ნოდარ დუმბაძის გმირები მუდამ ემახსოვრება მკითხველს, მათი სცენასა თუ ეკრანზე განმასახიერებლები კი განსაკუთრებულად უყვარს მაყურებელს. "ლეილა ძალიან ლამაზი გოგო იყო. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ"
ნოდარ დუმბაძის გმირები მუდამ ემახსოვრება მკითხველს, მათი სცენასა თუ ეკრანზე განმასახიერებლები კი განსაკუთრებულად უყვარს მაყურებელს. ამჯერად ფილმის, "მე ვხედავ მზეს", გმირის, სოსოიას როლის შემსრულებელ გელა ჭიჭინაძესთან მივდივარ. ის მთაწმინდაზე ცხოვრობს. შინ ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე ვიკა მარგველაშვილი, ქალიშვილი და შვილიშვილი დამხვდნენ. 8 თვის ლუკა ანცობს, ბაბუა კი უყურებს და ცრემლები ერევა. გულჩვილი გამხდარა ბატონი გელა... ქალბატონი ვიკა მეუბნება, მანამდეც ასეთი იყო, თუმცა, რაც ინსულტი გადაიტანა, მეტად ემოციური გახდაო. საუბარი ბავშვობიდან დავიწყეთ...
- დრამწრეზე მე, გია ფერაძე, მურმან ჯინორია, გოგი თოდაძე - ერთად დავდიოდით. მე და გია სამხატვრო სკოლაშიც (ნიკოლაძეში) ერთად ვსწავლობდით. შემდეგ გიამ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა, სადაც დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ზურიას როლს ვთამაშობდი სპექტაკლში "ჯარისკაცის ქვრივი". მაშინ ლანა ღოღობერიძე სოსოიას ეძებდა თავისი ფილმისთვის. სინჯებზე თითქმის მთელი საქართველოდან იყვნენ ჩამოსული. გამიმართლა. მაშიIნ 15 წლის ვიყავი. ქალბატონმა ლანამ ჩემი თავი ფანჯრიდან ნოდარ დუმბაძესაც დაანახა და ხელი ამიწია - მოეწონეო. ძალიან გამიხარდა, როცა როლზე დამამტკიცეს. უკვე ვიცოდი სცენის ფასი...
- ხატიას, ლეილა ყიფიანს, მანამდე იცნობდით?
- არა, გადაღებებზე გავიცანი. ძალიან ლამაზი გოგო იყო. უსაყვარლესი ადამიანია. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ. ლეილას მეუღლე ნუგზარ ბაგრატიონიც ჩემი მეგობარია.
- გადაღებებიდან რას გაიხსენებთ?
- დათიკოს როლის განმასახიერებელი თენგიზ არჩვაძე მიყვარდა განსაკუთრებით. სულ თან დავდევდი, პატარა ბიჭი მისგან ვსწავლობდი კაცობას. თენგიზმა გამზარდა-მეთქი, ვამბობ ხოლმე. მისი მაგალითით ვიქცეოდი ყოველთვის. ბეჟანას როლის შემსრულებელი ზურაბ ლაფერაძე განუმეორებელი ადამიანი იყო, იპოლიტე ხვიჩია სადაც გამოჩნდებოდა, ყველგან მხიარულება სუფევდა. განაგრძეთ კითხვა