"ჩანთა მოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში"
118-ე სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა, მარიტა ქუფარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე შვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, როგორც ქალბატონი წერს, მის შვილს კლასში შესვლისთანავე, ჩანთამოკიდებულს ორი თანატოლი მიეპარა ზურგიდან, იატაკზე დააგდეს და წიხლებით თავში სცემეს.
აი, რას წერს დედა.
- იმედია, ეს დღე მაინც იქნება მშვიდობიანი, , ყველამ იცის დღევანდელი რეალობა სკოლაში, ძალიან იმატა ძალადობამ, ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა ვითომდა "ავტორიტეტულ" 118 -ე საჯარო სკოლაში, მსგავსი ფაქტები ყოველდღიურად ხდება, რაც რეაგირების გარეშე რჩება, ამას ან იგებს დირექტორი, ან ვერ იგებს საერთოდ, უკვე რეალობად იქცა ძალადობა სკოლებში, რაზეც სამართალდამცველები და განათლების სამინისტრო ზომებს არ მიმართავენ... როგორც ჩანს, სამართლიანობა ჩვენ უნდა აღვასრულოთ... ოთხი დღეა დღეა იაშვილში ვწევართ იმის გამო, რომ ვიღაცის მოძალადე შვილებს ჩემმა შვილმა არ "დაუჩოქა", დიახ, არ "დაუჩოქა", ასეთი იყო მათი მოთხოვნა (გესმით, ალბათ, რა დონის მოძალადეებთან გვაქვს საქმე) ჩემი შვილი მხოლოდ უფლის წინაშე დაიჩოქებს და ეს იცის, რადგან არ დაემორჩილა ორი კლასელის გაერთიანებული ძალით (რაც ერთმა ვერ შეძლო) დილით კლასში შესვლისთანავე, ჩანთა მოკიდებულს მიეპარნენ ზურგიდან, დააგდეს იატაკზე, უმოწყალოდ ურტყეს წიხლები თავში და რომ არა შეძახილები "მასწავლებელი მოდის", ღმერთმა უწყის, რა უბედურება დატრიალდებოდა.თავმოყვარეობაშელახული და რეალობას მოწყვეტილი ადგა და დაჯდა მერხთან. დროის გასვლასთან ერთად ბავშვს ჩივილები მოემატა და დაეწყო ცნობიერების კარგვა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
გადაგვიყვანეს იაშვილის კლინიკაში, დღეს ვაკეთებთ ელექტრო მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას თავზე, იმედია, უფალი დაგვიფარავს და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება. იმის წარმოდგენა, რომ ჩემს შვილს დაცემულს წიხლებს ურტყამენ, სულს მიშფოთებს და მამწარებს. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ არანაირ ყურადღებას არ იჩენენ მოძალადე ბავშვების მშობლები. ეს ადასტურებს იმას, რომ არასწორი მიდგომა აქვთ შემუშავებული ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. თავზე ხეელის გადასმით პრობლემა არ მოგვარდება, ის დამძიმდება და უფრო მძიმე დანაშაულისკენ უბიძგებს მას, მშობელმა აღნიშნა რომ ზღაპრებს ვყვები და ცილს ვწამებ მის შვილს, დამნაშავეს ხელს აფარებს და იმასაც ვერ აცნობიერებს რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას მომავალში ამ მოძალადე ბავშვებმა, მეორე მშობელს საერთოდ ხმა ვერ მივაწვდინე და ასე მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას...გუშინ შემთხვევით შემხვდა საბას კლასელი მშობელთან ერთად ბავშვმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, ისე როგორც საბა ჰყვება, ეს ბევრმა ბავშვმა დაადასტურა, ანგარიშწორებას ყოველდღიურად ქონდა ადგილი მანამ, სანამ ესეთი შემთხვევა არ მოხდა, რადგან დედებს არაფერი არ უნდა ცოდნოდათ, მე მიმყავდა და მომყავდა სკოლიდან საბა, მაგრამ მთავარი დანაშაული სკოლაში ხდებოდა, ამ ორს მთელი კლასი ჰყავთ ტერორში და ბავშვებს ეშინიათ მათი. მშობლებმა იციან სიმართლე, ის, რაც იმ დღეს მთელი კლასის წინაშე მოხდა, მისვლისთანავე უამბეს ბავშვებმა მშობლებს, ძნელია დამალო ემოცია, როცა წარმოიდგენ როგორ უმოწყალოდ ურტყამენ შენს შვილს თავში წიხლებს, ყველა დაისჯება, ვისაც კი ბრალი მიუძღვის ჩემი შვილის საბა კანტიძის ჯანმრთელობის, ფსიქიკის და თავმოყვარეომის შელახვისთვის, უფლის დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება, ამ შემთხვევაშიც კი მე მივმართავ, განათლების სამინისტროს და სამართალ დამცავ ორგანოებს, რათა დამნაშავეები საკადრისად დაისაჯონ, ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი, მე ამას გავაკეთებ სამართლიანობის სახელით... მშობლებო, გაიღვიძეთ. მსგავსი პრობლემები თქვენს შვილებსაც შესაძლოა შეემთხვეთ, უფალმა უწყის, საით მივექანებით... მშვიდობიან დღეს გისურვებთ..."
mshoblebi.ge -მ გადაწყვიტა დაკავშირებოდა ქალბატონ მარიტას, თუმცა მან ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო და მომხდარზე ოჯახის ახლობელი ლანა ჭანკვეტაძე გაგვესაუბრა.
- როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ?
- ჯერ ტომოგრაფიის პასუხებს ველოდებით. თავის ტკივილები ჰქონდა საშინელი და რამდენჯერმე გაითიშა სახლში. მეოთხე დღეა ბავშვი საავადმყოფოშია.
- ამ ოთხი დღის მანძილზე სკოლიდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე?
- მე როგორც ვიცი, მხოლოდ სკოლის დირექტორმა დარეკა და მოიკითხა. დეტალები მე არ ვიცი. დღეს უნდა გავიდე იაშვილის კლინიკაში და იქ გავიგებ. სობლები განერვიულებული არიან ძალიან.
- იმ ბავშვების მშობლები თუ დაგიკავშირდნენ, რომლებმაც სცემეს საბა?
- არ გამოჩენილან. პირიქით, ამბობენ, რომ ჩვენი შვილები ამას არ იზამდნენო.
- სკოლიდან არ არის ვინმე, ვინც ბავშვის ცემის ფაქტს ადასტურებს?
- ბავშვები არიან, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ. ეს მოხდა დასვენებაზე საკლასო ოთახში. საბას ცემა იმ დროს მიატოვეს, როცა გაიგეს, რომ მასწავლებელი მოდიოდა.ნაცემი ბავშვი იჯდა გაკვეთილზე და დამთავრდა გაკვეთილები თუ არა წამოვიდა სახლში.
- აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვის მიმართავთ?
- გვინდა ვაცნობოთ განათლების სამინისტროს. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც სკოლებში ხდება.
მომხდარზე პირველ არხთან განმარტება გააკეთეს განათლების სამინისტროში. უწყებაში სკოლის დირექტორზე დაყრდნობით ამბობენ, რომ დეკემბრის დასაწყისში, პირველი გაკვეთილის შემდეგ, საკლასო ოთახში მეხუთე კლასის მოსწავლეებმა იჩხუბეს. ჩხუბის დროს საკლასო ოთახში პედაგოგი არ იმყოფებოდა.
„როცა კლასის დამრიგებელი მეორე გაკვეთილის შემდეგ ბავშვებთან მივიდა, მოსწავლეებისგან გაიგო აღნიშნული ჩხუბის თაობაზე. ბავშვებს გარეგნულად ჩხუბის კვალი არ ეტყობოდათ. ბავშვებმა განაცხადეს, რომ ისინი მეგობრები არიან და არ უჩხუბიათ. რამდენიმე დღის შემდეგ დამრიგებელთან მივიდნენ მშობლები და უთხრეს, რომ ბავშვს თვალი აქვს ჩალურჯებული. თუმცა ჩალურჯებული თვალი პედაგოგს მანამდე არ შეუმჩნევია. ამავე დღეს საბას დედა შეხვდა სკოლის დირექტორს და შვილის პარალელურ კლასში გადაყვანა სთხოვა. დირექტორმა მშობელს აუხსნა, რომ ვინაიდან მეხუთე კლასების საკლასო ოთახები ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა, კლასის შეცვლა შედეგს ვერ გამოიღებდა. ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, ბავშვი იმავე კლასში დარჩენილიყო ყურადღების ქვეშ. რამდენიმე დღის შემდეგ, საბა კანტიძე გადავიდა N 119 საჯარო სკოლაში. N 118 სკოლის დირექტორმა 25 დეკემბერს დღის ბოლოს გაიგო, რომ საბა გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. დაუკავშირდა მშობელს, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში თავთან დაკავშირებული პრობლემებით და არის ეჭვი, რომ ტრავმა მიღებულია სკოლაში ჩხუბის დროს. თუმცა, ეს ეჭვი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის“, – განმარტავენ განათლების სამინისტროში.
რუსკა კილასონია