რატომ გადაიპარსა თავი კლარამ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "არ მინდოდა გარეთ გასვლა, ხალხთან კონტაქტი..." - მშობლები

რატომ გადაიპარსა თავი კლარამ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "არ მინდოდა გარეთ გასვლა, ხალხთან კონტაქტი..."

2017-12-25 13:58:18+04:00

"როცა კედელთან ხარ მიმწყვდეული და სხვა გამოსავალი არ არის..." - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ ბოლო დროს ბევრმა მსახიობმა, რომლებიც უკვე წლებია თეატრის სცენაზე დგანან, პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მეშვეობით მოიპოვა. მსახიობი თამუნა აბშილავაც ქართველმა მაყურებელმა სწორედ ამ სერიალიდან გაიცნო. მსახიობი სერიალში კლარას, იგივე კლაოს როლს ასრულებს, რომელიც მაჭანკალია და წყვილებს დაოჯახებაში ეხმარება. რეალურ ცხოვრებაში მხასიობი თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა ეს როლი იმდენად კარგად მოირგო, რომ ხშირად როლიდან გამოსვლა უჭირს.

- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ. 1994 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი დავრჩი ინსტიტუტში რეჟისორის ასისტენტად. ვმუშაობდი მარიონეტების თეატრში. ამის მერე ძალიან დიდი წყვეტა მქონდა. გახსოვთ ალბათ, რამდენად მძიმე პერიოდი იყო, სასაცილო ხელფასები იყო თეატრებში არათუ რეგიონში, არამედ თბილისშიც. იმ პერიოდში სხვადასხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული. სამი წელია დავბრუნდი სენაკში და ჩემს მშობლიურ თეატრში.

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში თეატრს?

- თეატრი არის ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი. მე სხვა პროფესია არ მაქვს, თუმცა იყო პერიოდი, როცა სხვა პროფესიებიც შევითავსე. ვიყავი მენეჯერი, ტელეწამყვანი და ა.შ. თუმცა თავს ისე კომფორტულად არსად არ ვგრძნობდი, როგორც თეატრში. ზოგადად დაუძლეველი და უსწავლელი არაფერი არ არის. მით უმეტეს, როცა კედელთან ხარ მიმწყვდეული და სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს ძალიან ბევრი რამის კეთება შეიძლება. იყო პერიოდი როცა მაღაზიაშიც ვმუშაობდი გამყიდველად. არანაირი შრომა სათაკილო არ არის. სათაკილო არის ის, როცა ზრდასრული ადამიანი მშობლებს შეჰყურებ ხელში და მათზე ხარ დამოკიდებული.

ჩვენი პროფესია ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომ თუ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს უნდა ემსახურო, ეს მსხვერპლიც უნდა გაიღო.

mshoblebi

- როგორც აღნიშნეთ, რთულ პერიოდში მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თეატრალურზე ჩაგებარებინათ. ამ დროს არც ისე პერსპექტიული იყო მსახიობის პროფესია. ოჯახი როგორ შეხვდა თქვნს გადაწყვეტილებას?

- არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია. საერთოდ მაქვს ეს ბუნება, თუ მე გადავწყვიტე რაღაც, მყარად ვდგავარ ამ გადაწყვეტილებაზე და რთულად, რომ ვინმემ შემაცვლევინოს აზრი. ვთვლი, რომ დღეს ბევრად მეტი მექნებოდა გაკეთებული ჩემს პროფესიაში, მაგრამ რაღაც პერიოდი თითქოს იმედი დავკარგე, ხელები ჩამოვყარე. ყოველთვის ვერ ხარ იმ განწყობაზე, იბრძოლო, ანგრიო კედლები. ძალების მობილიზება სჭირდება ამას, რაღაც მომენტში ვერ გავუძელი და იოლი გამოსავლის ძებნა დავიწყე. ზუსტად ვიცი, მაშინ ამ სირთულეებისთვის რომ გამეძლო, დღეს ჩემს პროფესიაში ბევრად მეტი მექნებოდა გაკეთებული და ბევრად პროდუქტიული იქნებოდა ჩემთვის გასული წლები, როგორც არტისტისთვის. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ეს არის იმ ადამიანების აზრი, ვისთანაც მიმუშავია, რეჟისორების, შემფასებლების, ოჯახის წევრების და მაყურებლის. ჩემი მშობლები ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მქონდა საშინლად დეპრესული პერიოდი, არ მინდოდა გარეთ გასვლა, ხალხთან კონტაქტი. ეს თვეობით გრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ვთქვი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ფეხზე უნდა დავმდგარიყავი და ასეც მოხდა. მე დავძლიე ეს წინაღობა.

- „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდით?

- “ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი ქასთინგით. თებერვლის თვეში მიმიწვია ზუგდიდის თეატრმა კონტრაქტით ერთ-ერთ სპექტაკლზე სამუშაოდ. სწორედ ამ დროს ჩავიდა სენაკში ფორმულა კრეატივის ჯგუფი მსახიობის შესარჩევად. ქასთინგის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ეკა მჟავანაძე. ჩვენ სენაკში ავცდით ერთმანეთს, რადგან მე უკვე ზუგდიდში მივდიოდი და ვერ მოვახერხე ქასთინგზე მისვლა. მეორე, მესამე დღეს ზუგდიდში გადმოინაცვლეს. ორი ეპიზოდური როლისთვის არჩევდნენ მსახიობებს. ერთ-ერთი იყო მაჭანკალი, რომელიც დღემდე შემორჩა სერიალში. ორივე როლს მოვერგე, მაგრამ მაჭანკლის როლზე დამამტკიცეს. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ასეთ ხარისხიან, რეიტინგულ სერიალში მიმეღო მონაწილეობა. მემუშავა ასეთ ძლიერ გუნდთან. ქეთი დევდარიანის ფანტაზიას საღვარი არ აქვს, არ ელევა იდეები და ყველაფერი შეიძლება დაწეროს, თან ძალიან ზუსტად და სწორად. ადამიანი, რომელსაც შეხება არ ჰქონია სამეგრელოსთან და მხოლოდ რამდენჯერმეა იქ ნამყოფი, ისე წერს სცენარს მეგრელებზე, თითქოს ხუთი თითივით იცნობს მეგრელ ხალხს და მთელი ცხოვრება სამეგრელოში აქვს გატარებული.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

- ელოდით, რომ კლარა ასეთი პოპულარული გახდებოდა და ასე შეუყვარდებოდა მაყურებელს?

- ნამდვილად არ ველოდი. დოჩის ირგვლივ ტრიალებს ეს ყველაფერი, მისი პერსონაჟი იმდენად საინტერესო, პოპულარული და საყვარელია, რომ ამან იქონია გავლენა კლარას პოპულარობაზეც. კომენტარებსაც ვკითხულო, წერენ, რომ კლარას პოპულარობა დიდი დოზით დოჩის დამსახურებაა. თუმცა რაღაცით გვანან ერთმანეთ და ვთვლი, რომ დუეტი წარმატებით შედგა.

- ქუჩაში როგორ გხვდებიან ადამიანები?

- მე მანამდე ვითამაშე შინდისის გმირებში და ჩემი როლიდან გამომდინარე გადაპარსული მქონდა თავი, ჩემი ახლანდელი ვარცხილობა ჩემი არჩევანი არ არის. ამ ვარცხნილობის გამო ქუჩაში ვერ მცნობენ. კლარას სულ სხვა იმიჯი აქვს სერიალში, ვიდრე მე რეალურ ცხოვრებაში. ერთმა ქალმა მაღაზიაში მიცნო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხმა ამოვიღე და დავილაპარაკე. ვიზუალურად ვერ მცნობენ.

mshoblebi

- სამეგრელოში კიდევ არის შემორჩენილი მაჭანკლის ინსტიტუტი?

- რა ფორმითაც სერიალში ხდება, იმ ფორმით არ გამიგია ვინმე აქორწინებდეს წყვილბს. ვგულისხმობ იმას, რომ მაჭანკლობაში ეს პერსონაჟი იღებს ფულს, აქვს შედგენილი მთელი რეზიუმე გასათხოვარი ქალების და ა.შ. ნუ, შეიძლება არიან კიდეც, მაგრამ მე არ გამიგია. დედაჩემი და მამაჩემი შეუღლდნენ გარიგებით. მათ ერთმანეთი გააცნო ქალმა, რომელიც ორივე ოჯახის ახლობელი იყო. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ჰქონდათ ბდნიერი ოჯახი. ვიცი სიყვარულით შეუღლებული ოჯახებიც, რომლებიც მალევე დაინგრა. მე თვითონაც მიფიქრია ამა თუ იმ გოგოზე და ბიჭზე, რომ კარგი წყვილი იქნებოდნენ, მაგრამ არ დაუჯერებიათ ჩემთვის. ჩემთან დაკავშირებითაც ყოფილა შემთხვევა, რომ უცდიათ გარიგება.

- თქვენთვის რამდენად მისაღებია დაოჯახების ეს ფორმა?

- მე ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, რომელიც გარიგებით შეიქმნა და საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობენ დღემდე. შეიძლება ვიღაცამ გირჩიოს, გაგაცნოს და მერე შენზეა დამოკიდებული, მოგეწონება და გააგრძელებ ურთიერთობას, თუ იქვე დაასრულებ. ჩემი აზრით, ეს არც ცუდია, არც სასაცილო და არც დასაძრახი.

- ხასიათის რა თვისებებით ჰგავხართ თქენს პერსონაჟს და რა არ მოგწონთ მისი?

- არ მომწონს ის ფორმა, რა ფორმითაც აქორწინებს წყვილებს, ვგულისხომობ ამაში ფულის აღებას. ეს არის მისი პროფესია და ამით ერთობა. მე ასე არასოდეს მოვიქცეოდი. თავისი მისიიდან გამომდინარე მას ხშირად უწევს ისეთ რამეზე თქვას კარგი და დადებითი, რაც არ არის კარგი, რაც თავადაც არ მოსწონს. ანუ თავისი შეხედულების საწინააღმდეგოს ამბობს ხშირად.

- თქვენც ისეთი ენერგიული და აქტიური ხართ, როგორც კლარა?

- ენერგიული ადრე უფრო ვიყავი, ახლა ნაკლებად. ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. შემეცვალა ტემპერამენტი. ბებია მყავდა ჰიპერაქტიური. მთელ სანათესაოში ის აგვარებდა ყველას ჭირს, ვარამს, ლხინს. ამ როლს როცა ვთამაშობ, მის თვისებებს ვიჭერ ხოლმე ჩემს ხასიათში. ჩემი ახლობლები მწერენ კიდეც, რომ ვაგონებ აგრაფინას. თუმცა ვთვლი, რომ რეალურ ცხოვრებაში კლარასნაირი არ ვარ. სწორედ ამიტომაა საინტერესო, რომ მე ასეთ არ ვარ, მაგრამ კარგად ვირგებ და ვთამაშობ ამ როლს.

mshoblebi

- არ გიჭირთ როლში შესვლა?

- საერთოდ არა. მე და დოჩი ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს. თუმცა ამ ეტაპზე რაღაც სხვა განვითარება მინდა, ცოტა გავიჭედე. უკვე ერთი და იგვე მეორდება, თითქოს ერთფეროვნება შეეპარა კლარას. ახლა ან საერთოდ უნდა გაქრეს ეს პერსონაჟი, ან ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მაჭანკლობა უნდა დაივიწყოს და რაღაც სხვა უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. ეს უკვე სცენარის ავტორზეა დამოკიდებული, ქეთის მივანდოთ ეს ყველაფერი.

- რომ არა მსახიობი, ვინ იქნებოდა თამუნა აბშილავა?

- რომ არა მსახიობი, ვიქნებოდი ექიმი. ამას მივხვდი მაშინ, როცა ჩემი მშობლები იყვნენ ცუდად. დედაჩემს ჰქონდა დიაბეტი და მისი თანმდევი სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. მოვლის პროცესში დავაფიქსირე, რომ ვარ სრულიად მობილიზებული, არ მაქვს დაბნეულობის ან შიშის მომენტი. და რაც მთავარია, ამას არ ვაკეთებდი მოვალეობის მოხდის მიზნით, ამას ვაკეთებდი სიყვარულით. პირველად ნემსის გაკეთება დედაჩემზე ვისწავლე და დღემდე ჩემით ვიკეთებ, არავის არ ავძლევ ამის საშუალებას.

- რას უსურვებდით თქვენს მაყურებელს?

- მინდა ყველას დღეგრძელობა, ხვავი, ბარაქა და ჯანმრთელობა ვუსურვო. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიგრძნო თავი კომფორტულად, კარგად, როცა ჩემს მეგობარს, მეზობელს, ახლობელს, ნათესავს უჭირს, რაღაც პრობლემა აწუხებს. როგორი წარმატებული და კარგი დღეც არ უნდა მქონდეს, ძილის წინ სულ მახსენდება ის ადამიანი, ვისაც რაღაც აწუხებს, რაღაც სერიოზული პრობლემა ან გასაჭირი აქვს. მგონია, რომ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და არჩევანი ყოველთვის გვაქვს ცუდსა და უარესს შორის. ეს არის ძალიან სამწუხარო. ყველა ადამიანმა ჩვენს თავში უნდა შევცვალოთ რაღაც. ის, რაც მე მევალება, მე უნდა გავაკეთო მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ანუ თითოეულმა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს საკუთარი თავის, ოჯახის, ადამიანების და ქვეყნის წინაში. ვთვლი, რომ აი, სწორედ მაშინ დალაგდება ყველაფერი.

მერი ბლიაძე