"მშობლები ძალიან დიდი მოთმინებით იტანდნენ ჩემს ენერგიულობას, თავნებობას, თავხედობას და ცელქობას..." ქეთევან ქემოკლიძე წარმატებული საოპერო ვარსკვლავია. ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწეობს და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს. ქეთევანი დღეს დედების რუბრიკის სტუმარია და თავად გვიამბობს თუ როგორ უთავსებს წარმატებულ კარიერას და დედობას ერთმანეთს...
- ჩემი შვილი რომ პირველად დავინახე, გავგიჟი და გონება დავკარგეო, ამას ვერ ვიტყვი... რასაკვირველია შემიყვარდა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ისეთია, რომ ჩემი შვილი რაც უფრო იზრდება, ყოველდღე და ყოველ წუთას უფრო და უფრო მიყვარდება. დედობის პროცესი ძალიან საინტერესო ყოფილა!
- ქეთევან დღეს თქვენ მსოფლიოში წარმატებული საოპერო მომღერალი ხართ... გვიამბეთ თავად როგორ იზრდებოდით?
- სახლში ძალიან თავისუფლად ვიზრდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად ცელქი, ჯიუტი და თავნება ბავშვი ვიყავი. ამის გამო ბევრ შენიშვნას ვიღებდი პედაგოგებისგან, განსაკუთრებით პირველ წლებში. დასაწყისში კომერციულ სკოლაში მომიხდა სწავლა და იქ გარკვეული შეზღუდვები არსებობდა, რომელსაც ჩემი ხასიათი ვერ უძლებდა... არასოდეს მექცეოდნენ მკაცრად და მძაბავდნენ დედა და მამა. ძალიან დიდი მოთმინებით იტანდნენ ჩემს ენერგიულობას, თავნებობას, თავხედობას და ცელქობას... დედაჩემი მეუბნებოდა, მე რაც არ უნდა გითხრა, შენ მაინც ისე გადაწყვეტ როგორც გინდაო. იქედან გამომდინარე, ოჯახიდან რომ ამხელა თავისუფლება მქონდა, ძალიან ბევრი რამ თავად აღმოვაჩინე. ეს ძალიან კარგია, როცა ვგრძნობდი რომ არავინ არაფერს არ მაიძულებდა. დღეს დედაჩემი ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარია და პირველად მას ვეუბნები, თუ რამ საიდუმლო მსურს ვინმეს გავანდო. დანაშაულიც რომ მქონოდა ჩადენილი, პირველად დედას, მამას და ჩემს დას ვეუბნებდი, რადგან ვიცოდი ყველაფერს გამიგებდნენ და არასოდეს არ ვიქნებოდი განკიცხული და დასჯილი.
- დედისგან მაგალითი აიღეთ?
- ძალიან რთულია დედაჩემისგან მაგალითი ავიღო... მას ჩემს ასაკში უკვე ორი შვილი ჰყავდა. ქვეყანაში 90-იანი წლები იყო, არ იყო – შუქი, გაზი, წყალი პური და არაფერი. არ მახსოვს ჩვენს სახლში გაჭირვება. ვიცოდი რომ ქვეყანაში ძალიან რთული წლები იყო, მაგრამ ჩემი მშობლები ყველაფერს ახერხებდნენ, რომ სახლში ეს არ გვეგრძნო... ურთულეს წლებში ჩემმა მშობლებმა მოახერხეს ძალიან ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა, რაც გმირობად მიმაჩნია და მათგან მაგალითის აღებას რამდენად შევძლებ, არ ვიცი. შვილებს ხომ არაფერს გვაკლებდნენ და თან იმ ასაკში იყვნენ, თავიანთ მშობლებზეც ჰქონდათ პასუხისმგებლობა. ძალიან ღირსეულად შეძლეს მშობლბზე ზრუნვაც... დედისთვის და მამისთვის ოჯახი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ჩემთვის ნამდვილად მაგალითია! ჩემს პატარა შვილსაც ხშირად ვუმეორებ, რომ მე, შენ და მამა ოჯახი ვართ, მასაც უკვე მკვეთრად აქვს ოჯახის შეგრძნება და ეს ძალიან მახარებს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- როგორ იხსენებთ იმ წუთებს, დედა რომ გახდით?
- ჩემი შვილი რომ პირველად დავინახე, გავგიჟი და გონება დავკარგეო, ამას ვერ ვიტყვი... რასაკვირველია შემიყვარდა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ისეთია, რომ ჩემი შვილი რაც უფრო იზრდება, ყოველდღე და ყოველ წუთას უფრო და უფრო მიყვარდება. დედობის პროცესი ძალიან საინტერესო ყოფილა! ყოველ წუთას უნდა გამოსჭვიოდეს დიდი მოთმინება და დიდი რუდუნება შენი შვილის მიმართ! თავისთავად დაუვიწყარია ის მომენტი, როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა: ეს იყო ახალი ცხოვრება, ახალი მოვლენა, ყველანაირად სიახლე - ფიზიოლოგიურად, ფსქოლოგიურად, სულიერად... ჩემს შვილს ახლა უკვე გაზრდილს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, რა საოცრებაა ეს ადამიანი, საიდან მოხვდა ჩვენს ოჯახში, რატომ არის ასეთი საყვარელი, როგორ იზრდება, როგორ ყალიბდება, გუშინ რომ არ იცოდა, დღეს უკვე აქეთ მიხსნის და ჭკვიანი თვალებით მიყურებს... ეს ყველაფერი სასწაულია, რომელიც მე პირადად ვერ ავხსენი.
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მსოფლიო საოპერო სცენებზე წარმატებულად და აქტიურად მოღვაწეობთ, შვილი ძიძის გარეშე გაზარდეთ...
- დიახ, მე და ჩემმა მეუღლემ როგორღაც მოვახერხეთ ბავშვი ჩვენ გაგვეზარდა. ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, დედა და მამა, ჩემი და... მაინც ძირითადი პასუხისმგებლობა მე და ჩემს მუღლეს გვხვდა წილად და ვზრდით ლუკას დღემდე დამოუკიდებლად. თბილისში ლუკას ბავშვებისგან რომ ესმოდა – ძიძამ წამიყვანა, მომიყვანა, მაბანავაო და ასე შემდეგ, გააპროტესტა, მეც რატომ არ მყავს ძიძაო. დედაჩემმა უთხრა, არ ინერვიულო, მე შენთან ხომ ჩამოვდივარ ხოლმე და მე ვიქნები შენი ძიძაც და დიდედაცო. ასე მარტივად გადაგვიჭრა დედაჩემმა ეს საკითხი... მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ძიძის ინსტიტუტს. ბევრი ქალბატონი ვიცი, რომლებიც საკუთარი შვილებივით ზრდიან ბავშვებს. ჩვენს ოჯახშიც არის ძიძა, ჩემს დას ოთხი შვილი ჰყავს, ზაფხულობით ჩემი შვილიც მათთან ერთად არის დასასვენებლად და ამ ქალბატონს ბევრ ბებიას და დედას შევადარებდი, იმდენად დიდი სითბო აქვს ბავშვების მიმართ... უბრალოდ ჩვენ შევძელით ძიძის გარეშე ბავშვის აღზრდა, თორემ იმის გამო არ გვითქვამს უარი, რომ ბავშვს არ ვანდობდით... ბევრი საქმე და ბევრი პასუხისმგებლობაა ჩვენზე, რაც ყველას, მათ შორის ბავშვსაც უფრო ძლიერს ხდის.…
ლუკა ძალიან საინტერესო ადამიანია. აი წიგნი რომ დაიწრება, ისეთი ცხოვრება აქვს! მშობლებით ქართველი დაიბადა ავსტრიის დედაქალაქში – ვენაში, სამ წლამდე იქ იზრდებოდა და შემდეგ ესპანეთში - კატალონიაში გადავედით. ქართულის და გერმანულის შემდეგ ბავშვის ცხოვრებაში უცებ შეიჭრა ორი ენა – კატალონიური და ესპანური. ლუკა ბავშვური ნიჭიერებით შეეჭიდა და ერთ წელიწადში ორივე ენაზე გავიმარჯვეთ. დღეს ლუკა დედასაც კი უსწორებს რაღაცებს, იმდენად ფლობს... ლუკა იმდენ ქვეყანაში და ქალაქშია ნამყოფი, მამაჩემი ხუმრობდა, აბოსლუტურად საკმარისი ქულები დააგროვა საპილოტო გამოცდა ჩააბაროსო... რომელ ქვეყანაშიც მოხვდება, მყისიერად უნდება იმ ქვეყნის ენა ისწავლოს. ხშირად მეკითხებიან, ბავშვი ქართულად როგორ საუბრობსო... წელს იმერეთში ჩემს მამიდებთან ვიყავი და გაოცებული დარჩნენ, ლუკა იმდენად გამართული ქართულით საუბრობს. საქართველოში უფრო ხშირად ისმის ბარბარიზმები, უცხოეთში კი სუფთა ქართულით ვესაუბრებით - ელვა, თასმა და ასე შემდეგ... წელიწადში სამი-ოთხი თვე ჩამოგვყავს საქართველოში, რადგან გვსურს სამშობლოში დიდი დრო გაატაროს. ძალიან უყვარს თავის ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ულამაზეს ქალაქში - ბარსელონაში იზრდება, საქართველოში სურს ცხოვრება. მასწავლებელთან გვქონდა წლის ბოლოს შეხვედრა და გვითხრა ლუკას წყალობით, აქ ყველა ბავშვი ფიქრობს რომ საქართველო ნამდვილი სამოთხეა და სურთ ამ ქვეყანაში იმოგზაურონო... ლუკა ყოველთვის თან არ მიმყავს, რადგან მსურს თავის ცხოვრებაც ჰქონდეს: თავის სკოლა, მეგობრები... რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტად მიჭირს დატოვება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველ წუთას და წამს რაღაც სიახლეა ჩვენს ურთიერთობაში, რაც კიდევ უფრო მეტად მაყვარებს და მისთვისაც ახლა კიდევ უფრო რთულია უჩემოდ ყოფნა... თავიდან ოდნავაც არ იყო რთული საზრდელი. ჩემთან ერთად იყო ყველგან და რომ მოშივდებოდა, მიირთმევდა და დაიძინებდა. ერთი წელი როგორც ბოშა ქალები არიან, ზუსტად ისე ვიყავი: ბავშვს ძუძუს ვაწოვებდი ქუჩაში, თეატრში და სად აღარ... არ მახსოვს, ღამე გავეღვიძებინე. პირველივე ღამეს სახლში 8 საათი იძინა და ჩემი მეუღლე ექიმთან წავიდა, იმდენად იყო გაოცებბული. ექიმს გაეცინა და უთხრა, არ ინერვიულოთ, მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოსო... მაშინ უფრო ადვილი იყო ყველაფერი და ახლა თანდათან რთულდება: ჩვეულებრივი დიდი ადამიანია უკვე სახლში, რომელსაც შენს გასაჭირს უყვები და სიხარულს უზიარებ. განუყოფელი ნაწილია გულის, სულის, სხეულის...
მანანა გაბრიჭიძე