"სამწუხაროდ, მამაკაცის ღალატი ჩვენთან ნორმად არის მიჩნეული" "ე.წ. კეთილისმსურველებს ძალიან ბევრი ლამაზი ურთიერთობა დაუნგრევიათ" ეჭვიანობა ყველაზე რთული და ამოუხსნელი გრძნობაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას ახასიათებს. არავინ იცის, საიდან ჩნდება ეჭვი, როგორ იბუდებს ადამიანის გულში ან როგორ ვითარდება. ქრისტიანული რელიგია მიიჩნევს, რომ ეჭვი ადამიანის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს; ეჭვიანობას დამანგრეველ გრძნობად მიიჩნევენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც. მაგალითად, ბუდიზმის მიხედვით, "არაფერია ეჭვზე უფრო საზარელი... ეს არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ეს არის ხანჯალი, რომელიც კლავს". ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ ამ გრძნობას წარმატებული ადამიანები და არიან თუ არა ისინი ეჭვიანები:
"რაც უფრო მეტად გიყვარს, მით მეტად ეჭვიანობ"
თათული დოლიძე, მსახიობი:
- ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით მეტად ეჭვიანობ. მართალია, ამ გრძნობას დიდი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ ის ყოველთვის მოულოდნელად მოდის. ალბათ, აქაც "ოქროს შუალედის" დაცვაა საჭირო: გადამეტებული ეჭვიანობა ყოველთვის დიდ უთანხმოებას იწვევს ადამიანებს შორის, მაგრამ სულ თუ არ ეჭვიანობ, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი არ განაღვლებს, არ გაინტერესებს სად არის, როგორ არის, რას აკეთებს... ასე რომ, ზომიერება ამ გრძნობაშიც საჭიროა. ალბათ, ყველაზე ძნელი ასატანი ეჭვიანი მამაკაცია, რადგან ასეთი კაცები ხშირად უჯერებენ ე.წ. კეთილისმსურველებს და ურთიერთობას ბოროტი ენების გამო ანგრევენ. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საბაბი გაქვს, იეჭვიანებ, მაგრამ ყოველგვარი საბაბის გარეშე ჭორებს რომ დაუჯერებ, ეს უკვე არანორმალური მოვლენაა. ჩემი აზრით, თუ ძალიან გიყვარს და თუ ეს სერიოზული ურთიერთობააა, ძალაუნებურად პატიობ, მარტო ღალატს კი არა, უფრო ცუდ რამეებსაც. სამწუხაროდ, მამაკაცის ღალატი ჩვენთან ნორმად არის მიჩნეული და განა მარტო ჩვენთან? - ეს დაუწერელი კანონივით, ყველა ქვეყანაშია მიღებული. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ: ისინი ღალატს გენდერული ნიშნით არ ყოფენ.
ნინო ერისთავის რეალური ქმარ-შვილი და თეატრალური წარსული
"ვფიქრობ, რომ ეს გრძნობა კი არა, ავადმყოფობაა"
ზურა დოიჯაშვილი, მუსიკოსი:
- ეჭვიანი საერთოდ არა ვარ. ვფიქრობ, რომ ეჭვიანობა ავადმყოფობაა, რომლის ნიადაგზეც ძალიან ბევრი ოჯახი და ბევრი ლამაზი ურთიერთობა ინგრევა. პირველ რიგში, ღმერთის უნდა გწამდეს, რადგან მორწმუნე ადამიანს ეჭვი და სხვა ქვენა გრძნობები ადვილად ვერ ერევა. მართალია, ეჭვის ჩანასახი ყველას გულშია, მაგრამ თუ ადამიანი გიყვარს და მასაც უყვარხარ, მასში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს. როდესაც ოჯახში ეჭვი ჩნდება, ამას ოჯახი უკვე აღარც ჰქვია. ასევე აუტანელია, როცა მეგობარს ან ახლობელ ადამიანს არ ენდობი. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ მეგობარი მიღალატებდა, რადგან ადამიანებში ყოველთვის კარგს ვეძებ, მით უმეტეს, ჩემს მეგობრებში. თუ რომელიმე მათგანი რაღაცას მაწყენინებს, პირდაპირ ვეტყვი და ისიც მეტყვის. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მეგობარი მყავს და ეჭვი არც ერთ მათგანში არ შემპარვია. შეიძლება წალაპარაკება და მცირე კონფლიქტი მოგვიხდეს, მაგრამ თუ ერთმანეთს არ ვაპატიებთ, ეს რაღა მეგობრობაა? განაგრძეთ კითხვა