გუგა ქაშიბაძე: "იმედია, შობა და ძველით ახალი წელი მაინც ჩაივლის მშვიდობიანად!" პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია... ამ საკითხზე ცნობილი ექიმი – გუგა ქაშიბაძე გვესაუბრა...
- თქვენს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ჯერ კიდევ ახალი წლის მოსვლამდე დადეთ ფოტო, სადაც პატარა ბავშვი პიროტექნიკით ჩანდა დაზარალებული...
- დიახ, ეს შარშანდელი ფოტო იყო და ერთგვარად მოსახლეობის გაფრთხილება მსურდა. თუმცა წელს მხოლოდ ახალი წლის დღეებში - 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს, ოცი პაციენტი მარტო დამწვრობის ცენტრში მივიღეთ. აქედან თითქმის ყველა შემთხვევა საბედნიეროდ, შედარებით იოლი იყო. მსუბუქ ფორმებში ჰქონდათ დაზიანება. ერთადერთი უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდა 8 წლის ბავშვს, რომელსაც სახე ჰქონდა დამწვარი და მისი ჰოსპიტალიზაცია დამწვრობის ცენტრში მოხდა. ამჟამად ჩვენთან გადის მკურნალობას. წელს სხვადასხვა შემთხვევარეგიონებშიც იყო. მაგალითად ბავშვი, რომელიც მკურნალობას გადის, ტყიბულიდან გადმოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ.
- მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ყველა თქვენთ არსებული საშუალებით აფრთხილებდით, წელს შარშანდელზე მძიმე სურათია?
- დიახ... ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ასაფეთქებლების გამოყენება. გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს და ასე შემდეგ... პიროტექნიკით დაზარალებულთა სტატისტიკაც მოიმატებს.
გამოსავალი ისევ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ! ცოტა მეტი დაფიქრება და ყურადღება გვმართებს. ყველა ზემოხსენებული ტრავმიანობა გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული. ერთი-ორი შემთხვევა იყო, როდესაც პიროტექნიკის გაუმართაობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩემი მოკვლევით მაგას ვერ დავადგენთ, იყო თუ არა გამართული. პიროტექნიკა გამართულია თუ გაუმართავი, ამას სპეციალისტი ადგენს ძალიან ბევრ ქვეყანაში და მაშინ ადამიანი არ დაზიანდება. თუ ბრმად მიენდობი ჯერ შემომტანს, მერე გადამყიდველს, სად და რას შეიძენ საქართველოს ბაზარზე, ყველამ კარგად ვიცით, როგორც ხდება...
იმედია, შობა და ძველით ახალი წელი უფრო მშვიდობიანად ჩაივლის!
მანანა გაბრიჭიძე