"აივნიდან, 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვვარდი და, მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ..." - ნინუცა დარბაიძე "აივნიდან, 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვვარდი და, მადლობა ღმერთს, ცოცხალი ვარ, რა მაქვს საწუწუნო, ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ გავივლი და გავხდები ისეთი, როგორიც ვიყავი. მთელი გულით გთხოვთ, არ დამთრგუნოთ, არ მაგრძნობინოთ, რომ რამით განვსხვავდები თქვენგან, რომ ბევრ რაღაცაში შეზღუდული ვარ, რომ კიდურები არ მემორჩილება, გთხოვთ, ამას ნუ მაგრძნობინებთ, ეს მე ისედაც ვიცი. მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ნერვები დროებით ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას... მალე აღდგება და მეც ვიხტუნავებ. ფაკულტეტი ფსიქოლოგიური ავირჩიე, რადგან მინდა ძლიერი ფსიქიკა მქონდეს, რომ ჩემმა მდგომარეობამ არ მაჯობოს და არ გამაგიჟოს..." - წლების წინ ნინუცა დარბაიძის ამ გულღია წერილმა სოციალური ქსელი ააფეთქა... თუ როგორია ნინი დარბაიძის დღევანდელობა, ამის შესახებ იგი თავად გვესაუბრება...
- ცხოვრება ბრძოლაა, მიზნისკენ სწრაფვა, განვითარება... რომ დავფიქრდეთ, სხვა გზა არც მაქვს! თუ მინდა, რომ რამეს მივაღწიო, ან ძლიერი უნდა ვიყო, ან უბრალოდ დავნებდე და ვიწვე, მომიარონ და გავხდე მცენარე, რომელიც სილამაზისთვის უდევთ სახლში. ამას უკვე თავად ირჩევ გინდა იყო მცენარე თუ ადამიანი... ეს დრო უკან არ დამიბრუნდება და ამიტომ სისულელე იქნება მე თუ იმას დაველოდები, როდის გავივლი! ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო აქ და ახლა. ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე როდის ვისწავლი სიარულს, რომც ვიფიქრო, ამით ვერაფერს შევცვლი! ვარჯიში მჭირდება, რომ დავდგე და ამას ისედაც ვაკეთებ პარალელურად...
- მუდამ პოზიტიური ხართ, ძალიან კარგი გარეგნობის და თაყვანისმცემლებიც მრავლად გყავთ...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, კონკრეტულ ერთ ჭრილში ამის განხილვა არ შემიძლია! ვერ ვიტყვი, რომ მომწონს ბევრი თაყვანისმცემელი, ან არ მომწონს. ყველა განსხვავებულია, ზოგი ძალიან მთრგუნავს, ზოგი პირიქით - ძალას მაძლევს. გარკვეულ ეტაპზე მე მათ თვალებში სიბრალულს ვხედავ ჩემს მიმართ. ვფიქრობ, ასეთ დროს ჯობს ხოლმე, რომ სასწრაფოდ გავეცალო. მაინცდამაინც ისეთებიც არ მხიბლავს, რომლებიც დაზეპირებული ტექსტებით, ცდილობენ ჩემს მოხიბლვას, არც ისეთები რომლებიც ცხოვრების არსზე მესაუბრებიან და თავად ძალიან უბედურები არიან. უბრალო ადამიანებთან მომწონს ურთიერთობა, რომლებიც თავიანთი გონებიდან აზროვნებენ და არა შაბლონური აზროვნებით. მარტივად რომ ვთქვათ, შაბლონი ეს ხომ არის მზა ნიმუში რომელსაც ვბაძავთ, არ არის საინტერესო ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობ მათი ნებისმიერი ქცევის წინასწარ განჭვრეტაა შესაძლებელი. არ გააჩნიათ ინდივიდუალურობა და რაღაც სტანდარტებით ცხოვრობენ. თვითეული ასეთი ადამიანი თვითონაც ვერ ვითარდება და მეც განვითარებაში ხელს შემიშლის. ძალიან კრიტიკულად არ ვუყურებ, ვცდილობ ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა დავიჭირო ყველასთან, სასიყვარულო ურთიერთობებს არ ვაბამ. ეს კიდევ ცალკე თემაა! რატომღაც ჩემს გარშემო რასაც სიყვარულს ეძახიან, ცოტა არ ვეთანხმები! თითქოს სიყვარულის შემადგენელ ნაწილად იქცა: ჩხუბი, გამუდმებით ეჭვიანობა, კონტროლი, მობილურში კივილი და ა.შ... ზოგადად თვითონ ადამიანები ვამძიმებთ ყველაფერს (განსაკუთრებით ურთიერთობებს), ძალიან დრამატულები ვართ. რაღაც სხვა ინტერპრეტაციაა საჭირო და ეს არის მხოლოდ ნდობა, გაგება და გვერდში დგომა. სამყარო ძალიან კარგი ადგილია და არ ღირს აქ ჩხუბი და მუდმივი დაძაბულობა. ბევრად უფრო საინტერესო რაღაცეების კეთება შეიძლება აქ!
მანანა გაბრიჭიძე