"ახალ წელს ორიენტირებული მაინც ბავშვებზე ვართ და სულ ვცდილობთ, რომ მათთვის იყოს განსაკუთრებული ეს დღესასწაული"
ახალი წელი ყველაზე მეტად მაინც ბავშვებს უხარიათ. ელოდებიან თოვლის ბაბუას და საჩუქრებს. ხანდახან მათი სურვილები უცნაურია, ხანდანხან კი გულისამაჩუყებელი. ანი გიუნტერს და სალომე გოგიაშვილს ახალი წლის თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით და მათი შვილების საახალწლო სურვილების შესახებ ვისაუბრეთ.
სალომე გოგიაშვილი:
- იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები გვყავს სახლში, მიდგომაც გასნხვავებულია. უფროსებმა, რასაკვირველია, იციან რა და როგორ ხდება, წინასწარ იციან, რას და რა ფორმით მიიღებენ, პატარები კი დიდ მოლოდინში არიან. შარშან წარმოუდგენელი კურიოზი გადაგვხდა თავს. ჩემდა გასაკვირად, გამოვიჩინე მოწესრიგებულობა, წინასწარ გამოვიძახე თოვლის ბაბუ, შევუთანხმდი დროზე, როდის უნდა მოსულიყო, მინდოდა, რომ ძალიან ლამაზად ყოფილიყო ყველაფერი დ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა, ვიზრუნე ყველაფერზე, მაგრამ 31-ში დამირეკა თოვლის ბაბუამ, ფეხი მოვიტეხე და ვერ მოვდივარო. ვაიმე, ძალიან ვინერვიულე, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ ბავშვებს ისე ნამდვილად ვერ დავტოვებდი. ავდექი, მე თვითონ ჩავიცვი ფორმა, ჩავიტენე რაღაცები, რომ გავსუქებულიყავი, დავიყენე კაცის ხმა და შევედი ბაშვებთან, ვათქმევინე ლექსები, დიდხანს ვიჯექი მათთან, ვათამაშე და საჩუქრებიც დავურიგე.
- ამ მომენტში ბავშვები დედას არ კითხულობდნენ?
- ისეთ შოკში იყვნენ, თოვლის ბაბუ რომ დაინახეს, არ გახსენებიათ არავინ. იმ დროს, როცა გარეთ თოვლის ბაბუის ფორმით ვიდექი, მოვიდა ჩემი მეგობარი და ტელეფონზე მირეკავდა, კარი გააღე თოვლის ბაბუ დგას გარეთო. იმდენად მოვინდომე, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო და ბავშვებს გახარებოდათ, საბოლო ჯამში, იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე მეგონა. მერე ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, გამოძახებებზე ხომ არ ივლიდიო. ჩემი ქმარიც აღფრთოვნაებული დარჩა. თოვლის ბაბუს ნახევარი საათი რომ გაეტარებინა ჩვენთან, გარკვეული თანხა უნდა გადაგვეხადა, მე კი ორი საათი ვიჯექი ბავშვებთან და ვამხიარულე.
ახალ წელს ორიენტირებული მაინც ბავშვებზე ვართ და სულ ვცდილობთ, რომ მათთვის იყოს განსაკუთრებული ეს დღესასწაული. წლებთან ერთად ის ემოცია, რაც ახალ წელს ახლავს, იცვლება. მახსოვს, როცა ჩემი შვილებისხელა ვიყავი, როგორ ვემზადებოდი, როგორი განწყობა მქონდა, ამიტომ მეც მინდა, რომ ჩემს შვილებსაც იგივე განწყობა ჰქონდეთ, სანამ შესაძლებელია. იმიტომ რომ წლების მატებასთან ერთად, უფრო საოჯახო საკითხებზე ხარ ორიენტირებული და ის რაღაცები, რაც ადრე უფრო მნიშვნელოვანი მეგონა, მეორეხარისხოვანი ხდება.
- წელს როგორაა თოვლის ბაბუს გამოძახების საკითხი?
- ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ უკვე აღარ მეშინია, გამოცდილება მაქვს.
- რაც შეეხება საჩუქრების დაბარების თემას, პატარების შემთხვევაში ამას როგორ აგვარებთ, წერილებს გაწერინებენ?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ პატარები არიან და წერა არ იციან, არ ვწერთ, უფრო სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, ან თოვლის ბაბუს ტელეფონზე ურეკავენ და ელაპარაკებიან. ამ შემთხვევაშიც მე ვარ თოვლის ბაბუ, ხან ტელეფონში ვარ თოვლის ბაბუ, ხან - რეალობში (იღიმის). ისე უხარიათ ის, რომ თოვლის ბაბუს ელაპარაკებაინ, სხვა არაფერი არ ახსოვთ და ვერ იაზრებენ, მხოლოდ საჩუქრებს მაბარებენ.
- ბავშვების რამე გამორჩეული სურვილი გახსენდება, ან საჩუქარი, რომელიც თოვლის ბაბუს სთხოვეს?
- როგორც წესი, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გმირი უყვართ, სურვილებიც ამ გმირების ირგვლივ ტრიალებს. ციბუ უკვე დიდია და წელს პირდაპირ ვკითხე, რა გინდა, რომ გიყიდო-თქო. არაფერი, მინდა ჯანმრთელად იყოს ჩემი ოჯახიო, - ასე მიპასუხა და გული ისე ამიჩუყდა, ვერ გადმოგცემ. ჩავეხუტე, ვეფერე და მერე დააყოლა, ოღონდ ისე არ ქნა, სამივე ბავშვს საჩუქრები მოუტანო და მარტო მე დამტოვოო.
- ტრადიცია, რომელსაც ყველ ახალ წელს ასრულებ...
- მრავალი წლის განმავლობაში, ახალ წელს ვხვდებოდი გარეთ, მიმყავდა კონცერტები და სულ მქონდა იმის დანაკლისი, რომ ოჯახთან ერთად არ ვიყავი. თუმცა, ჩემი საქმეც ისეთი კარგი იყო, ღირდა მაინც. წლებთან ერთად მივხვდი, რომ მინდა ახალ წელს შევხვდე ოჯახში და ეს ტრადიციად დავნერგეთ, ვფიქრობ, რომ ბავშვებთან ერთად უნდა იყო ამ განსაკუთრებულ მომენტში და ერთად გაიზიაროთ ეს სიხარული.
ანი გიუნტერი:
- წელს რაღაც განსხვავებული წინასაახალწლო პერიოდი გვაქვს. სადღესასწაულო განწყობას ემატება ისიც, რომ ჩემი შვილები ყოველდღე სხვადასხვა კომპანიისგან იღებენ საჩუქრებს და ძალიან გახარებულები არიან. ყველა კომპანიას ვერ დავასახელებ, მაგრამ თქვენი საშუალებით მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს ამ განსაკუთრებული ყურადღებისთვის. რაც შეეხება სანტასთვის მიწერილ წერილებს, ჩემს შვილებს უკვე მიწერილი და დალუქული აქვთ... ვნახოთ, რას მოიტანს თოვლის ბაბუა, ეს მეც არ ვიცი, მხოლოდ თოვლის ბაბუმ იცის. მე ცხოვრების ბოლომდე არ ვაღიარებ ამ საკითხთთან დაკავშირებულ რეალობას, მგონი მე უფრო მჯერა თოვლის ბაბუის, ვიდე ბევრ ბავშვს. ვფიქრობ, ზღაპარი უნდა შუუქმნა და დაუტოვო ბავშვს რაც შეიძლება დიდხანს. რა თქმა უნდა, არსებობენ თოვლის ბაბუები, რომელნიც უბრალოდ ფორმას იცვამენ და მერე იხდიან, მაგრამ ნამდვილებიც ხომ არიან?! ჩემს შვილებს ამ საკითხზე ერთადერთი
კითხვა აქვთ, კი მაგრამ, რამდენი არიან ეს თოვლის ბაბუები, რომ ყველასთან ახერხებენ და ასწრებენ მისვლასო?
- პირადად შენთან თუ მოდის ხოლმე თოვლის ბაბუ?
- კი, ყოველთვის, იმიტომ, რომ რისიც ადამიანს სჯერა, ის აუცილებლად უსრულდება. მე მჯერა, რომ ყოველი წელი უკეთესი და უკეთესი იქნება. წელს განსხვავებული ახალი წელი მექნება, ძალიან ბედნიერად შევხვდები იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ყოფნა მიხარია. მეტს არ დავაკონკრეტებ ამ ეტაპზე.
- დამაინტრიგე... განსხვავებულად შეხვედრა საქმიანობის თვალსაზრისით იგულისხმე?
- არა, უფრო ოჯახურს ვგულისხმობ, ამ თემაზე მეტის საუბარი არ მინდა. ვხვდები საყვარელ ადამიანებთან ერთად.
- ანი, ბავშვები რაიმე განსაკუთრებულ საჩუქარს ითხოვენ ხოლმე თოვლის ბაბუისგან? კი დალუქულია მათი წერილები, მაგრამ მაინც...
- ახლა მოითხოვეს რობოტი, რომელსაც ესმის ქართული, თან სათამაშოს უნდა ჰქონდეს ისეთი ღილაკი, რომელსაც ხელს რომ დავაჭერთ, ერთმანეთში აღარ ვიჩხუბებთ მე და მაშოო, - ბრძანა ლაზარემ (იღიმის). ეს იდეა რომ გაუჩნდათ, უკვე კარგია. როგორც დიდებს, ასევე პატარებს შორის არის თავისებური "კონფლიქტები", მაგრამ ამ ბოლო დროს, ჩემდა გასაკვირად, შემცირდა მათი რიცხვი. მე არასდროს არ ვერევი ბავშვების ჩხუბში, ვეუბნები, რომ გაარკვევთ, მერე მოდით ჩემთან-თქო. ეს სხვა თემაა, მაგრამ მგონია, რომ შვილებმა, განსაკუთრებით ბიჭმა, შეცდომებზე უნდა ისწავლოს და არ უნდა შეუშალო ხელი იმაში, რომ შეცდეს, "ცხვირი მოიმტვრიოს" ან თავი დაიცვას. ბევრს ვკითხულობ ამ საკითხზე, ვესწრები სემინარებს თემაზე, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შვილები გავზარდოთ სრულყოფილ პიროვნებებად და არ შევუშალოთ ხელი ჩვენი ზემდეტი მოქმედებებით.
- ტრადიცია თუ გაქვს, რომელსაც არ კარგავ არც ერთ ახალ წელს...
- მთავარია, რომ ხასიათი არც ერთ შემთხვევაში არ გაიფუჭო და იყო კარგ განწყობაზე... წინა წელს, 12-ს რომ წუთები აკლდა, მაკიაჟს ვიკეთებდი და რომ გამოვედი, ისე დავგორდი კიბეზე, დღემდე მაქვს იმის იარა. ჩემი ვიზაჟისტი თეო ნოზაძე იხსენებს, კარლსონივით როგორ მოვფრინავდი კიბეზე, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი.
სანამ ახალი წელი შემოაბიჯებდა, რამდენიმე წუთით ადრე ძველი ყვავილები ჩავიტანე სანაგვეში ჩასაყრელად და ისე მოხდა, რომ ახალ წელს მეეზოვეებთან ერთად შევხვდი. მინდოდა, ძველი რაღაცები, ძველი წლისთვის გამეტანებინა და ყვავილებიც ჩავიტანე, რეალურად არც ისეთი დამჭკნარი არ იყო, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე. მეეზოვემ რომ დამინახა, მითხრა, ჩემს ცოლს უნდა წავუღო ეს ყვავილები, არ გადაყაროო. გავატანე. მანამდე გადავიღეთ ფოტოები სანაგვესთან, მათთან ერთად შევხვდი ახალ წელს, მაგრამ განწყობა არ გამფუჭებია. მგონია, რომ რაც ჭკნება, იქნება ეს ადამიანი, გრძნობა თუ ყვავილი, ის აუცილებლად უნდა დატოვო ძველ წელიწადში.
ციცი ომანიძე