"რისთვის უნდა გამაყოლონ ორგანოები, რაში დამჭირდება?! ჩემი თვალით და გულით თუ სხვა ადამიანი იცოცხლებს, ამაზე უკუკეთესი რა უნდა იყოს?!" თსუ-ს პროფესორი, ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე გარდაცვალების შემდეგ საკუთარ ორგანოებს ადამიანების გადასარჩენად ტოვებს. "შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - შენი თვალი დედამიწაზე კიდევ მრავალი წელი ნახავს მზის ამოსვლას?" - ამბობს იგი ამ თემისადმი მიძღვნილ ვიდეოში, რომელიც საზოგადოებრივი არხის მიერ არის დამზადებული... როგორც აღმოჩნდა, საქართველოში გვამური ტრანსპლანტაციის 146 ნებაყოფლობითი დონორია დარეგისტრირებული საქართველოში…
ამ საკითხზე და ასევე, თუ როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში რეპროდუქციულ სფეროში თავად ბატონი არსენი გვესაუბრა...
- ორგანოთა ნებაყოფლობითი დონორი 2010 წელს გავხდი. ჩემამდე დარეგისტრირებული იყო 121 ადამიანი და 122-ე ნომრად მე დავრეგისტრირდი... მახსოვს, ასოციაციის პროფესორმა – გია თომაძემ მითხრა, რომ 121-ე ნომრად საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირდაო... სხვა არ ვიცი, კიდევ ვინ არის ცნობილი პირებიდან ამ სიაში. ახლახან ჩემმა შვილმა და მისმა მეგობარმა მითხრეს, რომ მათაც სურთ გახდნენ დონორები და თავად დავაკავშირე ასოციაციის პრეზიდენტს... საზღვარგარეთ უკვე დიდი ხანია დონაცია არსებობს და ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და სასიამოვნო ქმედებაა! ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, ეს გადაწყვეტილება მიმეღო და ვერც წარმომიდგენია, ვინმესთვის რთული გადასაწყვეტი იყოს. როცა მოვკვდები, რა მნიშვნელობა აქვს, ორგანოები მექნება თუ არა?! სამაგიეროდ ვიღაცა გამოიყენებს და რა პრობლემაა, მიწაში მექნება თუ არა თმა და თვალი?! საერთოდ, მე კრემაციის მომხრე ვარ, მაგრამ თუ იმ პერიოდში კრემაცია არ იქნება, რისთვის უნდა გამაყოლონ ორგანოები, რაში დამჭირდება?! ჩემი თვალით და გულით თუ სხვა ადამიანი იცოცხლებს, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! ეს დიდი სიამოვნება და პატივია ჩემთვის და რა გითხრათ, აბა - გიჟი თავისუფალიაო, ხომ გაგიგიათ... როდესაც ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მასაც სურდა დონორობა, გამიხარდა და – ყოჩაღ-მეთქი, შევაქე! რასაკვირველია, ძალიან მოვუწონე ეს ნაბიჯი შვილსაც და მის მეგობარსაც! სხვებს მე ვერ მოვუწოდებ, რადგან თავად სიტყვა – მოწოდების - მომხრე არ ვარ! მე ვამბობ რას და რატომ ვაკეთებ და სხვას არ მესმის როგორ უნდა ვუთხრა, მოდით თქვენც გახდით ორგანოთა დონორები-მეთქი... ყველას თავისი ხედვა აქვს და თავისებურად უყურებს ცხოვრებას, მათ შორის ბედნიერებასაც და უბედურებასაც... ადამიანი ტანჯვისთვისაა გაჩენილიო ერთი მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ და ვუპასუხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ გახლავართ ტანჯვისთვის გაჩენილი, ამქვეყნად ვარ შრომისთვის და თავაწყვეტილი გართობისთვის და სიამოვნებისთვის-მეთქი...
- საქართველოში რომ ადრე ყოფილიყო დონაცია, ალბათ ბევრი ადამიანი გადარჩებოდა...
- ასე ადვილადაც ვერ ვიტყვით. მხოლოდ ის ხომ არ არის საკმარისი, მე რომ ორგანოს ვაძლევ? - ტექნოლოგია უნდა იყოს სათანადოდ განვითარებული, რომ გადაუნერგონ, გამოიყენონ და ასე შემდეგ... მედიცინის მაღალი განვითარება სჭირდება, მანქანა არ არის, ნაწილი მისცე, ჩადგას და ატაროს... სხვა ქვეყნებში უფრო მეტად არის განვითარებული და ჩვენთანაც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ყოველ შემთხვევაში მე მზად ვარ და ხელი მაქვს ოფიციალურად მოწერილი, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ორგანოები უსასყიდლოდ გამოიყენონ.
- ეკლესიის აზრი არ გაინტერესებდათ, ამ გადაწყვეტილებას რომ იღებდით?
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- არ ვიცი, ეკლესია ეწინააღმდეგება თუ არა, მე არ მიკითხავს. არც ვაპირებ ვიკითხო... ყურს საიდანაც უნდა, იქიდან აბამენ ადამიანები ყველაფერს. თუ ვინმეს ანაფორა აცვია, სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ჩემზე და თქვენზე განათლებულია, ან პირიქით. მე რა დოგმებით ვცხოვრობ, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ვიღაცები ამბობენ, რომ სუროგაცია დასაშვებია და ვიღაცები - არა... მე ეკლესიის მსახური არ ვარ და ვალდებული არ ვარ, მათი წესები შევასრულო. ან ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი მაჩვენეთ, რომელიც ყველა მცნებას ზედმიწევნით ასრულებს! ქორს აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას უცდიდაო, ეს შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ, მსურდა ამის გაკეთება, მაგრამ ამან და ამან უფლება არ მომცაო... არ არსებობს ქმედება, რომელიც ყველა ადამიანს მოსწონდეს! თუ ადამიანს უნდა ბედნიერება იგრძნოს და კომფორტში იცხოვროს, მან უნდა იცოდეს, რა უნდა და როგორ იაროს ამ მიზნის აღსასრულებლად!
- თქვენი პროფესიის მიხედვით რომ გვითხრათ, როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში რეპროდუქციის თვალსაზრისით და რა არის აუცილებელი, ქალბატონებმა რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნონ?
- პროფილაქტიკური გასინჯვების კულტურის არქონა საქართველოში ისევ უმთავრეს პრობლემად რჩება. როცა არაფერი გაწუხებს და ექიმთან არ მიდიხარ... მე რადგან კიბო მაქვს გადატანილი, ძირითადად კიბოზე ვაკეთებ აქცენტს, რადგან სიცოხლის გახანგძლივებისთვის არის აუცილებელი. არსებობს კიდევ მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც სიცოცხლის ხარისხისთვის არის მნიშვნელოვანი... ქალმა წელიწადში ერთხელ უნდა გამოიკვლიოს საშვილოსნოს ყელი და ძუძუ, ჩაიტაროს ვაგინალური ექოსკოპია! ამით შეუძლია თავიდან აიცილოს ონკოლოგიური დაავადების გარკვეული პრობლემები. დასაწყისში ყველა დაავადება ძალიან მარტივად განსაკურნებელია! ძუძუს კიბოს შემთხვევაში გაიკეთებს ოპერაციას ადამიანი და პრობლემა აღარ იქნება... ასევეა მამაკაცებში პროსტატის და მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში. სადაც კი საშუალება მეძლევა, ყველგან ვახსენებ, რომ ადამიანმა უნდა შეიგნოს პროფილაქტიკური გასინჯვების აუცილებლობა! სულ ოდნავ ძვრები არის, დღესაც იყო ჩემთან ქალბატონი და გოგონაც ახლდა პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე... ჩვენი ერის დიდი პრობლემაა სქესობრივი განათლების არცოდნა - ნულია განათლება! ამას მოჰყვება უამრავი პრობლემა. ამერიკაში 10 დაქორწინებულიდან 9 ოჯახი სქესობრივი შეუთავსებლობის გამო ინგრევა. როცა ეს ამერიკაში ხდება, ჩვენს ქვეყანაში რა იქნება, ადვილი მისახვედრია. მოდიან ახალგაზრდა წყვილები და ოდნავი განათლებაც კი არ გააჩნიათ. ამ თემას ზოგიერთი ასეთი მარტივი ლოგიკით უყურებს, ბებიაჩემის ბაბუა ისედაც აკეთებდა ბავშვებს, რაში სჭირდება ამას რეპროდუქციული განათლებაო...
მანანა გაბრიჭიძე