"უბრალოდ, ბავშვმა მოინდომა, რომ სიგარეტი ხელში აეღო" სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც პატარა ბიჭუნას მოსაწევად სიგარეტს სთავაზობენ, საზოგადებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ფაქტის გამო, ბუნებრივია კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ მშობლები მოჰყვნენ, შემდეგ კი ასეთი იდეის ინიციატორები.
როგორც ბავშის დედა აცხადებს, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და აღნიშნული მან დღეს ტელევიზიით შეიტყო. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე ეღიმება. დედა ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს, საკუთარ შვილს, სტუმრებიდან ერთ-ერთმა, სიგარეტი „ერთჯერადად“ გაასინჯა, ყველაფერი მობილურით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
"ჩემი ქმარი და მისი თანამშრომლები ახალი წლის ღამეს შეიკრიბნენ და სვამდნენ. უბრალოდ, ბავშვმა მოინდომა, რომ სიგარეტი ხელში აეღო და ხუმრობის თვალსაზრისით, ერთჯერადად გაიხუმრა. მე არაფერი ვიცოდი, მეორე შვილი მყავს, 6 თვის ჩვილი და იმას ვუყურებდი. ეს ამბავი კი ტელევიზიით გავიგე. დღეს დილით ავდექი და ჩავრთე თუ არა, ჩემი შვილის კადრები ამოვარდა. გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი, არაფერი ვიცოდი. ეს ყველაფერი ჩემი ქმრის თანამშრომელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში დადო", – აცხადებს ორი შვილის დედა.