მშობლებს, რომლებიც 4 შვილის მოლოდინში იყვნენ, ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ გადარჩენა თუ სიკვდილი? მშობლებს, რომლებიც 4 შვილის მოლოდინში იყვნენ, ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ. როდესაც ივანა კარდენასმა და დევიდ გუტიერესმა გაიგეს, რომ ბავშვი ეყოლებოდათ, სიხარულისგან ცას ეწივნენ. პირველ ექოსკოპიურ კვლევაზე ექიმმა ამცნო წყვილს, რომ ტყუპები ეყოლებოდათ, მაგრამ შემდეგ შეასწორა, არა - 3 ნაყოფიაო, 5 წუთში კი კიდევ ერთი ნაყოფი დაინახა.
"ცრემლებს ვერ ვიკავებდით, - იხსენებს დევიდი. - ჩვენ გარშემო ყველა ყვიროდა, ჩვენ კი გაოგნებულები ვიყავით, გვეგონა, გვეხუმრებოდნენ".
ივანას შემთხვევა მედიცინაში იშვიათი მოვლენაა. სტატისტიკურად ბუნებრივი გზით ერთდროულად 4 ნაყოფის არსებობა 7000-დან ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი.
როდესაც ივანა ორსულობის 27-ე კვირაზე იყო, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ- ერთი ნაყოფი კვდებოდა. წყვილს არჩევანი უნდა გაეკეთებინა - დალოდებოდნენ სანამ ბავშვი დაიღუპებოდა ან დათანხმებოდნენ საკეისრო კვეთაზე.
"ერთ-ერთ ბავშვს არ მიეწოდებოდა საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი, ასე აგვიხსნა ექიმმა. უნდა მიეღოთ სასწრაფო გადაწყვეტილება, ან ერთ ბავშვს დაემშვიდობებით ან გარისკავთ ოთხივეს სიცოცხლითო. გაითვალისწინეთ, მათი დაბადების შემთხვევაში გადარჩენის რისკი 40%-იაო".
ივანამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეჩინა. როგორც კი ოთხივე ახალშობილი დაიბადა, მაშინვე გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
გაბრიელი იყო ის, ვისაც ჟანგბადი არ ჰყოფნიდა. ის 539 გრამს იწონიდა. კრუნჩხვა დაეწყო და ჟანგბადის დონე სულ უფრო დაბლა დაეცა. ექიმები წყვილს ცუდი პროგნოზისთვის ამზადებდნენ.
"ის კვდებოდა და ჩვენ ამას ვუყურებდით. უცებ გათეთრდა... გვითხრეს, რომ ახლოს მივსულიყავით კუვეზთან (სადაც ბავშვი იწვა). მათ სურდათ გაეხსნათ და დავმშვიდობებოდით მას", - იხსენებს ივანა.
მაგრამ უცებ მოხდა სასწაული. ყოველგვარი სამეცნიერო ახსნის გარეშე სისხლში ჟანგბადის მაჩვენებელმა მატება დაიწყო. ნელ-ნელა წონაშიც მოიმატა. რეანიმაციულ განყოფილებაში 140 დღე გაატარა.
"ის არაჩვეულებრივი ბავშვია, ისევე როგორც დანარჩენები, ის ნამდვილი მეომარია", - ამბობს ივანა.
ახლა ბავშვები 3 წლის არიან, ჯანმრთელები და ბედნიერები. მშობლები კი ცდილობენ დაივიწყონ ის საშინელი დღეები, რომელიც გადაიტანეს.