"ჩემი შვილია და ნუ მასწავლით, როგორ მოვიქცე. გადაქანცული დღის შემდეგ ნამდვილად მჭირდება დასვენება. არ მაქვს ნერვები სათამაშოების ჩხარუნის"
სამარშრუტოში ძლივს ავბობღდი. ახალგაზრდა ქალმა ტელეფონზე საუბარი ის-ის იყო დაასრულა: "დავისვენე, ჩემს შვილს სათამაშოების მიმართ ინტერესი გაუქრა, ფულიც მეზოგება და ნერვებიც"... - გვერდზე მჯდომმა ქალბატონმა "გაბედა" მისთვის ჭკუა ესწავლებინა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დიალოგი ცხარე კამათში გადაიზარდა:
- რა არის სასიხარულო? პატარებს ბავშვობას ართმევთ თქვენნაირები!
- ჩემი შვილია და ნუ მასწავლით, როგორ მოვიქცე. გადაქანცული დღის შემდეგ ნამდვილად მჭირდება დასვენება. არ მაქვს ნერვები სათამაშოების ჩხარუნის. თან აღარ უნდა ჩემს თანამედროვე პატარას იაფასიანი მანქანებით და ხარახურებით თამაში, ყველაფერს ტეხს, ამიტომაც დაძინებამდე ერთად ვუყურებთ კოპიუტერში მულტფილმებს და მერე ორივე ვიძინებთ. დღისით კი ძიძა ართობს.
- ნეტავ, რისთვის აჩენთ ბავშვებს?
- შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ, ქალბატონო!
- რა არის შეურაცხმყოფელი. სულ არ გინდათ თავის შეწუხება თანამედროვე მშობლებს! დაუკარგეთ ბავშვებს ბავშვობა! რობოტებად აქციეთ, დაამუნჯეთ, დააბრმავეთ, დააყრუეთ პატარები.
ჩემი მარშრუტიდან ჩამოსვლის დროც დადგა, აღარ ვიცი, როგორ დამთავრდა ორ ქალბატონს შორის დაპირისპირება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს ბოლომდე არ ვეთანხმები, სწორედ მათ გამო გადავწყვიტე გამემახვილებინა ყურადღება, თუ რა როლი ენიჭება თამაშს ბავშვის ცხოვრებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი პატარას ზრდა-განვითარებისთვის იგი მნიშვნელოვანი.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში, მშობლების ნაწილი ბოლომდე მაინც ვერ იზიარებს მის მნიშვნელობას ბავშვის ცხოვრებაში. უფრო მეტიც, თანამედროვე ეპოქაში ადვილი შესამჩნევი ხდება, თუ როგორ ჩაანაცვლა ჯანსაღი და უსაფრთხო თამაშები კომპიუტერულმა თამაშებმა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თამაში უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანატოლებთან, მოზრდილებთან ურთიერთობის ძირითადი ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მაშინ უფრო მარტივად აღსაქმელი იქნება, რას კარგავს პატარა კომპიუტერთან მიჯაჭვული ურთიერთობის გამო.
ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმებიც. გამოყოფენ თამაშის რამდენიმე სახეს:
1. მოტორული თამაშები – მოიცავს სირბილს, ხტუნვას, სხვადასხვა მოტორულს აქტივობებს და ხელს უწყობს ბავშვის მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას. 2. როლური თამაშები - ბავშვები ასრულებენ სხვადასხვა როლებს. იგი საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე, გაითვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი ქცევა. ამ ტიპის თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც. 3. თამაში "ბრძოლა'' - თამაშის ეს ფორმა არ გულისხმობს რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას, ეს მხოლოდ თამაშია და არა ჩხუბი. იგი საშუალებას აძლევს ბავშვს მოსინჯოს საკუთარი ძალები და დახარჯოს ზედმეტი ენერგია. 4. წესებიანი თამაში - ამ სახის თამაშში არსებობს წესები, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ასევე თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული.
რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის ზრდა - განვითარებისთვის თამაშს?
ჭორიკანას ბლოგი