"ბავშვებს პედაგოგებისგან ყურადღება აკლიათ, მშობლები კიდევ, თქვენი ჭირიმე, ყველა საზღვარგარეთაა წასული, პური რომ მოიპოვონ!" „ამ ბავშვებმა ერთმანეთი რომ დახოცეს, ამას ჩვენი გარემო სთავაზობთ! არ არის ბუნებრივი გარემო და მათი ფსიქიკა იშლება!“... ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას რეჟისორი გიორგი შენგელაია... ცნობილმა ხელოვანებმა - გიორგი შენგელაიამ, გუჯა ბურდულმა და მიშა კობახიძემ თავიანთი გულისტკივილი გაგვიზიარეს...
გუჯა ბურდული:
- უმძიმესი ამბავია, ორი ბავშვი დაიღუპა! რა ვთქვა აღარც ვიცი! წინათ ყველაფერი რიგზე იყო და ასეთები არ ხდებოდა... არ უნდა იყოს ტელევიზიით წამდაუწუმ ამდენი უხარისხო ფილმები, სულ მკვლელობები, სექსი და რა ვიცი, რა აღარ... თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ იქიდან კი არ მოდის, რომ ბავშვებს ერთმანეთის ჯინი ჰქონდათ, სიყვარულის გამო იჩხუბესო და ეს კიდევ უარესია! გოგოსთვის ყველას გვიჩხუბია, მაგრამ ასე ერთმანეთის გამეტება ვის მოუვიდოდა აზრად?! უფალმა თქვა სიყვარული თავად მე ვარ და გიყვარდეთ ერთმანეთიო. ჩვენ თუ უფალს ვერ გავუგებთ, აბა, ვის უნდა გავუგოთ?! ყველაფერი უეკლესიობიდან მოდის, რაც ხდება! რატომ ხდება ყველაფერი ამ სკოლაში, კაცო?! პირველი შემთხვევა არ არის, იქ რომ ჩხუბი და გარჩევებია. მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და მართლმადიდებლური სწავლებაც უნდა იყოს! 45 წუთში პედაგოგებმა ბავშვებს როგორ ვერ უნდა ასწავლონ, რაც უმთავრესია?! ბავშვებს პედაგოგებისგან ყურადღება აკლიათ, მშობლები კიდევ, თქვენი ჭირიმე, ყველა საზღვარგარეთაა წასული, პური რომ მოიპოვონ! სოფლებში ფულის ნასახი არ არსებობს და სულ აქ ჩამოვიდა ხალხი, ქალაქელი აქ თვითონაც ვერაფერს ხვდება და არის სრული ქაოსი! ბავშვს სწავლა რომც უნდოდეს, სხვები უკვე ხელს უშლიან! რა დროს კომბლეზე ლაპარაკი იყო და ნაცარქექიობა?.. ყველაფერი ზემოდან მოდის და მთავრობის წევრებმა უნდა იფიქრონ, რა სჭირდებათ ჩვენს ბავშვებს! ღმერთი ფარავდეს ჩვენს მომავალ თაობას!
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
გიორგი შენგელაია:
- ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, განადგურებული ვარ! კონფუცი მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ფილოსოფოსი იყო და როცა მას მოწაფეებმა ჰკითხეს, რა ჯობია, როცა იმპერატორი ქვეყანას მარტო მართავს, თავის მრჩევლებთან ერთად მართავს, თუ ხალხთან ერთადო... კონფუცი პასუხობს, მდიდარი სახელმწიფო კარგი სახელმწიფოა და ღარიბი სახელმწიფო არ ვარგაო... ჩვენ გვახსოვს ასეთი ჩავარდნები ედუარდ შევარდნაძის და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროსაც. ტელევიზორს რომ ჩავრთავდით, სულ მკვლელობებზე გადმოსცემდნენ. ბავშვები ახლა სწავლაზე კი არა, იმაზე ფიქრობენ, მათ მშობლებს რომ უკიდურესად უჭირთ... მე რომ მკითხოთ, დღეს სასირცხვილოდ ღარიბებები ვართ! ბავშვებიც ამიტომ არიან ასეთი აგრესიულები! ყოველდღე უმძიმეს სურათს ხედავენ და მათი შინაგანი განწყობაც შესაბამისია... ქართველი ადამიანი ბუნებით არ არის მკვლელი. ჩვენში ოდითგან ღრმად არის შემოსული ქრისტიანობა! თუმცა მოზღვავება მასიური კულტურის, აიფონები და რობოტული ცხოვრება ძალიან უარყოფითად მოქმედებს! გვაშინებენ, ვირტუალური ცხოვრება მოვაო და უკვე ასე ვცხოვრობთ კარგა ხანია! მე პირადად ჩემი ბუნებით ვერც აიფონი მივიღე და ვერც ინტერნეტზე დამოკიდებულება... ამ ბავშვებმა ერთმანეთი რომ დახოცეს, ამას ჩვენი გარემო ვთავაზობთ! არ არის ბუნებრივი გარემო და მათი ფსიქიკა იშლება! სოფელ დიღომში ვცხოვრობ, მაღალი კლასის მოწაფეებს ჩემთან დავუძახე და ვთხოვე ეჩვენებინათ ქართული სახელმძღვანელო, თუ რას სწავლობდნენ. სახტად დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ ნახევარზე მეტი უცხოურიდან გადმოთარგმნილი ლიტერატურა იყო... შემდეგ ბავშვებს გაკვეთილები ჩავუტარე. ვაჟა-ფშაველას მოთხრობები ავიღე და უნდა გენახათ, როგორ კარგად მიიღეს. ყველაფერი ძალიან კარგად გაითავისეს, რადგან ვაჟას ენა ყველასთვის გასაგები და მისაღებია! აბსოლუტურ მკრეხელობას სჩადიოდა განათლების მინისტრი ზღპრების დაცინვით. დიახ, მკრეხელობაა, როდესაც შენი ქვეყნის ფოლკლორის წინააღმდეგ გამოხვალ! ფოლკლორი საუკუნეების განმავლობაში იქმნება, რჩება და გადადის!
მე ზემოთ სიდუხჭირე ვახსენე, მაგრამ გაჭირვება ჩვენს ბავშვობაშიც ძალიან დიდი იყო! მახსოვს დედაჩემს იმდენი შავი პური მოჰქონდა გამოზოგილად, რამდენიც ოჯახში ვიყავით. მაშინ სხვა ცხოვრება იყო! ომი იყო, ერთი მოწინააღმდეგე გვყავდა და ყველა მას ვებრძოდით. ხალხში კი ერთმანეთის გატანა და ძალიან დიდი სიყვარული იყო! მე პირადად ის სკოლა დავამთავრე, რომელიც დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და სხვებმა... იმ სკოლაში მსგავსი რამ არ მახსენდება. ბავშვს სკოლაში დანა ეტარებინა და უბრალო შელაპარაკებაზე სადისტური ჭრილობები მიეყენებინა თანატოლებისთვის... ჩხუბი კი იყო რამდენიც გინდა. სულ თავ-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს, მაგრამ სასიკვდილოდ გამეტება წარმოუდგენელი იყო! ჩვენი კომერციული ტელევიზიები იძახიან მოგებაზე ვმუშაობთო და კიდევაც ვუთხარი მოგებაზე კი არა ჩვენი მომავალი თაობის წაგებაზე მუშაობთ-მეთქი... აი, აგერ ამის მაგალითი! ბავშვებს ეტყობა ტელევიზით უხვად აქვთ ნანახი უხარისხო და საშინელებათა ფილმები, ნაადრევი სექსები და აქედან იბადება შემდეგ აგრესია, დანა და მკვლელობები...
მიშა კობახიძე:
- უხარისხო ფილმები ნამდვილად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას! ადრეც იყო აგრესია და საშინელებებიც ხდებოდა, მაგრამ ინფორმაცია არ გვქონდა... თუმცა აგრესია ახლა ძალიან გაზრდილია მოზარდებში. ეს ყველაფერი ნაკლებმა რწმენამ გამოიწვია. არც განათლების სისტემაა მოსაწონი, მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს?! ვინ გაითვალისწინებს, რა მოგვწონს და რა არა?! ბევრს ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს, მოზარდებში რომ აგრესიამ იკლოს, მაგრამ ამის პასუხი ძალიან რთულია! მზა რეცეპტი არ არსებობს, შეასრულო და აგრესიამ იკლოს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები უნდა დასხდნენ და ერთად იმუშაონ, თორემ უკვე საგანგაშო ვითარებაა ამ მხრივ!
მანანა გაბრიჭიძე