"ნათქვამი მქონდა, რომ აბორტს არასდროს გავიკეთებდი და იმდენ შვილს გავაჩენდი, რამდენსაც ღმერთი ინებებდა!" 48 წლის მაყვალა ჭოლიკიშვილსა და 58 წლის მალხაზ გოგოლაურს 7 შვილი ჰყავთ. ფშავლები არიან და 8 წელია უკვე თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. დიასახლისი მეუბნება, რომ მართალია სარდაფში, მაგრამ ახლა უკეთეს პირობებში, სუფთა და გარემონტებულ ბინაში ცხოვრობენ, ვიდრე ადრე. გულში მექანიკურად ვითვლი საფეხურებს: ერთი, ორი, სამი, ოთხი... ესე იგი, 4 საფეხურით ჩადიხარ მიწის ქვევით...
გთავაზობთ ამონარიდებს მრავალშვილიანი დედის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა:
"ნათქვამი მქონდა, რომ აბორტს არასდროს გავიკეთებდი და იმდენ შვილს გავაჩენდი, რამდენსაც ღმერთი ინებებდა! ახლა 7 შვილი გვყავს: უფროსი გოგო, ნანა 28 წლისაა, თემური - 26-ის, ილია - 24-ის, მაიკო - 24 წლის, 18 წლისაა ნინო, გიორგი - 13-ის და სულ პატარა, გიგი 12-ის. ერთი სიტყვით, 36 წლისას უკვე შვიდივე შვილი მყავდა. სხვათა შორის, შვილების გაზრდაში არავინ დამხმარებია, უფროსი გოგოს გარდა. მე და ჩემი ქმარი მინდორში სამუშაოდ რომ მივდიოდით, მას ვუტოვებდით პატარებს..."
"არ მახსოვს, სახელმწიფო რამით დაგვხმარებოდეს. ბევრი გაჭირვება გამომივლია, მაგრამ... ერთადერთხელ, სხვა გამოსავალი რომ ვერ ვნახე, დედოფლისწყაროს გამგეობაში მივედი... შევედი გამგებლის კაბინეტში და ვუთხარი, - ფულს არ გთხოვთ, იქნებ პროდუქტით დამეხმაროთ, რომ ბავშვები მშივრები არ მყავდეს-მეთქი. გამგებელთან ერთად ოთახში ვიღაც ქალი იყო. ჩემს ნათქვამზე ჯერ გადაიხარხარეს, მერე შემომიტრიალდა ის ქალბატონი და მითხრა: თქვენ რა, მთავრობის ხარჯზე აჩენდით ამდენ შვილსო? ახლაც ცრემლები მებჯინება ყელში ამის გახსენებაზე..."
"ვისაც გაჭირვება არ გამოუვლია, ამას ვერც გაიგებს. იყო პერიოდი, როდესაც მთელი თვე პურის ფულიც არ მქონია, მარილიც ვერ მიყიდია და ვცდილობდი თეთრიც კი გამომეზოგა. ყოველ მშობიარობაზე უფალს ვთხოვდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. უფლის იმედად ვიყავი და საერთოდ არ მეშინოდა. მეზობელსაც კი არ ვეძახდი, ჭიპლარსაც თვითონ ვჭრიდი..."
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 8 მარტის ნომერში.