გია ბუღაძე ოჯახზე გულახდილად გვესაუბრა და მშობლებს მეტად თამამი რჩევებიც მისცა... "ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ევროპაში გასეირნება. ვეუბნები, ამდენს ნუ დარბიხართ-მეთქი და მპასუხობენ, ევროპელებად შენ გაგვზარდე და რას გვერჩიო. პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები არიან, პატრიოტი ქართველები" - ცნობილი მხატვარი გია ბუღაძე ოჯახზე გულახდილად გვესაუბრა და მშობლებს რჩევებიც მისცა.
- ჩემი მშობლები, სამწუხაროდ, ადრე წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან... იმ დროს გარდაიცვალნენ, როდესაც გავაცნობიერე, თუ რა დიდი ბედნიერება იყო მშობლები რომ მყავდა. როცა ისინი ძალიან მჭირდებოდნენ, მაშინ უკვე ჩემს გვერდით აღარ იყვნენ... 18 წლის ვიყავი დედა რომ გარდაიცვალა და 24 წლის მამა რომ დავკარგე... დედა - დალი ჭანტურია ექიმი, რენდგენოლოგი იყო და მამა კბილის ტექნიკი...
რასაკვირველია ძალიან დიდი დაღი დამასვა მშობლების დაკარგვამ. მე და დედას ძალიან აქტიური ურთიერთობა გვქონდა. მას ჩემი ყველაფერი სჯეროდა და თუ რამეს ავიჩემებდი, ბებიას ეუბნებოდა, რადგან გია ამბობს, აუცილებლად უნდა შესრულდესო... დედის გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე ბევრი რამ გავაკეთე... მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, თუ რა ძლიერია მეგრულ ხაზში დედმამიშვილობა. დედა რომ დაიღუპა, დეიდაჩემი – ქეთინო ჭანტურია ძალიან პატარა იყო, მაგრამ აღარ დაოჯახებულა და მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა.
იხილეთ ვიდეო - გია ბუღაძის სახლი და საინტერესო ნივთები
დედა განსაკუთრებით მიყვარდა. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირი ვიყავი: სულ პატარა, ძირითადად, სამი მანქანით ვთამაშობდი, ერთ მანქანას ჩემი სახელი ერქვა, მეორეს მამაჩემის და მესამეს ჩემი ბიძაშვილის. პირველად მამაჩემის სახელობის მანქანა გამომყავდა, მეორედ ჩემი და შემდეგ ბიძაშვილის და ყოველთვის მამაჩემის მანქანას ვამარჯვებინებდი... ხატვა ლაპარაკზე ადრე დავიწყე. მამაჩემის ძმიშვილი - მზია ბუღაძე ხატავდა და ეტყობა ხატვის ნიჭი ბუღაძეებიდან უფრო მაქვს. დედაჩემი ჭანტურია გახლდათ გვარად. ძალიან კარგი ბაბუა მყავდა, რომელიც 1937 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ასე რომ, მე მასთან არანაირი შეხება არ მქონია, გარდა იმისა, რომ მისი სახელი დამარქვეს... გულით გარდაიცვალა, რადგან სულ დაჭერას ელოდა. საკმაოდ კარგი თანამდებობა ეჭირა - თბილისის ტელეფონების ქსელის მთავარი ინჟინერი იყო. მეორე მხარესაც ძალიან კარგი და საყვარელი ბაბუა მყავდა, რომელიც ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. საჩხერის რაიონიდან იყო ჩამოსული – დიმიტრი ბუღაძე, რომელიც ორთქლმავალის მემანქანე გახლდათ. ბებია მყავდა ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ქართლელი ქალბატონი იყო და რომ შეხედავდით შოტლანდიელი გეგონებოდათ. რვა და-ძმანი იყვნენ და ყველა მაღლები, ქერები და ცისფერთვალება... ვეკითხებოდი ბორჯომის რაიონის, სოფელ ახალდაბაში ასეთები როგორ გაჩნდით-მეთქი. ბებიას დიზაინერობის ნიჭი ჰქონდა და ძალიან ამაყობდა იმით, რომ ფილმში "გიორგი სააკაძე" მისი შეკერილი იყო მეფე ლუარსაბის და დედოფლის კაბა.
- ცხოვრება გრძელდება... დაქორწინდით, შვილები შეგეძინათ, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა...
- 21 წლისაც კი არ ვიყავი, როდესაც ლაშა დაიბადა და ჩვენ ფაქტიურად, ერთად ვიზრდებოდით. რა მუსიკასაც ვისმენდი, იგივეს ისმენდა და რასაც ვკითხულობდი, იგივეს კითხულობდა. მოცარტს ვუსმენდი თუ ვაგნერს, ლაშა მხრებზე მაჯდა და იმდენად კარგი ბავშვი იყო, არ ხმაურობდა... როდესაც სამშობიაროდან გამოვიყვანეთ, პირველად ჩემს ოთახში შემოვარდი, მოცარტის მუსიკა ჩავრთე და ბავშვი მერე შემოვიყვანე... მე 21 წლის ვიყავი, მეუღლე 18 წლის და ყველა მეგობრულად ვიყავით ერთმანეთთან. მე და ლაშა დღემდე ისე ვართ ერთმანეთთან, რაც მეგობრობაზე მეტია. ურთიერთგაგებაზეა ორიენტირებული ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფერში ერთმანეთს არც დავეთანხმოთ... აუცილებელია შვილისთვის სწორი განმარტებების მიცემა და არა დარიგება. განმარტება ბავშვის ინტელექტუალური მზაობის შესაბამისად!
- შემდეგ გოგოს მამაც გახდით...
- ყველაზე დიდი ბედნიერება გოგოს მამობაა! ნინო რომ დაიბადა, უკვე 32 წლის ვიყავი და გამოცდილებაც დიდი მქონდა. ბიჭთან შეიძლება ოდნავ უხეშიც იყო, მაგრამ გოგოსთან ვერაფრით იქნები! მასაც ვასმენინებდი კლასიკურ მუსიკას, მხატვრობას ვაცნობდი, მაგრამ ეტყობა სხვანაირი ადამიანია... მოცარტის, ვაგნერის, ფილოსოფოსების, მიქელანჯელოს შესახებ ამდენს ვლაპარაკობდით და ის უცებ ფეხბურთმა გაიტაცა... ძალიან მოინდომა განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ვერ გათვალა მე რომ ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი და სტადიონზე მარტოც კი დავდიოდი. როდესაც ფეხბურთზე ლაპარაკი დაიწყო, ძალიან გაუკვირდა, მე რომ რაღაცებში ვერკვეოდი. ძალიან არის გატაცებული მადრიდის რეალით... დღეს დიდი გოგოა და საკმაოდ კარგი სპეციალისტია თავის საქმის. არქიტექტორია, კულტურული მემკვიდრეობის ურბანული განვითარების კუთხით მუშაობს... ლაშას და ნინოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. სხვადასხვა დედის შვილები არიან და რაღაცეებში სხვაობა არის, მაგრამ ურთიერთპატივისცემა აქვთ და ეს ძალიან მომწონს. ორივეს არანორმალურად დიდი იუმორი აქვთ და ერთმანეთს რომ ხვდებიან, სულ სიცილ-ხარხარია, თერთმეთწლიანი განსხვავებაც აღარ იგრძნობა მათ შორის... ევროპა და გასეირნება ორივეს ძალიან უყვართ. ვეუბნები ამდენს ნუ დარბიხართ-მეთქი და მპასუხობენ, ევროპელებად შენ გაგვზარდე და რას გვერჩიო. პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები არიან პატრიოტი ქართველები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნინო დედის მხრიდან ამბროსი ხელაიას შთამომავალია! მის გენში გიორგი მერჩულეს სისხლიც კი არის!
- რას ურჩევდით ახალგაზრდა მშობლებს, შვილებთან მეგობრულად იყვნენ?
- ყოველთვის იყვნენ არგუმენტირებულები... ძალიან გონებაგახსნილი ბავშვები არიან დღეს და სხვანაირად ვერ დაელაპარაკებიან. ბავშვმა შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოს! ძალიან ხშირად მეკითხებიან, ბავშვი რომ ასე რთულ შეკითხვას დასვამს, საიდან გავჩნდი, რა უნდა ვუთხრათო... სულ ვამბობ რომ არ მოატყუონ და უთხრან, წერომ მოიყვანა...
- თავად ამბობთ რომ ბავშვი არ მოატყუონ...
- ბავშვს რომ ეუბნები წერომ მოგიყვანაო, შენ არ ატყუებ, უბრალოდ ხატსახეებით ეუბნები იმას, რასაც შემდეგ მაინც გაიგებს! ბავშვი ხატსახეებით აზროვნებს... წეროს გრძელი ცხვირი აქვს და ბუხრის ყელში ჩაუშვა ბავშვი, ეს ბუხრის ყელი უკვე ქალის საშოა.. შემდეგ ბუხარში გამოცხვა ბავშვი და იქედან გამოგყავს... ასე რომ ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ მოიყვანა წერომ და ეს ტყუილი არ არის! ბავშვი აზროვნებს წარმოსახვებით, სიმბოლოებით და უფროსები მცნებებით! ბავშვს აბა პირდაპირ ხომ ვერ ვეტყვით, ხატოვნად უნდა ვუთხრათ... ძალიან მომწონს ქართული ზღაპრები! კაცობრიობის ბავშვობის აზროვნების გამოხატულებაა. ქართულ ზღარებში არაჩვეულებრივი სიმბოლოებია
- კომბლეც მოგწონთ?
- გენიალური ზღაპარია! ფილოსოფიური აზროვნების ზღაპარია ნაცარქექია, ფაქტიურად ჰომეროსი - ილიადა... კომბლეში ძალიან ღრმა აზრებია ჩადებული და ამას უნდა ჩავუღმავდეთ! ისე კი არ უნდა შევხედოთ, ჩვენ რომ გამოშტერებული მინისტრი გვყავდა!
იხილეთ ვიდეო - გია ბუღაძის სახლი და საინტერესო ნივთები
მანანა გაბრიჭიძე