"არ უნდა იყოს ტელევიზიით წამდაუწუმ ამდენი უხარისხო რამ, სულ მკვლელობები, სექსი" - ცნობილები თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან
Prev
2 / 2


გიორგი შენგელაია:
- ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, განადგურებული ვარ! კონფუცი მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ფილოსოფოსი იყო და როცა მას მოწაფეებმა ჰკითხეს, რა ჯობია, როცა იმპერატორი ქვეყანას მარტო მართავს, თავის მრჩევლებთან ერთად მართავს, თუ ხალხთან ერთადო... კონფუცი პასუხობს, მდიდარი სახელმწიფო კარგი სახელმწიფოა და ღარიბი სახელმწიფო არ ვარგაო... ჩვენ გვახსოვს ასეთი ჩავარდნები ედუარდ შევარდნაძის და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროსაც. ტელევიზორს რომ ჩავრთავდით, სულ მკვლელობებზე გადმოსცემდნენ. ბავშვები ახლა სწავლაზე კი არა, იმაზე ფიქრობენ, მათ მშობლებს რომ უკიდურესად უჭირთ... მე რომ მკითხოთ, დღეს სასირცხვილოდ ღარიბებები ვართ! ბავშვებიც ამიტომ არიან ასეთი აგრესიულები! ყოველდღე უმძიმეს სურათს ხედავენ და მათი შინაგანი განწყობაც შესაბამისია... ქართველი ადამიანი ბუნებით არ არის მკვლელი. ჩვენში ოდითგან ღრმად არის შემოსული ქრისტიანობა! თუმცა მოზღვავება მასიური კულტურის, აიფონები და რობოტული ცხოვრება ძალიან უარყოფითად მოქმედებს! გვაშინებენ, ვირტუალური ცხოვრება მოვაო და უკვე ასე ვცხოვრობთ კარგა ხანია! მე პირადად ჩემი ბუნებით ვერც აიფონი მივიღე და ვერც ინტერნეტზე დამოკიდებულება... ამ ბავშვებმა ერთმანეთი რომ დახოცეს, ამას ჩვენი გარემო ვთავაზობთ! არ არის ბუნებრივი გარემო და მათი ფსიქიკა იშლება! სოფელ დიღომში ვცხოვრობ, მაღალი კლასის მოწაფეებს ჩემთან დავუძახე და ვთხოვე ეჩვენებინათ ქართული სახელმძღვანელო, თუ რას სწავლობდნენ. სახტად დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ ნახევარზე მეტი უცხოურიდან გადმოთარგმნილი ლიტერატურა იყო... შემდეგ ბავშვებს გაკვეთილები ჩავუტარე. ვაჟა-ფშაველას მოთხრობები ავიღე და უნდა გენახათ, როგორ კარგად მიიღეს. ყველაფერი ძალიან კარგად გაითავისეს, რადგან ვაჟას ენა ყველასთვის გასაგები და მისაღებია! აბსოლუტურ მკრეხელობას სჩადიოდა განათლების მინისტრი ზღპრების დაცინვით. დიახ, მკრეხელობაა, როდესაც შენი ქვეყნის ფოლკლორის წინააღმდეგ გამოხვალ! ფოლკლორი საუკუნეების განმავლობაში იქმნება, რჩება და გადადის!
მე ზემოთ სიდუხჭირე ვახსენე, მაგრამ გაჭირვება ჩვენს ბავშვობაშიც ძალიან დიდი იყო! მახსოვს დედაჩემს იმდენი შავი პური მოჰქონდა გამოზოგილად, რამდენიც ოჯახში ვიყავით. მაშინ სხვა ცხოვრება იყო! ომი იყო, ერთი მოწინააღმდეგე გვყავდა და ყველა მას ვებრძოდით. ხალხში კი ერთმანეთის გატანა და ძალიან დიდი სიყვარული იყო! მე პირადად ის სკოლა დავამთავრე, რომელიც დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და სხვებმა... იმ სკოლაში მსგავსი რამ არ მახსენდება. ბავშვს სკოლაში დანა ეტარებინა და უბრალო შელაპარაკებაზე სადისტური ჭრილობები მიეყენებინა თანატოლებისთვის... ჩხუბი კი იყო რამდენიც გინდა. სულ თავ-პირს ვამტვრევდით ერთმანეთს, მაგრამ სასიკვდილოდ გამეტება წარმოუდგენელი იყო! ჩვენი კომერციული ტელევიზიები იძახიან მოგებაზე ვმუშაობთო და კიდევაც ვუთხარი მოგებაზე კი არა ჩვენი მომავალი თაობის წაგებაზე მუშაობთ-მეთქი... აი, აგერ ამის მაგალითი! ბავშვებს ეტყობა ტელევიზით უხვად აქვთ ნანახი უხარისხო და საშინელებათა ფილმები, ნაადრევი სექსები და აქედან იბადება შემდეგ აგრესია, დანა და მკვლელობები...

მიშა კობახიძე:
- უხარისხო ფილმები ნამდვილად აზიანებს ადამიანის ფსიქიკას! ადრეც იყო აგრესია და საშინელებებიც ხდებოდა, მაგრამ ინფორმაცია არ გვქონდა... თუმცა აგრესია ახლა ძალიან გაზრდილია მოზარდებში. ეს ყველაფერი ნაკლებმა რწმენამ გამოიწვია. არც განათლების სისტემაა მოსაწონი, მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს?! ვინ გაითვალისწინებს, რა მოგვწონს და რა არა?! ბევრს ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს, მოზარდებში რომ აგრესიამ იკლოს, მაგრამ ამის პასუხი ძალიან რთულია! მზა რეცეპტი არ არსებობს, შეასრულო და აგრესიამ იკლოს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები უნდა დასხდნენ და ერთად იმუშაონ, თორემ უკვე საგანგაშო ვითარებაა ამ მხრივ!
მანანა გაბრიჭიძე






Prev
2 / 2
11141
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები