"ზოგჯერ ვპარავდი ნივთებს, რომ გაბრაზებულიყო... მაგრამ ის არ ბრაზდებოდა... " მაშინ 5 წლის ვიყავი... ერთ დღეს ლამაზი კაბა ჩამაცვეს, თმები არ დაუვარცხნიათ, რადგან არ მიყვარდა, უბრალოდ, გულმოდგინედ შემისწორეს, ხელით. მერე თბილი ქუდი დამაფარეს და სადღაც, უცნაურ შენობაში წამიყვანეს. მითხრეს, შენი დაიკო უნდა გაჩვენოთო. მეც წარმოვიდგინე, დამხვდებოდა ჩემი ტოლი გოგონა, ხელში თოჯინით, ჩემსავით ლამაზი კაბა ეცმეოდა, გაღიმებული შემომხედავდა და გამოიქცეოდა ჩემთან სათამაშოდ...
მაგრამ... ალბათ ძალიან სასაცილო გამომეტყველება მქონდა, როცა ნაჭრებში გახვეული პატარა არსება მაჩვენეს, რომელსაც თვალის გახელაც კი არ შეეძლო.მერე გაოცებული ვუყურებდი დედაჩემს და ვფიქრობდი, როგორ შეეძლო ამ სულელური არსების გამო ჩემთან ერთად არ წამოსულიყო სახლში....
...მერე ყველას ვეხვეწებოდი, წამომყოლოდნენ ჩემი დის სანახავად, მაინტერესებდა, ისინიც ჩემნაირად გაოცდებოდნენ მის დანახვაზე თუ არა.
ნელ-ნელა იზრდებოდა ეს პატარა არსება...
მერე ის მაინტერესებდა, ცისფრად ხედავდა ყველაფერს თუ ჩემსავით. მაგრამ თუ ვკითხავდი, ამომხედავდა, დააფახულებდა იმ თავის ლურჯ, დიდ თვალებს და გაიკრიჭებოდა. და მიკვირდა, როგორ განვსხვავდებოდით მე და ის ერთმანეთისგან. მაშინ როცა მე მხოლოდ საცვლებით შემეძლო მთელი დღე მერბინა, ის გარდერობში იჯდა და ათ კაბას ერთად იცვამდა... მე ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, მას კი შეეძლო მთელი დღე ერთი "ბათინკისთვის" თასმა თუნდაც ათასჯერ გაეყარა და გამოეძრო... მე შემეძლო დაუსრულებლად მელაპარაკა და არ დავღლილიყავი, ის კი სიტყვასაც არ ამბობდა... თავდაღუნული დადიოდა და ხშირად ეჯახებოდა ათასგვარ საგნებს...
მერე გაიზარდა ეს პატარა არსება და რაც იზრდებოდა, უფრო და უფრო საყვარელი ხდებოდა. მას უკეთილესი გული ჰქონდა... და ულამაზესი თვალები. ყველაფერი შეეძლო ჩემთვის მოეცა და ეჩუქებინა. სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდა ამას და ზოგჯერ ვპარავდი ნივთებს, რომ გაბრაზებულიყო... მაგრამ ის არ ბრაზდებოდა... ბედნიერად გამიღიმებდა, ამომანათებდა იმ თავის ლამაზ თვალებს და მეტყოდა, შენი იყოსო...
ის გაიზარდა და ახლა უკვე დედაა... მაგრამ ისეთივე გული და თვალები აქვს, როგორც ადრე... ბავშვობაში... და ვხვდები... მაშინაც, მისი გამოხედვა, როცა ლაპარაკი არ შეეძლო, მხოლოდ ამას ნიშნავდა - "შენ ყველაზე მაგარი დაიკო ხარ მსოფლიოშიო"...
და მე ის ახლა მსოფლიოს მირჩევნია.....
გილოცავ, ჩემო ერთადერთო!
ნინო ჩიტაშვილი