"ჯერ არგაციებული მამის შვილები მშიერი დატოვეს... " - ამბავი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა სოციალური ქსელის აღშფოთებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ერთი პოსტიც საკმარისია, რომ ხალხმა აიტაცოს, ლანძღოს ან მიწასთან გაასწოროს ვინმე. ასეთი პოსტი ამჯერად ტყიბულელი მაღაროელის ოჯახს ეხებოდა.
"სიახლე რომელმაც გული მომიკლა. დღეს დილით ასეთი შეტყობინება მივიღე. ტყიბულის ტრაგედიიდან, როდესაც დაღუპულები დაკრძალეს, მეორე დღეს ერთ-ერთი მეშახტის მრავალშვილიან ოჯახში უნამუსოდ მივიდა ბანკის წარმომადგენელი და იქედან გამომდინარე, რომ პროცენტს ვერ იხდიდა, სახლში არსებული ნივთები ჩამოართვა. მიუხედავად მეზობლების წივილ-კივილისა, არ გაითვალისწინეს ის ფაქტიც, რომ გლოვის დღე იყო. ეშმაკიც არ იკადრებდა მეორე დილით ამის გაკეთებას. ჯერ არგაციებული მამის შვილები მშიერი დატოვეს... ვინ გასცემს პასუხს ამ ამბავს? რას უშვრებით ულუკმაპუროდ დარჩენილ ობლებს... ქართულო ბანკებო!!!"...
ამ ინფორმაციას რეკორდულად დიდი გაზიარება და არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა...
ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ქუთაისიდან გვპასუხობს:
- დიახ, ვნახე სოციალურ ქსელში წარმოუდგენლად ბევრი გაზიარება ჰქონდა პოსტს და ენით აუწერელი ლანძღვა-თათხვა... თავად დავუკავშირდი ტყიბულში ადგილობრივ ჟუნალისტს, რომელმაც მითხრა, რომ დღეს ერთ-ერთმა ფონდმა გარკვეული თანხა გადასცა ყველა დაღუპული მეშახტის ოჯახს, ანუ ყველა ოჯახში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და არსად მსგავსი რამ არ უთქვამთ... ტყიბულის არც ერთი ადგილობრივი ბიურო არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.
შემდეგ გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დავუკავშირდი, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ არაფერი სმენია და თავად გადაამოწმებს ყველა ოჯახთან, ჰქონდა თუ არა ასეთ ინციდენტს ადგილი...
როგორც ვხვდები რაღაც ჯგუფმა ეს ინფორმაცია არასწორად გაავრცელა და ტექნიკურად ძალიან ბევრი ადამიანისგან არასწორად მოხდა ინფორმაციის რეკორდული გავრცელება.
მანანა გაბრიჭიძე