”12 წლიდან ოჯახის მარჩენალი გავხდი... ყოველთვის ჩემს მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხან ვინ და ხან ვინ - ყველა, ჩემს გარდა...” ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ტრაგიკული ბედის ულამაზეს ქალბატონს არც ისე ხშირად გაუზიარებია თავისი პირადი ცხოვრების სევდიანი ამბები საზოგადოებისთვის... ეს ამონარიდებია მისი რამდენიმე მივიწყებული ინტერვიუდან.
"5 წლის ვიყავი. დედა მოვიდა და რატომღაც მეზობელთან გამიყვანა. თითქოს იქ დამმალა. საშინელი სიჩუმე იყო. სიწყნარე. უცბად სადარბაზოდან ყვირილი მომესმა, დავიბენი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. გამოვიპარე და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბებია იდგა, სულ შავებში. ტიროდა. დედაც იქ იყო. ბაბუაჩემის სახელს იმეორებდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. შემეშინდა. სიკვდილის შემეშინდა. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე მახსოვს და იცი… მეშინია. საკუთარის არა, მეშინია ვინმეს არ დაემართოს ჩემს გარშემო.
მაშინ საბურთალოზე ვცხოვრობდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდე, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალი გითხრა, არასდროს მომნატრებია ის სახლი. ბებია ავად იყო, დედაც იქ გარდაიცვალა… სამნი ვცხოვრობდით, წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი.
დედა ძალიან მკაცრი იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემს მაგივრად აკეთებდნენ, ხან ვინ და ხან ვინ - ყველა, ჩემს გარდა. ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცე, ეს უნდა ჩაიცვა, სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა.
მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი - უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან - ისევ დედა ან ბებია… 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით."
ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი…
მეე? მე ვცდილობ არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა”, - ასე იხსენებდა მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მსახიობი ,,ცხელ შოკოლოდთან” საუბრისას.
რაც შეეხება მის შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობას, ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში დასმულ კითხვაზე მსახიობს უპასუხნია:
’’ცხრა წელი გავიდა, რაც ალექსანდრეს ბებია გავხდი. ხუთი წელია ამერიკაში ცხოვრობენ. ძალიან მენატრებიან. სკაიპით ველაპარაკები ხოლმე.
ბებიას გეძახით?
- მე მინდა, რომ ბებიკო დამიძახოს... ჩემი შვილიც ლიკას მეძახის, არადა, მირჩევნია, დედიკო, დედა დამიძახოს. ასე უფრო სიახლოვეს განვიცდით, მაგრამ ახლა სახელით მიმართვაა მოდაში - ვითომ მეგობარი ხარ. მეგობრებიც ვართ, მაგრამ... მე დედაჩემს დედას ვეძახდი’’.
მოამზადა რუსკა კილასონიამ