"დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილის სიცილი ერთხელაც გავიგონო" "ჩემს ხმასა და მოფერებაზე ტირის, ძმისა და მამის ხმაზეც, კარს რომ შემოაღებენ, თვალებს ატრიალებს და ცრემლი ადგება. ცრემლს ვწმენდ და მეც ვტირი, მაგრამ უკვე უცრემლოდ - ცრემლი გამიშრა"
მათი ბინის კარის შეღებისას ტკბილ ჩურჩულს გაიგონებ, ისეთს, დედები პაწია შვილებს გაღვიძებისას რომ ეფერებიან, თუმცა ამ სახლში არც ჩვილია და არც - ბედნიერი დედა. ქალი, ოთხი წელიწადია, 27 წლის უგონო შვილს უვლის. 26 წლის ირაკლი ჩხაიძე ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაშია. ფართოდ გახელილ თვალებში დედის ხმაზე ცრემლები უგუბდება და ღაწვებზე ნელ-ნელა ჩამოსდის. იმ საბედისწერო დღეს 22 წლის ვაჟკაცს მანქანა დაეჯახა და მათი ცხოვრებაც უკუღმა დატრიალდა.
ფატიმა ლიპარტელიანი: - ირაკლი ჯარში იყო, კოჯრის ნაწილში მსახურობდა. აღდგომის წინადღეს მეთაურმა ერთი დღით ყველა გაათავისუფლა. ბიჭები თბილისში მცხოვრებ მეგობართან წასულან. იქ რომელიღაცას ღამის 11 საათზე სიგარეტი მონდომებია. ირაკლი არ ეწეოდა, მაგრამ ბიჭებისთვის უთქვამს, წავალ, მე ვიყიდიო. გავიდა და იქვე, სახლთან დაეჯახა მანქანა.
იმ დღეს მთელი დღე ვწრიალებდი. დღე არ ყოფილა, ირაკლის ჩემთვის არ დაერეკა. მთელი დღე მისი ხმის გარეშე რომ გამეპარა, საღამოს მე დავრეკე. მეგობარმა მიპასუხა, ირაკლის ტელეფონი დარჩაო. თურმე ამ დროს უკვე
ღუდუშაურის კლინიკაში იყო, უმძიმესი ჭრილობებით.…
- ასეთი რა დაზიანებები ჰქონდა, რომ კომა გამოიწვია?
- ტაქსი დაეჯახა... ჯერ "კაპოტზე" შეაგდო, მერე კი ასფალტზე გადმოაგდო... მოტეხილობებს ეშველებოდა, რომ არა თავში სისხლჩაქცევები.
ექიმმა მითხრა, ოპერაციას აზრი არა აქვს, სიკვდილს ყოველ წამს უნდა ველოდოთო. ორი კვირის მანძილზე ამას მიმეორებდნენ,…მე კი კარდიოგრამას შევცქეროდი. როცა ჩემს შვილს ყურში ჩავჩურჩულებდი, კარდიოგრამაზე გულისცემა იცვლებოდა და ექიმებისთვის როგორ დამეჯერებინა!
ამიტომ ბავშვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მოვითხოვე, იქიდან კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გორში არავინ მყავდა, ამიტომ თბილისში ნათესავთან დავსახლდი და ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. სამი დღე ვმუშაობდი, ოთხი დღე კი გორში დავდიოდი შვილთან.
ექიმები ჩემს შვილს თავდაუზოგავად უვლიდნენ, მერე მათაც იმედი გადაიწურეს. მე კი ერთ დღეს, როცა მხოლოდ ექთანი იყო პალატაში,
ირაკლის ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, შვილო, ჩვენი არავის სჯერა, რამე ნიშანი მივცეთ, რომ გესმის-მეთქი! ამის თქმა იყო და, მაჯაზე ირაკლის თითების მოჭერა ვიგრძენი და ისე ვიყვირე, ექთანი მოვარდა. ირაკლის ხელს დახედა და ექიმებთან გაიქცა - ნახეთ, რა ხდებაო!
ასე მრავალჯერ განმეორდა, მაგრამ ექიმებმა საერთო გაუმჯობესებისა ვერაფერი შენიშნეს და გაუბედავად მითხრეს, ნება მოგვეცით, ბიჭი აპარატიდან მოვხსნათო.
იმ დღეს შეშლილივით წამოვედი თბილისში. გამთენიისას ჩამთვლიმა და ირაკლი დამესიზმრა, სასუნთქი აპარატი მოეხსნა. სიზმარში შევტირე, ეს რა გიქნია, შვილო, როგორ ისუნთქებ-მეთქი, მან კი გამიღიმა, ნუ გეშინია, აღარ მჭირდებაო. მეორე დღეს გიჟივით გავიქეცი გორში და პალატაში შესული კარშივე ჩავიკეცე - ჩემს შვილს მართლა მოხსნილი ჰქონდა სასუნთქი აპარატი.
ექიმმა ამაყენა, ნუ გეშინიათ, გულის ფუნქციები აღდგა და იმიტომ მოვხსენითო. გაგრძელება წაიკითხეთ აქ