"5 თვეა, აქ ვარ და სახლიდან ჯერ ფეხი არ გამიდგამს, სხვა ცოლებთან ურთიერთობა არა მაქვს, ენა არ ვიცი" "ისლამურ ხალიფატს" მატერიალური სიკეთის მსურველი ათიათასობით ადამიანი მიაწყდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით ითვლებოდა პანკისის ხეობაში სირიაში მებრძოლზე ქალიშვილის გათხოვება ბედში ჩავარდნად"
"მუდმივად იზოლირება იმდენად აუტანელია, ოღონდ კი პანკისიდან გააღწიონ და, თანახმა არიან, თუნდაც სირიაში წავიდნენ."
დუისის მკვიდრი, 2015 წ. მაისი, გაზეთი "კვირის პალიტრა"
"უკვე ორი წელია, სირიაში პანკისიდან პატარძალი აღარ წასულა, მაგრამ ახლა არაბებს მიჰყვებიან. რა ქნან, სიდუხჭირიდან თავის დასაღწევად სხვა გზას ვერ ნახულობენ. იქ კი, არავინ იცის, რა ელით. ვინ
მიხედავთ, ვინ უპატრონებთ".
მადინა, სოფელი დუისი, 2017 წლის 30 სექტემბერი
უცხო მიწაზე
"არ ვიცი, აქ ჩემს ცხოვრებას რა ჰქვია. რომ ჩამოვედით, ჩემს ქმარს აქ ცოლები დახვდნენ (სხვა ცოლებიც თუ ჰყავდა, არ ვიცოდი). თვითონაც ძალიან შეიცვალა - ბევრი ფული მაქვს, საჭმელ-სასმელი არ მაკლია, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს, თითქოს არც ვარსებობ, მოსამსახურედაც არ ვუნდივარ. რომ ვუთხრა, - სამშობლოში დაბრუნება მინდა-მეთქი, ალბათ დიდი სიამოვნებით გამომაგდებს. მაგრამ მეშინია, - ვაითუ, უარეს დღეში ჩამაგდოს. 5 თვეა, აქ ვარ და სახლიდან ჯერ ფეხი არ გამიდგამს, სხვა ცოლებთან ურთიერთობა არა მაქვს, ენა არ ვიცი."
ჩვენი პატარძლის (ვინაობას შეგნებულად არ ვამხელთ) ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ერთმა საკმაოდ მდიდარმა არაბმა, პანკისში სტუმრობის დროს, თვალი დაადგა მოკრძალებულ მუსლიმ გოგონას და მისი ცოლად შერთვა მოინდომა. ითქვა, საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სასიძო უცოლოაო... გაჭირვებული ოჯახის ქალიშვილი (ასეთი ცოტა არ არის) დათანხმდა და არაბული გულუხვობით გამორჩეული საქორწინო სამზადისიც დაიწყო...
ჩამოვიდა სასიძო მშობლებით და პატარძალი წაიყვანა. ხეობაში ახალგათხოვილი გოგონას ბედს ბევრი მისი თანატოლი შენატროდა...
პანკისელი "კონკიას" ზღაპარი დაახლოებით ორ თვეში არაბეთა გაერთიანებულ საამიროებში დამთავრდა - მას მეუღლის სახლში კიდევ რამდენიმე ცოლი დახვდა და უკეთესი ბედის ძიებაში უცხო მიწაზე გადახვეწილს ერთადერთ ნუგეშად დარჩა შორეულ პანკისში დარჩენილ მეგობრებთან მიმოწერა. ხეობაში ამბობენ, მსგავსი ამბავი კიდევ ბევრიაო და ამ უბედურების მიზეზად გაჭირვებას ასახელებენ.
სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხეობიდან ზარ-ზეიმით წაყვანილი ძვირფასი სამკაულებით და ფულით დასაჩუქრებული პატარძალი ქმრის სამშობლოში აღმოაჩენს, რომ ისევე როგორც მშობლიურ ხეობაში, იქაც არავის სჭირდება... განაგრძეთ კითხვა