"გადავწყვიტე მომეყოლა ეს ამბავი... თუ როგორ მომიტაცეს..."
"გადავწყვიტე მომეყოლა ეს ამბავი... თუ როგორ მომიტაცეს..."
1 / 3
Next
თამთა აბუსელიძე, 27 წლის, ბათუმი/თბილისი
„ქალის მოტაცება“ - ასე ვიცოდი 9 წლის წინ. მერე ჩავანაცვლე სიტყვებით „თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა“ ჯერ საკუთარ მაგალითზე, მერე უკვე უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე.
იქამდე არ მისწავლია, სოფელში სანამ ვცხოვრობდი მოტაცების ამბები უამრავჯერ მსმენია, ცხადია არასოდეს ჩამითვლია, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, რომ კანონდარღვევა და არალეგიტიმური იყო. სკოლაში მაგაზე არაფერი უსწავლებიათ, არც შესაბამისი ლიტერატურა მქონდა, ძირითადად საბჭოთა წიგნებზე ვიზრდებოდით.
ბათუმში რომ გადმოვედით საცხოვრებლად, არც მაშინ მისწავლია, სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი რა თქმა უნდა მქონდა, მაგრამ
რესურსები არა, არც ინტერნეტი, არც შესაბამისი წყაროები, და მქონდა სკოლაში მიღებული ცოდნა შუშანიკზე, შაჰ აბასზე, h2o-ზე, სინუსებზე და კოსინუსებზე, მსოფლიო მიზიდულობის კანონზე, მაგრამ არასოდეს გვილაპარაკია ადამიანის უფლებებზე, არც გენდერზე და სოციუმში მათ მიმართ არსებულ უამრავ პრობლემაზე, არც „ენჯეო“ ვიცოდი და არც ის საკუთარი უფლებები როგორ შემეძლო დამეცვა. შესაბამისად, არც მეგონა კონსტიტუციის მეორე თავი რომ არსებობდა და სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).
მერე მომიტაცეს და იძულებული ვიყავი გამეგო. 2008 წლის აგვისტოს ორი ომი გადავიტანე, ერთი გლობალური და სახელმწიფოებრივი, მეორე პერსონალური. სწორედ იმ დღეს, როცა გავიგე რომ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ზღვიდან
სახლში მიმავალს ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, შიგნით ერთი ჩემზე შეყვარებული ადამიანი, დანარჩენი ოთხი კი მისი გულშემატკივრები ისხდნენ. რამდენიმე წამში ძალით ჩამტენეს მეც, ერთდროულად მებრძოლიც და მორჩილიც, არავის უკითხავს მინდოდა თუ არა იქ ჩაჯდომა, ან იყო თუ არა ეს ჩემი არჩევანი, არც ჩემი ტირილი, ყვირილი, ცრემლები, თხოვნა თუ მუქარა ადარდებდა ვინმეს, მთაში წამიყვანეს, იქ ვერავინ მომაგნებდა. მახსოვს პირველი ემოცია, რაც დამეუფლა დაბნეულობა და გაურკვევლობა იყო, მერე შემეშინდა, რადგან ძნელი იყო 5 ადამიანზე ძლიერი ვყოფილიყავი. მაინც გავბედე და სანამ დასახლებული პუნქტებიდან გავიდოდით ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეკივლა, მაგრამ ყოველ კივილზე პირზე ხელის აფარებას ვგრძნობდი, მანქანის მინის ჩამსხვრევის მცდელობის შემდეგ ხელების და ფეხების გაკავებას. მაგრამ არც ჩემთან იყო პასუხი, ვერავის გავაგონე ჩემი ხმა, ან ვინ იცის იქნებ არც გაიგონეს. ბოლოს დავიღალე და დავნებდი, უკვე ნახევარი გზა გვქონდა გავლილი, როცა აჭარის ერთ-ერთ რაიონში, შუახევში მივაღწიეთ, ადგილი მეცნო, რადგან სწორედ ამ რაიონშია ჩემი სოფელი, თან საპატრულო პოცილიის მანქანა დავინახე, წამებში მივვარდი ფანჯარასთან და კივილი დავიწყე, მიშველეთ-თქო, მაგრამ წამებშივე მომმვარდნენ და გამაჩუმეს. უკვე მეორედ მოხდა, როცა ჩემს შველაზე გამამხნევებელი პასუხი არავინ გამცა. სამაგიეროდ ვისმენდი მძღოლის არაფრისმომცემ ნუგეშს, რომ მისთვის ეს უკვე მე-14 თუ მე-15 გატაცება იყო და ყველა „ბედნიერებით“ დამთავრდა, რომ თავიდან ყველა კივილით იწყებს და ბოლოს დაოჯახებით ამთავრებს. სწორედ მაშინ დავპირდი საკუთარ თავს, რომ აუცილებლად გამონაკლისი უნდა ვყოფილიყავი.
6 საათამდე ვიყავით გზაში, სანამ მთაში ავიდოდით. მახსოვს მანქანიდან არ გადავდიოდი, ვიცოდი რომ ვერც ამაში მოვიგებდი, რადგან 5 ადამიანის ძალა უფრო ძლიერი იქნებოდა ვიდრე ჩემი, მაგრამ ასე თითქოს მათ ძალადობას ვაპროტესტებდი, ბოლოს მაინც მომიწია ქოხში შესვლა, მაგრამ პროტესტის ნიშნად ამჯერად შიმშილობა გამოვაცხადე. ძილი მოვითხოვე, რა დამაძინებდა, უბრალოდ ცოტა ხნით მარტო დარჩენა მინდოდა, თან ფანჯრებს გისოსები არ ჰქონდა და იმედად მესახებოდა, იქნებ გადავიპარო, გავიქცე, ვინმესთან მივალ ქოხში და დამეხმარონ მეთქი. რადგან გზაში შევამჩნიე რომ რამოდენიმე სახლიდან სინათლე გამოდიოდა და სწორედ ეს ნათელი იყო პატარა ნუგეში ჩემთვის. თან გამტაცებლებს შეატყობინეს, რომ ჩემმა მშობლებმა განცხადება შეიტანეს მათ წინააღმდეგ პოლიციაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. მშობლებმა იცოდნენ იქამდე ჩემი ყოფილი შეყვარებულის მოტაცების მუქარების შესახებ, მათთვის არაფერი დამიმალავს, სწორად ივარაუდეს ჩემი გაუჩინარების მიზეზიც, რომელიც შემდეგ ბიჭის მშობლებმაც დაუდასტურეს. პოლიცია ჩემს მოძებნას არ ჩქარობდა, ჯერ 48 საათი უნდა გასულიყო რომ ძებნა დაეწყოთ. როგორც კი განცხადების შეტანის შესახებ გაიგეს დამემუქრნენ, რომ პოლიციაში მამაჩემს პრობლემები შეექმნებოდა, დაიჭერდნენ, ახლობლები ჰყავდათ იქ. თან ერთი კვირა კიდევ დამტოვებდნენ მთაში. მე კიდევ ამ აბსურდის შემეშინდა და დავიჯერე, ამიტომ იძულებული ვიყავი დამერეკა სახლში და მეთქვა, რომ ჩემი ნებით გავყევი და განცხადება უკან გამოეტანათ. სხვა ვერაფრის თქმა მოვასწარი. ყურმილი რამოდენიმე წამში დაიკიდა. ამიტომაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ უნდა გავქცეულიყავი, რადგან ჩემი დარეკვის შემდეგ შემეშინდა, რომ აღარავინ მომძებნიდა.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 3
Next
31396
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
alexs-ს
1
გეთანხმებით, ასეთი ისტორიები, რომლებიც იბეჭდება, თითქმის სულ გამოგონილია, თუმცა ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს... მთავარი ხომ ამ გამოგონილ ამბავში წამოჭრილი პრობლემის მიმართ საზოგადოების რეაქცია, დამოკიდებულება და შეფასებაა,ასე არ არის?! სინამდვილეში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, ზოგიერთებს ხომ იგივე დამოკიდებულება ექნებოდათ, რაზეც აქ წერდნენ...
17:40 / 20-10-2017
alexs
1
მოგონილი ჩანს ეს ისტორია და ნუ დაჭამთ ერთმანეთს. მოტაცებული წერს რომ 2008 წელს მოიტაცეს და გამტაცებელი 17 წლის იყო, ესე იგი ბიჭი 1991 წელშია დაბადებული. მოტაცებული ამბობს რომ საბჭოთა წიგნებზე იზრდებოდა. საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. რასაც თავის სასკოლო განათლებაზე ეს ქალბატონი ყვება, 1991 წლისთვის მინიმუმ 12 წლის უნდა ყოფილიყო, ანუ დაბადებულია სადღაც 1979 წელს. დავიჯეროთ ახლა რომ 17 წლის ბიჭმა მოიტაცა 29 წლის ქალბატონი და ნახევარი აჭარა ქორწილს იხვეწებოდა? რაღაც არა მგონია
16:40 / 20-10-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?