შორენა ხელაძე, მშობელი:
- შვილი ხუთი წელი არ მყავდა. სად არ ვიარე, როგორ არ ვიმკურნალე... საბოლოოდ, ექიმებმა დამარწმუნეს, რომ პატარა არასოდეს მომეცემოდა. მე და ჩემი მეუღლე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მივედით და მამა მერაბს ჩვენი გულისტკივილი გავანდეთ. მაშინვე გვითხრა, თქვენ აუცილებლად მოგცემთ უფალი შვილსო და თან მისივე დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გაგვატანა. იმ დღიდან ჩემმა მეუღლემ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დაიცვა შობის მარხვა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მამა მერაბმა გვითხრა, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გიკურთხებთ და მალე ორსულობის ამბავსაც შეიტყობთო. ზუსტად მახსოვს, 25 იანვარი იყო როცა სახლი გვიკურთხა. რამდენიმე დღეში კი გავიგე - ფეხმძიმედ ვიყავი. თანაც, ღვთის მადლით, ორსულობამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. არადა, სრულად მქონდა დაზიანებული მილები. ამას ახლდა კიდევ სხვა პრობლემები, რაც ექიმების თქმით, ჩემს ორსულობას აბსოლუტურად გამორიცხავდა. ეს იმდენად შეუძლებელი იყო, ექიმი ხელოვნურ განაყოფიერებასაც კი არ მირჩევდა. გაოცდნენ, როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყვეს. მამა მერაბი მუცელზე ხელს მადებდა, ჯვარს მსახავდა და თან ლოცვას მიკითხავდა ხოლმე...
ხათუნა მაყაშვილი, მშობელი:
- შვილი რვა წელი არ მყავდა. როცა უფალმა ინება და დავფეხმძიმდი, ექიმთან ერთ-ერთ ვიზიტზე მითხრეს, რომ ბავშვი არ სუნთქავდა და მეორე დღეს აბორტისთვის დამიბარეს... მაშინ მამა მერაბი ტაძარს აგებდა და შეწირულობაზე თავად დადიოდა. საღამოს კარზე ზარი გაისმა. გავაღეთ. მამა მერაბი იდგა. ვუთხარით ჩვენი თავზარდამცემი ამბის შესახებ. შემოვიდა და მთელი ღამე ლოცვები მიკითხა, დილამდე არ დაგვტოვა. მეორე დღეს ექიმთან წავედი და მითხრეს, რომ ბავშვი სუნთქავდა...
ნათია, მშობელი:
-19 წელი შვილის ნატვრაში გავატარეთ. როცა მამა მერაბის და მისი ხელით აღსრულებული სასწაულების შესახებ შევიტყვეთ, ტაძარს მივაკითხეთ. მამა მერაბმა გვითხრა, თქვენს შვილოსნობას ერთი თვეც არ დააგვიანდებაო. თანაც, დაამატა, ტყუპი გეყოლებათო. მართლაც, სწორედ ერთი თვის შემდეგ შევიტყვე ფეხმძიმობის შესახებ და მოგვიანებით ისიც, რომ ორ შვილს ველოდებოდით...
ელისაბედ ნიკოლაძე, მშობელი:
შვილი 16 წელი არ გვეძლეოდა. წლების მანძილზე უამრავ კლინიკასთან და ექიმთან გვქონდა შეხება. მამა მერაბის დალოცვისა და მაცხოვრის ხატის წაბრძანების შემდეგ შემდეგ უფალმა დიდი სიხარული - იოანე ხოხიაშვილი გვაჩუქა.
თამარ არტბელავა, მშობელი:
-შვილს ოთხი წელი ველოდებოდი. მამა მერაბთან მოსვლიდან ერთ თვეში, როგორც თავადვე მითხრა, ფეხმძიმედ აღმოვჩნდი და უფალმა დემეტრე ბაღათურია გვაჩუქა...
ნატო ძვანბაია, მშობელი:
შვილი ხუთი წელი არ მყავდა. მამა მერაბის შესახებ დედამ შეიტყო. გადავწყვიტეთ მოვსულიყავით. უფლის წყალობით და მამა მერაბის ლოცვით შემეძინა დავით ჭოხონელიძე.
შვილის შეძენით გახარებული უშვილო ოჯახები, განკურნებული შშმ პირები, ჯანმრთელობის თუ სიდუხჭირის მოგვარებული პრობლემები - ამ ყველაფერს მორწმუნეები დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარს მამა ბერაბს (დეკანოსიძე) უკავშირებენ.
მამა მერაბი ერთ დროს მეტად აქტიური, ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და კვლევის ინსტიტუტის ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო. მის მიერ აგებულ ტაძარში მომხდარ სასწაულებზე მოძღვარი და მორწმუნეები თავად საუბრობენ.
- არც ისე დიდი ხნის წინ ტაძარში ორი ძმა მოვიდა. ერთი მათგანი ცხრა წელი ელოდებოდა შვილს, მეორე კი - ექვსი. უფლის ნებითა და ჩემი დალოცვით ერთ-ერთი უკვე ხარობს პატარა ანგელოზით, მეორეს მეუღლე კი მალე ელოდება...
ერთი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოში ჰოლანდიიდან გამოემგზავრა. რვა წელი შვილი არ ჰყავდა. ჩემ მიერ დაწერილი ხატი ჰოლანდიაში წააბრძანა. გარკვეული დროის შემდეგ მისი ჰოლანდიელი მეუღლე შვილთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა და ჩვენს ტაძარს ესტუმრა... ბარბარობას ლოცვის შემდეგ უფალს შევთხოვე, დღევანდელი დღის მადლით უშვილოებს შვილი მიეცეთ-მეთქი და იმავე საღამოს ოთხმა დარეკა, ფეხმძიმობის შესახებ შეგვატყობინეს...
მახსოვს, უშვილობის გამო ერთხელ ტაძარში ძალიან დამწუხრებული მამაკაცი მოვიდა. ვუთხარი, წმინდა ნიკოლოზის ხატი წააბრძანე და სამ თვეში შვილი მოგეცემა-მეთქი. ნიკოლოზობას ვზეიმობდით, რომ დამირეკა - დღეს ჩემი მეუღლე ექიმთან იყო და ფეხმძიმედ აღმოჩნდაო. ჩემგან გაიგეს, რომ ის დღე ნიკოლოზობა იყო... ასე გაჩნდა პატარა ნიკოლოზი... ერთხელ, უცნობი გოგონას პორტრეტი დავხატე. რამდენიმე დღეში ტაძარში გოგონა შემოვიდა. იქვე ვიდექი. სურათიც ახლოს იდო. ვიფიქრე, რა ნაცნობი სახე აქვს-მეთქი. ორივემ თითქმის ერთდროულად შევხედეთ ნახატს და მივხვდით, რომ სურათზე სწორედ ის იყო დახატული. მას შემდეგ ხშირად მოდიოდა ტაძარში. თურმე, არც მას ეძლეოდა შვილი. წმინდა ნიკოლოზის ხატი გავატანე... ახლა უკვე ორი შვილის დედაა.
- დიახ, ასეთი შემთხვევებიც ხშირია. ამ ზაფხულს აჭარაში მოვხვდი. ერთი ქალბატონი გავიცანი, სახლში მიგვიპატიჟა. მითხრა, 35 წელია ჩემს მეუღლეს ვეხვეწები და ქრისტიანად არ ინათლებაო. სუფრასთან დავსხედით, დავუკარი, ვიმღერე, ჩემი ნახატები დავათვალიერებინე და მოგვიანებით ვუთხარი, არ გინდა, შენი ნათლია ვიყო-მეთქი? ყველაფერი შესაძლებელიაო - მითხრა. იქვე მოვნათლე ისიც, მისი ძმაც და მთელი სანათესაო-სამეზობლო.
ნათლობის შემდეგ ცოლ-ქმარს ჯვარიც დავწერე. ტელეფონს არასოდეს ვთიშავ, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება ვინმეს დავჭირდე. ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა დამირეკა, თავის მოკვლას ვაპირებო. დავარწმუნე ტაძარში მოსულიყო. მოსულმა ამიხსნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და არ სურდა, ოჯახის წევრებისთვის ტვირთი დიდხანს ყოფილიყო. საუბრისას აღმოვაჩინე, რომ პროფესიით მხატვარი გახლდათ. ჩემს სახელოსნოში შევიყვანე, დავახატინე, ვესაუბრე. მას შემდეგ აქტიური ხატვა დაიწყო და დღეს უკვე ხატვა მისი შემოსავლის მთავარი წყაროა...
- 40 წლის ვიყავი, როცა ყოველ ღამე 3 საათზე ხმა მაღვიძებდა და მეუბნებოდა: დასრულდა შენი ერისკაცული საქმიანობა, დარჩენილი ცხოვრება უფალს უნდა ემსახუროო. ერთი და იგივე ექვს თვეს გრძელდებოდა. თან ფსალმუნებს მკარნახობდა, რომელსაც ვკითხულობდი. ამის შესახებ არავის ვეუბნებოდი. როცა ერთ-ერთ უღრან ტყეში აგებულ მონასტერში წავედი, ფსალმუნები და ხუცურად კითხვა უკვე ვიცოდი. ექვს თვეში ერთ-ერთი მეუფის დიაკვნად შემმოსეს. რაც შეეხება ტაძარს, მის ასაგებად პატრიარქმა გამომარჩია. მითხრა, შენ ყველაფერი გამოგივაო. თვალები დახუჭა და მითხრა ადგილი, სადაც ტაძარი უნდა ამეგო. მისი სიტყვებით გაძლიერებული იმ ადგილას მივედი, იქვე, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში შევედი და დავიძახე, უფალმა ინება თქვენთან მოსვლა-მეთქი. 30 ადამიანამდე შეგროვდა. პარაკლისი გადავიხადე. იქვე ჯვარი შევკარით და აღვმართეთ. ამ ჯვარს ერთი კვირა შეუჩერებლად სდიოდა მირონი... სხვათა შორის, ამ უბანში ერთი გოგონა ცხოვრობდა.
თავად მაქვს ნანახი, როგორ ესახებოდა შუბლზე ჯვარი და ბარძიმი. მას უთქვამს მეზობლებისთვის, იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ჯვარი აღვმართეთ, ღვთისმშობელს ხედავდა. ორ თვეში გამოჩნდება მამაო, რომელიც ერთი შეხედვით, რბილი ხასიათისაა, მაგრამ რეალურად ბრძოლისუნარიანი და პრინციპული პიროვნებააო... დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკროებს შორის ღრმა არხი გადიოდა და მასწავლებლებს არხის აქეთ-იქით მდებარე სკოლებში ტრანსპორტით უხდებოდათ გადაადგილება. ამ გოგონას ისიც უთქვამს, ეს ადამიანი ამ ორ მხარეს ერთმანეთს დაუკავშირებსო. მართლაც, დღეს იქ უკვე ხიდი არსებობს. რომ მნახა, თქვა, ეს სწორედ ის მამაოა, ვისზეც გითხარითო. თავისი მოქსოვილი წმინდა ნინოს ჯვარი გადამაცვა. 7 თვეში ეკლესია ავაგეთ.
- ტაძრის მშენებლობის პერიოდში მოწყალებაზე დავდიოდი. ერთმა მამაკაცმა ოჯახში შემიპატიჟა. გიტარა დავინახე. მასპინძელმა მითხრა, რომ პროფესიონალი გიტარისტი იყო, თუმცა, კონკრეტული მიზეზის გამო მყესები დაუზიანდა და ვეღარ უკრავდა. ამ ფაქტს ისიც და მისი მეუღლეც მეტად განიცდიდნენ. გიტარა ავიღე, დავუკარი, ვიმღერე და შემდეგ მასპინძელს გადავაწოდე - აბა, ახლა შენ დაუკარი-მეთქი... ინსტიქტურად გამომართვა და დაუკრა... ცოლ-ქმარი სიხარულის ცრემლსა და ემოციებს ვერ ფარავდა... მოგვიანებით მისი მეუღლე სხვა ოთახში შემიძღვა და მისი დახატული სურათები მაჩვენა. გაუჩნდა სურვილი დავეხატე და მას შემდეგ, რაც ჩემი სურათი დავინახე, 53 წლის ასაკში ხატვა თავად დავიწყე... სამ თვეში მხატვართა კავშირის წევრი გავხდი და უკვე ჩემი 20 პერსონალური გამოფენა გაიმართა. დღემდე 30 000-მდე სურათი მაქვს დახატული და 10 000-მდე ხატი - დაწერილი... არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს. ყოველ ღამე ვხატავ...სხვათა შორის, როცა პატრიარქმა შეიტყო, რომ აღარ ვუკრავდი, წერილი მომწერა. მწერდა, მამა მერაბ, კარგია ლოცვა და მარხვა, მაგრამ ხალხი ძალიან გამოიფიტა სულიერად. გთხოვ, მრევლში დანერგო სიმღერა, ხატვა, ცეკვა და კინემატოგრაფია...
შორენა ლაბაძე