ექიმებმა წყვილს სელექციური რედუქცია შესთავაზეს - ხელოვნურად შეემცირებინათ ნაყოფის რაოდენობა, რათა ნაწილი მაინც გადარჩენილიყო 11 დეკემბერს ალაბამას შტატის მცხოვრები კორტნი და ერიკ უოლდროპები 9 შვილის მშობლები გახდნენ - 6 ბიჭის და 3 გოგონასი.
35 წლის კორტნისა და ერიკს უკვე ჰყავდათ 3 ბიჭი, როდესაც გადაწყვიტეს კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა. 2017 წლის იანვარში კორტნის მუცელი მოეშალა. მაგრამ წყვილმა არ შეწყვიტა ოცნება მეოთხე ბავშვზე. ექიმმა კორტნის დაუნიშნა ფერტილობის ასამაღლებელი პრეპარატი. შედეგმაც არ დააყოვნა. როდესაც ქალმა ივნისში გაიკეთა ექოსკოპია, აღმოჩნდა, რომ მის საშვილოსნოში ერთდროულად 6 პატარა გული ფეთქავდა.
"საშინლად დავიბენი და შემეშინდა. პირველი აზრი, რამაც გამიელვა, იყო ის, რომ როგორ შევძლებდი ამხელა სიმძიმის ტარებას ისე, რომ ბავშვები არ დაზიანებულიყვნენ", -იხსენებს კორტნი.
ექიმებმა წყვილს სელექციური რედუქცია შესთავაზეს - ხელოვნურად შეემცირებინათ ნაყოფის რაოდენობა, რათა ნაწილი მაინც გადარჩენილიყო. რისკები დიდი იყო როგორც დედისთვის, ასევე პატარებისთვის. უოლდროპებმა უარი განაცხადეს რედუქციაზე და ბედს მიენდნენ.
25 კვირის ვადაზე კორტნი დააწვინეს. ის 24 საათის მანძილზე უნდა წოლილიყო. ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ნაყოფები ნელა გაიზრდებოდნენ საშვილოსნოში. როგორმე 30 კვირამდე უნდა მისულიყვნენ. ასეთ ვადაზე მშობიარობის დროს გადარჩენის შანსი მატულობს. მიზანი მიღწეული იქნა - 30 კვირის ვადაზე დაიბადა 3 გოგონა და 3 ბიჭი. როგორც კორტნი ფეისბუქზე წერდა, დილით დაეწყო ტკივილები და წყლები დაღვარა. ექიმებმა სასწრაფოდ დაიწყეს საკეისრო კვეთის ჩატარება. ექვსივე პატარა დაიბადა 4 წუთის განმავლობაში. ექვსივე ჯანმრთელია. დედა კი ეგუება მრავალშვილიანობის სტატუსს.