რა უნდა წავიღოთ მიცვალებულის სახელზე საფლავზე და ეკლესიაში? - მიცვალებულის დღე ეკლესიურად - მშობლები

რა უნდა წავიღოთ მიცვალებულის სახელზე საფლავზე და ეკლესიაში? - მიცვალებულის დღე ეკლესიურად

2018-04-17 06:37:56+04:00

რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, რომ ჩვენს მიცვალებულებს პატივი მივაგოთ აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს, კვირაცხოვლობის თომას კვირის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს, რომ ჩვენს მიცვალებულებს პატივი მივაგოთ. რა უნდა წავიღოთ საფლავზე და ეკლესიაში. გვესაუბრება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის

მთავარანგელოსთა სახელობის მამათა მონასტრის წინამდძღვარი მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე):

- რატომ დაწესდა აღდგომის შემდეგი კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება?

- ამით ჩვენს მიცვალებულებს ვახარებთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რადგან ქრისტეს სიკვდილით მომკვდარ იქმნა სიკვდილი.

- მამაო, რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა მოხსენიებას? რა გვევალება ამ დღისთვის, როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ქრისტიანული წესის მიხედვით, მორწმუნე ადამიანები ამზადებენ საკურთხს, ტრაპეზს რისი საშუალებაც აქვთ და მცირედი ტაძარში მიაქვთ, რათა მღვდელმა მიცვალებულთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადოს. ვისაც არ აქვს ტრაპეზის მომზადების საშუალება, შეიძლება მხოლოდ მიცვალებულთა სახელების მოხსენიებაც.

- ტაძარში აუცილებელია წირვა- ლოცვაზე დასწრება?

- მნიშვნელოვანია თითოეული მორწმუნე მსახურებას ესწრებოდეს და ლოცულობდეს საკუთარი წინაპრებისთვის, რომელთა მეშვეობით გვიბოძა სიცოცხლე ყოვლადსახიერმან ღმერთმა.

- თუკი მიცვალებულთა წირვას დავესწრებით ტაძარში მიცვალებულთა სახელზე საკურთხის მიტანა აუცილებელია?

- თუ ამის შესაძლებლობაა, ძალიან კარგია მიცვალებულების სახელზე სეფისკვერის შეწირვა. (სეფისკვერი იყიდება ცოცხლებისთვისაც და მიცვალებულებისთვისაც. ჯვრის ფორმა მიცვალებულისაა, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი - ცოცხლებისთვის.

სეფისკვერებს, რასაც წირავს ხალხი, ზიარების ბარძიმშია და ჯვარზე მთხვევის დროს ურიგებენ დანაწილებულს)

- გარდა ლოცვით შეწევნისა როგორ უნდა გამოვხატოთ მიცვალებულთა სახელების მოხსენიება?

- მშიერთა დაპურება, გლახაკთავის მოწყალების გაღება ეს დიდად შეეწევა მიცვალებულთა სულებს.

- საფლავზე გასვლაც გვევალება? რისი წაღებაა საფლავზე აუცილებელი? წითელი კვერცხი და პასკაც უნდა გავიტანოთ?

- რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიცვალებულები. Pასკას და კვერცხს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს დაკავშირებულია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომასთან.

- ზოგი სასაფლავზე გადის დიდ ჭამა- სმას იწყებს, ეს გამართლებულია?

- ამგვარი საქციელი არ არის გამართლებული. საფლავზე ადამიანი რომ ღრეობდეს, ეს არის უკრძალველობა ღვთისა და მიცვალებულის წინაშე.

- ამ დღეს საფლავთა კურთხევა აუცილებელია?

- ძალიან კარგი იქნება თუ მოახერხებენ და საფლავს აკურთხებენ.

- იმ მიცვალეულებს, ვისაც მომხსენებელი აღარ ჰყავს, ეკლესია თუ იხსენიებს?

- რა თქმა უნდა. ეკლესია ყოველი მსახურების ჟამს იხსენიებს ყველა მართმადიდებლობით შესვენებულს.

- სხვა დღეებში როგორ უნდა მივაგოთ პატივი მიცვალებულებს?

- ჩვენი მიცვალებულები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მათი სულებისთვის ვლოცულობდეთ, რადგან მორწმუნე ადამიანის ლოცვას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. საგულისხმო სიტყვები აწერია ერთ- ერთი მიცვალებულის საფლავს: "მე სახლში ვარ და თქვენ გზაში ხართო." ამდენად მიცვალებულთა სულების მოხსენიებით საკუთარ სულებსაც დიდად ვარგებთ.

წაიკითხეთ ასევე:

როგორ მზადდება საკურთხი და როგორ აღვნიშნოთ მიცვალებულთა დღეები

თეა ცაგურიშვილი