედი... ამიტომაც მე მიმყავდა ბაღში და გამომყავდა ბავშვები, უმცროსი ბაკური კი შემდეგ მაკას გადავაბარეთ...
ჩემი გზა ხშირად იყო ფუნიკულიორისკკენ. შემდეგ წყნეთის თავზე გადავდიოდი. ზურგჩანთაში ჩავყრიდი ხილს და მიმყავდა ბავშვები... ავიდოდი ავტობუსით ბოლო გაჩერებაზე წყნეთში, შემდეგ დავუყვებოდით ბუნებაში მე და ბავშვები. უთვალავი ფოტოები გვაქვს გადაღებული წყნეთში და ოქროყანაში. ბოლომდე ჰქონდათ ბავშვებს იქაურობა შესწავლილი. კუნტრუშ-კუნტრუშით ვბრუნდებოდით უკან... ახლაც პატარები სულმოუთქმელად ელიან თუ როდის წავალთ და დიდები მადლობას მეუბნებიან ტყეში სიარულს რომ შეგვაჩვიეო... ასეთი კარგი არაფერი გისწავლებიაო.
- როგორი ბაბუა ხართ?
- აი ბაბუა მაგარი ვარ! შვიდი შვილიშვილი მყავს... მამობა ხომ არის, მაგრამ იყო ბაბუა, ეს კიდევ მთლად სასწაული რამაა! ვგიჟდები პატარები რომ - პაპას ძახებით შემომესევიან ხოლმე...
- თქვენს შვილებს თქვენი ეშინოდათ... შვილიშვილებს?
- შვილიშვილებს არავითარი რიდი არ აქვთ, უყვართ პაპა! იმდენად მეგობრულად არიან, ლამის ძმაკაცებად გამიხდნენ... უფროსი შვილიშვილი -თედიკო დიდია, გერმანიაში ცხოვრობს და უკვე შვილიც ჰყავს. ბავშვს ბებიის, ჩემი მეუღლის სახელი დაარქვეს და ბებია სიხარულით გაგიჟებულია! ცოტა ხნის წინ იყვნენ საქართველოში და საოცარი რამ იყო, როდესაც დიდი ბაბუის ამპლუაში აღმოვჩნდი.
- ოჯახის თავი ქალიაო, რომ ამბობენ ამ გამოთქმას ეთანხმებით?
- აუცილებლად! ქალისგან მოდის სიყვარული, სიყვარულის გავრცელება და ყველაფერი სიკეთე! ჩემმა მეუღლემ გაუზიარა ოჯახსაც და შვილებსაც სიყვარული...
- როგორი უნდა იყოს კარგი მამა?
- კინოებს ვუყურებ, თუ როგორი აღზრდა ჰქონდათ ადრე მშობლებს... ასეთი დახვეწილი აღზრდა ჩვენ ვერ მივიღეთ და ვერც გადავეცით! ბუნებით როგორც ვიზრდებოდით და ვყალიბდებოდით, იგივეს ვასწავლიდით ჩვენს შვილებს! ვუკრძალავდით რაც ასაკრძალი იყო! ზომიერების ფარგლებში გინებაც შეიძლება, ჩხუბიც, ქუჩაშიც უნდა გავიდეს ბიჭი, მაგრამ ერთადერთი ქალის სიმთვრალეს ვერ ვიტან! მთვრალ ქალს ვერ ვუმზერ, ვცდილობ მაშინვე გავეცალო!
ზომიერებაზე კარგი და კეთილშობილური არაფერია და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!
მანანა გაბრიჭიძე