"ალბათ ყველა დედა დამეთანხმება, რომ ყველა დღე შვილებისაა..." დღეს გოგო შვილების საერთაშორისო დღე ყოფილა. სიმართლე უნდა ვთქვა, წელს პირველად, ისიც სოციალური ქსელიდან გავიგე ამ დღის არსებობის შესახებ.
ეკა ხოფერიამ დღევანდელი დღე არამხოლოდ შვილების, შვილიშვილების კონტექსტშიც განიხილა და ფოტო შემდეგ მინაწერთან ერთად გამოაქვეყნა:
"გოგო შვილების საერთაშორისო დღე ყოფილა. აი, დედაჩემს რამდენი ქალიშვილი და შვილიშვილი ჰყავს. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ბიჭები გვიმაგრებენ ზურგს! გილოცავთ ამ ცოტა უჩვეულო დღეს და გამოუშვით თქვენი გოგოშვილური ფოტოებიც"
ნინო ნადირაძემ ჩაფიქრებული ქალიშვილის ფოტო გაასაჯაროა და "ჩანაფიქრსაც" მარტივად მიუხვდა:
"დღეს გოგო-შვილების დღე ყოფილა, ხოდა დგას ბაკო ჩაფიქრებული და ფიქრობს, როგორ გამოიყენოს ეს ამბავი სათავისოდ"
ხატია სიჭინავას კი როცა დღევანდელი დღის შესახებ მივწერე, როგორც სამი ქალიშვილის დედას, მითხრა, ყველა დღე შვილების არააო?! თან დაამატა:
- ალბათ ყველა დედა დამეთანხმება, რომ შვილებისაა. დაბადებიდან, ჩვენი ყველა დღე მათია. არ ვიცოდი, თუ ასეთი დღე არსებობდა, თუმცა რაღაც სულელური დღესასწაულების აღნიშვნას, სჯობს, ისევ შვილების დღე აღვნიშნოთ. არ ვიცი, "რა დააშავეს" ბიჭმა შვილებმა, მაგრამ ჩემებს აშკარად გაუმართლათ. ვულოცავ მსოფლიოს ბავშვბს შვილების დღეს.
- ხომ არ აპირებ რაიმე სიურპრიზის გაკეთებას დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? რა გაუხარდებათ ყველაზე მეტად შენს შვილებს?
- ჩემს გოგოებს ყველაფერი უხარიათ. რაც არ უნდა მიზერული სიურპრიზი გავუკეთო, ყოველთვის იხდიან მადლობას. მიჩვეულები არიან მზრუნველობას და პატივისცემას. რადგან არ ვიცოდი, რომ ასეთი ღირსშესანიშნავი დღე იყო, არ მოვმზადებულვარ, თუმცა, საღამომდე დრო მაქვს და მოვიფიქრებ რამეს.
ციცი ომანიძე