"თუ ამას კითხულობთ, ვინც ჩვენი გოგონა დაამცირა, მობრძანდით დაკრძალვაზე და თავად ნახეთ, რა ჩაიდინეთ..." სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების ერთი ნაწილი თავისი აგრესიით და შეურაცხყოფით მეორე ნაწილის პროვოცირებას იწვევს. ე.წ. ტროლინგით უმეტეს შემთხვევაში მასიდან მეტ-ნაკლებად გამორჩეულები ზარალდებიან. ინტერნეტსივრცეში მონიტორს ამოფარებულ ანონიმურ ტროლებს არაფერი ემუქრებათ, მათი თავდასხმის ობიექტი კი ჩვეულებრივი მსხვერპლი - თავდაცვის არმქონე სამიზნეს წარმოადგენს.
თუ ზრდასრული ადამიანისათვის შედარებით იოლია მისი მისამართით წამოსული ნეგატივისგან თავდაცვა, ეს ბავშვების და მოზარდებისათვის საკმაოდ რთულია. 14 წლის ემი ევერტი (ფსევდონიმით დოლი) ავსტრალიური კომპანია AKUBRA-ს სახე იყო.
ის 6 წლის ასაკში კოვბოური ქუდების რეკლამირებას ახდენდა. ფირმის თანამშრომლების გადმოცემით, მზრუნველი და სუფთა სულის მქონე კეთილი ბავშვი იყო. გოგონას უყვარდა ცხოველები და ყურადღებას არ აკლებდა მათ. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობამ ემი ცნობადი სახე გახადა ინტერნეტსივრცეში, მაგრამ თაყვანისმცემლებთან ერთად შურიანი და სიძულვილით სავსე ადამიანების რიცხვმაც იმატა. გოგონა ხშირად ხდებოდა მათი თავდასხმის ობიექტი. მოზარდმა ვეღარ აიტანა მუდმივი დამცირება და 2018 წლის 3 იანვარს თავი მოიკლა.
მან პატარა ნახატი დატოვა წარწერით: "ნუ იქნები ჩუმად, თუნდაც ხმა გიკანკალებდეს".
რამდენიმედღიანი სიჩუმის შემდეგ გოგონას მშობლებმა ჰეიტერებს მიმართეს.
"ზოგიერთი სუიციდს ლაჩრობად თვლის, მაგრამ ჩვენი გოგონას გამწარებლებს იმის ნახევარი ვაჟკაცობაც არ გააჩნიათ, რაც ემის ჰქონდა. მას უნდოდა ბოროტებას გაქცეოდა და ეს ისე გააკეთა, როგორც საჭიროდ ჩათვალა. თუ ამას კითხულობთ, ვინც ჩვენი გოგონა დაამცირა, მობრძანდით დაკრძალვაზე და თავად ნახეთ, თუ რა ჩაიდინეთ".
ემის ოჯახმა უკვე დაიწყო ინტერნეტში მიმდინარე შეურაცხმყოფელი გამოხმაურებების წინააღმდეგ კამპანია. თქვენ რას ფიქრობთ? რა ზომების მიღება შეიძლება, რათა მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს?
მოამზადა სალომე გორგოშიძემ