5 დღის განმავლობაში ჩვენი კაპელას გამოსვლა მთელი მსოფლიოდან 6 956 000-ჯერ ნახეს და 181,765-ჯერ გააზიარეს! თბილისის ბიჭუნათა კაპელას და ახალგაზრდული გუნდის წარმატებულ გამოსვლას საოცარი რეზონანსი მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ასეთ აჟიოტაჟს ალბათ პროექტის ორგანიზატორებიც არ ელოდნენ.
"ნიჭიერის" ბოლო ლაივის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ნიჭიერ ბავშვებსა და მათ მასწავლებელზე არაერთხელ და არაერთგან დაიწერა, მათ ვიდეოს უამრავი ადამიანი აზიარებდა და სულ მალე, მათი ნამღერი ჯერ მსოფლიოს მასშტაბით "ქუინისა" და ფრედი მერკურის მოყვარულთა ყველაზე წამყვან მუსიკალურ ფეისბუქ-გვერდებზე მოხვდა, მერე კი,
Got Talent Global-იც შემოუერთდა კაპელათი აღფრთოვანებას. Got Talent Global-ის ოფიციალური ციფრული არხები შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ეჩვენებინათ პროექტის სხვადასხვა ქვეყნებიდან საუკეთესო ნომრები ამჟამად ფეისბუქ გვერდს 4 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან და სწორედ მათ განათავსეს ბავშვების ნამღერი თავიანთ გვერდზე, სადაც სულ რამდენიმე საათში ვიდეოს ნახვამ მილიონს გადააჭარბა.
დღეს კი "ნიჭიერის" ოფიციალურმა გვერდმა რეკორდული სტატისტიკა გამოაქვეყნა:
"5 დღის განმავლობაში ჩვენი კაპელას გამოსვლა მთელი მსოფლიოდან 6 956 000-ჯერ ნახეს და 181,765-ჯერ გააზიარეს!"
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ახალ და სერიოზულ გუნდს ქართულ მუსიკალურ სივრცეში და კიდევ უფრო დიდი მუსიკალური მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ.