"ჩემს სიზმრებში ჩემი შვილი ცოცხალია. ამიტომ ყველზე მეტად შემიყვარდა ძილი" დიდი ტრაგედიის მიუხედავად, მაია ასათიანის გარშემო არ წყდება მითქმა-მოთქმა, ჭორები, ხშირად გაკიცხვაც კი. საკუთარი განცდების, გრძნობების და არსებული მდგომარეობის შესახებ მან „ნანუკას შოუში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გული სტკივა, რადგან ამდენი ახსნა-განმარტების გაკეთება უწევს საზოგადოების წინაშე.
"მეშინია და მეშინოდა ყველაზე მეტად, რომ არ გავმხდარიყავი შემაწუხებელი ჩემი ტრაგედიით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღე მხვდებიან. არ მინდოდა ეგრძნოთ ის მძიმე აურა, რომელიც მაქვს. მაგრამ ამას შიგნით მაინც ატარებ, რადგან შენს შიგნით ცხოვრობს სიკვდილი.
როგორ თენდება დილა? მოდი მე საღამოთი დავიწყებ. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხანდახან რომ ვუფიქრდები, სახლში როცა მიდიხარ და კარს აღებ, იქ სრული სიცარიელე გხვდება, რას აკეთებ ამ დროსო. მე მარტივად ვუპასუხე, პირდაპირ ვიძინებ-თქო, რადგან როცა მძინავს, ჩემს სიზმრებში მე შვილმკვდარი ქალი არ ვარ. ჩემს სიზმრებში ჩემი შვილი ცოცხალია. ამიტომ ყველზე მეტად შემიყვარდა ძილი. შესაბამისად ჩემთვის ყველაზე რთულია გათენება. როგორც წესი პირიქითაა. როცა სიზმარში კოშმარს ნახულობ, იღვიძებ და ამბობ უჰ, რა მაგარია, ეს კოშმარი იყო. ჩემთვის კოშმარი გაღვიძებით იწყება, იმიტომ, რომ აღმოვაჩენ, ის სიზმარი იყო და რეალობა კოშმარია. ყოველ წამს, ყოველ წუთს, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ამავე დროს ადვილია. ცხოვრობ განცდით, რომ ადრე თუ გვიან ის დღე დადგება, აუცილებლად დადგება. ყველა ვარიანტში წავალ იქ და ნუცას შევხვდები.
თუ ის მიყურებს და დარწმუნებული ვარ, რომ მიყურებს, მე არ მინდა მან მნახოს დაცემული. ეს ერთი და მეორე: ყოველდღე კატასტროფულ შიშს ვხედავ დედაჩემის და ჩემი დების თვალებში. რამ გადამარჩინა? გადამარჩინა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანების ამ მზერამ. რომლებიც ყოველდღე მიყურებენ და მათ თვალებში აქვთ შიში, არაფერი არ მომივიდეს. რამე არ ავუტეხო ჩემს თავს, არ გადავწყვიტო სიკვდილი. და ეს მზერა მაცოცხლებს. ხანდახან საკუთარი თავის შემრცხვება ხოლმე, როცა დედაჩემის შეშინებულ თვალებს ვუყურებ. ძალიან მწყინს, რომ ახსნა-განმარტებების გაკეთება მიწევს... მე ეხლა ვიბრძვი საკუთარი თავისთვის და ყველა შვილმკვდარი დედისთვის ერთად. ეს გარკვეულ ძალას მმატებს. ხანდახან მწყვიტავს იმ მძიმე რეალობას, რომელიც ჩემს ცხოვრებაშია. ყველაზე მძიმე პერიოდი ნუცას გარდაცვალების შემდეგ იყო 25 ოქტომბერი, ჩემი შვილის დაბადების დღე. დედა შვილს შორის სხვანაირი ბმა არის და ასეთ ტრაგედიაში დედა ყოველთვის მარტოა. ვერც მამა, ვერც ბებია, ვერავინ დედამიწის ზურგზე ამ განცდას ვერ გაიგებს. ის ერთი კვირა ჩემთვის იყო კატასტროფული. თუმცა მე სიცოცხლეში ვიპოვე ძალა. ეს ხომ ყველა ქალის, ყველაზე დიდი შიშია, კაცობრიობის მთავარი შიშია, რომ შენი ორგანიზმიდან ნაშობი არსება წავა შენზე ადრე. ამაზე დიდი შიში დედისთვის არ არსებობს და ახლა ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, რადგან კაცობრიობის მთავარი შიში მე უკვე განვიცადე. მე ეს უკვე დამემართა. ჩემს წინ აღარაფერია, საერთოდ არაფრის აღარ მეშინია".
მერი ბლიაძე