"სიგარეტს სად ვეწევი – ოთახში თუ ტუალეტში, სარეცხს როდის ვფენ და როდის ვხსნი, ეს ყოფილა ყველას საქმე და ღამით რომ კარებს გიმტვრევენ, ეს არა..." ირინა სარიშვილმა წუხანდელი ღამის ინციდენტის შესახებ ფეისბუქგვერდის მეშვეობით ამცნო საზოგადოებას:
„ცოტა ხნის წინ წავიდა პტრული ჩემი ბინიდან. ღამის 3 საათისთვის ვიღაც მთვრალი ტიპები მოადგნენ ჩემი ბინის კარებს და ხმამაღალი გინებით და მუქარით დაიწყეს ბრახუნი. კინაღამ გული გამისკდა. მთელი სადარბაზო გააღვიძეს. გამოვიძახეთ პატრული. სავარაუდოდ ბინა აერიათ ჩვენს ქვედა მეზობლებთან, სადაც რაღაც სადაოა.
ამ წუთას უკვე სიმშვიდეა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ პატრულის გამოძახება არც ერთ მეზობელს არ უფიქრია, მე კი თუ კარებს შემოლეწავდნენ, შეიძლება დარეკვა ვერც მომესწრო!“
რამდემინე საათში ქალბატონმა ირინამ გულშემატკივრებს აცნობა, რომ ხიფათმა ჩაიარა და მათთან უკვე ყველაფერი რიგზეა:
„ჩვენთან სიმშვიდეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც რამდენიმე საათის წინ აგაფორიაქეთ და ჩვენ ამბავს კითხულობთ.
მინდოდა დამეწერა, ყველაფერი რიგზეა-მეთქი, მაგრამ არ დავწერ, რადგან არ არის ყველაფერი რიგზე! და არც იქნება, სანამ ჩვენ იმას ვერ გავიგებთ, რა არის ჩვენი საქმე და რა - არა!
ჩემთან ვინ მოდის, ვინ მიდის, სიგარეტს სად ვეწევი – ოთახში თუ ტუალეტში, სარეცხს როდის ვფენ და როდის ვხსნი, ეს ყოფილა ყველას საქმე და ღამით რომ კარებს გიმტვრევენ გინებით და მუქარით, გააღეთ, თორემ აგკუწავთო, ამის გამო თავი რატომ უნდა შეიწუხო და პატრულში დარეკო! არ ჯობია, ბოლომდე სეირს უყურო ან უსმინო???
რომ ვერ მომესწრო აკანკალებულს ტელეფონის მოძებნა ღამის 3 საათზე და დარეკვა, რომ შემოვარდნილიყვნენ, სანამ იმას გაარკვევდნენ, თუ საერთოდ გაარკვევდნენ გალეშილები, რომ სხვაგან მოხვდნენ, ამდენ გინებას ასე მშვიდად რომელი ჩემი უფროსი ბიჭი მოუსმენდა?! უბედურებები, როცა მერე მოვთქვამთ, არაფერ შუაში მსხვერპლი არ იყოო, სხვანაირად კი არ ხდება!
სადღეგრძელოების და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების ქვეყანა ვართ ჩვენ! და არაფერი გვეშველება, სანამ ასეთები ვიქნებით!“.
მერი ბლიაძე