და წიგნი, რომელიც ფილმზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მართლა "საოცარია" "საოცარი ფილმია! ყველასთვის აუცილებლად სანახავი. მოზარდებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის... სკოლებშიც რომ მოეწყოს ჩვენება ამ ფილმის გადასარევი იქნება!"
მარკეტოლოგი სალომე მეცხვარიშვილი
"საოცრება" შარშან, წიგნის ფესტივალზე ვიყიდე. მიუხედავად იმისა, რომ +9 წლის ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი, მაშინვე ვიცოდი, რომ ბავშვებისთვის კი არა, პირველ რიგში ჩემთვის ვყიდულობდი. ეს წიგნი არის ყველა მშობლისთვის, ყველა მასწავლებლისთვის, სკოლის ყველა დირექტორისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვისთვის. ახლა რატომ გიზიარებთ, ბოლო კვირაა განსაკუთრებით ინტენსიურად მოიცვა აქაურობა წიგნის ეკრანიზაციამ, ჯულია რობერტსის მონაწილეობით. ვინც ნახა ფილმი, ყველა აღფრთოვანებულია და მეგობრებსაც ურჩევს ყურებას. კი, რა თქმა უნდა, ემოციურია, მაგრამ გამოცემასთან ახლოსაც ვერ მივა. ჩემი მოკრძალებული რეკომენდაციაა - თუ შეგხვდათ მეგობრის გაზიარებული ლინკი და წიგნი ჯერ არ წაგიკითხავთ, ჯობია ცოტა მოითმინოთ... წინ დიდი სიამოვნება და ზღვა ემოცია გელით".
ჟურნალისტი ანა მარშანია
ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ აღფრთოვანებული კომენტარებისა, რასაც იწვევს რ.ჯ. პალაციოს წიგნი "საოცრება" და მისი ეკრანიზაცია. ამბავი ერთ ჩვეულებრივ ბიჭზე, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. სახის გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა, 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ ჰგავს სხვა ბავშვებს... ერთ დღესაც სკოლაში წასვლა მოუწევს და აქედან იწყება მისი დიდი და საინტერესო თავგადასავლები.
ეკრანიზაციაში ავგუსტის როლს პატარა ჯეიკობ ტემბლი ასრულებს, მის დედას კი - ცნობილი მსახიობი ჯულია რობერტსი.
იმისათვის, რომ დიდმაც და პატარამაც გაიგოს, რომ სინამდვილეში არ აქვს მნიშვნელობა გარეგნობას, "ფიზიკურ ნაკლს", შეზღუდულ უნარებს, მთავარია ადამიანის შინაგანი სამყარო; იმის გასაგებად, რომ ერთმანეთი უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ისეთები, როგორებიც ვართ და ერთად ვეცადოთ სულიერად და მორალურად გაზრდას; იმის გასაგებად, რომ ნებისმიერ, ერთი შეხედვით ცუდ ადამიანსაც აქვს მეორე - კარგი მხარე, მთავარია ჩვენ ეს მხარე დავინახოთ და მის გამომჟღავნებაში დავეხმაროთ ადამიანს; იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორ უნდა ეპყრობოდეს დედა "განსხვავებულ ბავშვს", როგორ უნდა აღიქვამდეს საზოგადოება, როგორ უნდა იღებდნენ თანატოლები; იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რამდენი რამ შეუძლია სიკეთეს, უპირობო სიყვარულს და ურთიერთგაგებას და როგორ უნდა ვეცადოთ ყველა ერთად, რომ ვიყოთ ბედნიერები - უნდა უყუროთ ამ ფილმს ან წაიკითხოთ ეს წიგნი.