"სულ ლუპით მაკვირდებოდნენ რეზოს და მედეას შვილს..." დამიჯერეთ, გასულ წელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" ავტორის, ლაშა თაბუკაშვილის დარაბებს მიღმა აღმოვჩნდებოდი და მაგიდის სხვადასხვა მხარეს მოკალათებულნი ისე გულიანად ვისაუბრებდით, რომ სულის დარაბებსაც შევარხევდით. მე რომ მკითხოთ, მწერლის მთელი შემოქმედება სულის რხევას ასახავს - კარდიოგრამასავით - ხან საკუთრის, ხანაც სხვისი...
საუბარი სიყმაწვილის წლებით დავიწყეთ და ისე მოვედით დღევანდელობამდე, რომ საათის არსებობა არც გაგვხსენებია.
- სიყმაწვილეში თანატოლებს მწერლებისა და პოეტების სალონი გვქონდა, ერთად მოვიარეთ საქართველო, რამაც ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ აღქმაში. ეს ის პერიოდია, როცა "ბითლზი" შემოდის მოდაში და ფირფიტაც კი საოცნებოა. ამ დროს კი ჩვენ უცებ გადავეტყორცნეთ იმ მშვენიერებაში, რასაც ჰქვია გურამ რჩეულიშვილი, ლადო ასათიანი, ვაჟა ფშაველა... თუშეთში მოგზაურობისას ხუთი ჩვენგანი გავეფიცეთ მშვენიერ ვაჟკაცს, ბათირას, რომელიც მაშინ დიდად გვეჩვენებოდა, 27 წლის იყო. ნანადირევი ჯიხვით გაგვიმასპინძლდა... ერთხელ მთაში გადასვლა-გადმოსვლაში კინაღამ ცხენიანად გადამეჩეხნენ უახლოესი მეგობრები - ნინო რამიშვილი და მანანა ხელაია. ვიწრო გზაზე მოვდიოდით, დაბლა ხევი იყო, ხელში აღვირი მეჭირა და უცებ ცხენი ყალყზე შედგა. წინიდან რომ მივეჭერი, ფლოქვები მომაყარა, მაგრამ ვიყოჩაღე, ქვაზე შევხტი და ზემოდან დავახტი კისერზე. გავაჩერე. ყველაფერი ისე უცბად მოხდა, გოგონებმა შეშინებაც ვერ მოასწრეს. მე რომ მეგონა ყველაფერი კარგად გავაკეთე, ბათირამ მკითხა, შეგეშინდა, ბალღოო? "ბალღოო..." თურმე თუშეთში ასე მიმართავენ, მე კი ვიფიქრე, შეურაცხყოფა მომაყენა-მეთქი. ერთი საათის შემდეგ ბათირას ცხენი მოვიპარე, მეგობარს ლაგამი გავაკეთებინე და გავქუსლე. წამართვა თავი ცხენმა, გაქროლებული უცებ გაჩერდა (თურმე ბათირას მეტი ვერავინ ჯდება იმ ცხენზე) და კატაპულტივით მისროლა. კინაღამ თავით დავერჭვე ლოდს. ამის შემდეგ პირველი მანანა ხელაიას სახე მახსოვს, უი, ლაშა, რა ლამაზად გადმოვარდიო... რომანტიკულები ვიყავით!
"რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის" - რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს
ბოლოს ადგილობრივებმა გაგვანდეს, ყაჩაღად არის ბათირა გასულიო - გროზნოში მატყლის კონტრაბანდაზე რაღაც ავანტიურაში გახვეულა. ლეგენდები დადიოდა მასზე. ჩვენც მეტი რა გვინდოდა... წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთი რომანტიკული ყაჩაღი დგება და მამაჩემის ნათარგმნ შექსპირის სონეტებს გვიკითხავს... ბათირა ზამთარში მთაში დარჩენილ მოხუცებს ეხმარებოდა, თან მათთან ათევდა ღამეს, ერთხელ წამოსცდა, შვიდი წელი ყინულში ცხოვრებით დავიღალე, ალბათ, ჩავბარდებიო. და მართლაც ჩაჰბარდა. იმ პერიოდში დედა დეპუტატი იყო და ქსნის კოლონიაში ბათირასთან შეხვედრა მომიწყო, მაშინ ჯერ ჩემი თაობის ხალხი არ მყავდა იქ მისაკითხი და ბათირა ვინახულე. წარმოიდგინე მისი განცვიფრება, ჩვენ რომ დაგვინახა, ნორჩი გაფიცულები. შემდეგში ჩაერთვნენ დედაჩემი, მამაჩემი და ბათირა ციხიდან ვადაზე ადრე გამოვიდა. ერთხელ თბილისში ჩამომაკითხა, შველი ჩამომიტანა. უკვე 18 წლის ვიყავი, საცოლე გავაცანი... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ორი წლის შემდეგ გროზნოში მოკლეს. განაგრძეთ კითხვა