"სრული ჯოჯოხეთი ხდება სკოლებში, მართლა ძალიან ძლიერი ტიპი უნდა იყო, რომ გადარჩე" ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს, რომელზეც შსს-მ საქმეც აღძრა (იხილეთ სტატია), ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. ამ ფაქტმა საზოგადოება შეძრა და შეაშფოთა. ბლოგერ სანდრო თარხან-მოურავის პოსტს ამ თემაზე განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
"მე არ მინახავს "ის ვიდეო", თუმცა ზოგი დაობს, სასტიკი ბულინგი "გამონაკლისია" თუ "წესი".
საკუთარი გამოცდილებით და დაკვირვებით გეტყვით - სადიზმი სკოლაში ნამდვილად ძალიან ჩვეულებრივი ამბავია (სიტყვა "სადიზმი" არაა გადაჭარბება). ალბათ ეს ერთერთი საკითხია, სადაც ქალები ვერ ილაპარაკებენ კაცების ნაცვლად იმიტომ, რომ ბიჭები ერთმანეთს გაცილებით უფრო სასტიკად ეპყრობიან.
ძალიან ბევრჯერ მინახავს, როგორ იმეტებდნენ ბავშვები ერთმანეთს, ყველაზე უკიდურესი ფორმებით.
მაგრამ, მაშინაც, თუ ეს არ არის ბანალური ძალადობა და აგრესია, შეიძლება უზარმაზარ, მუდმივ სტრესს განიცდიდე, კულტურული, ფასეულობრივი, ინტელექტუალური აცდენის გამო.
მე პირადად მიმაჩნია, რომ სკოლამ ფსიქოლოგიურად "გამტეხა" და არ მრცხვენია ამის აღიარების. ისე გამტეხა, რომ ალბათ ამის ბოლომდე განეიტრალებას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებ.
ზოგადად, ღრმად მჯერა, რომ ჩვეულებრივი სკოლა არის ძალიან დიდი ბოროტება - მინიმუმ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც "საშუალოსგან" რამე მიმართულებით მნიშვნელოვნად არის აცდენილი.
ამ ბოროტებას ამართლებენ ხოლმე იმით, რომ "ბავშვს სოციალიზაცია სჭირდება" - ერთი რამე შემიძლია გითხრათ ზუსტად - პირველ კლასში რომ მიმიყვანეს, გაცილებით უკეთესი სოციალური უნარები მქონდა, ვიდრე მეთერთმეტე კლასის ბოლოს. მტრული გარემოს უპირობო განცდა - რთული გადმოსაცემია ეს ზუსტად რა არის - მაგრამ ძალიან ღრმად ჩამომიყალიბდა აღქმა, რომ ნებისმიერი ქართველი კაცი არის მოძრავი ობიექტი, რომელიც მუდმივად ცდილობს რაღაცაში "ჩაგჭრას" და დაგამციროს. და ამას ან აიგნორებ და "ზევიდან უყურებ" - შესაბამისად, იგროვებ სტრესს შინაგანად - ან მიდიხარ სრულიად სერიოზულ, ეგზისტენციალურ რისკებზე - ელემენტარულად, შეიძლება ფიზიკურად დაგასახიჩრონ. ესაა ერთადერთი "სოციალური" შედეგი, რაც სკოლამ მომცა.
ეს აღქმა მერე წლები მომყვებოდა და ზოგჯერ ფაქტობრივი გამოცდილებებით მყარდებოდა - როცა ხან პატრიარქის გაკრიტიკების გამო მიტრიალეს დანა, ხან კიდევ რის. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს შემთხვევები უფრო გამონაკლისებია - მაგრამ ირიბი ფსიქოლოგიური ტრავმები სამუდამოდ რჩება. ვფიქრობ, მინიმუმ ამის აღიარების ტ...-ი უნდა გვეყოს, როდესაც სხვისი ჩაგვრის ფაქტებს ვიგებთ - ჩვენც გვაქვს ეს გამოვლილი და ეს არაა "გამონაკლისი". სკოლა, თავისი კლასიკური ფორმით, ბოროტებაა.
პ.ს. გაცილებით ჯანსაღია, განათლებისთვისაც და სოციალიზაციისთვისაც ე.წ. "წრეების" სისტემა, სადაც ბავშვები ინტერესების მიხედვით მიჰყავთ და სადაც არ ყალიბდება ერთგვარი მიკროსოციუმი - "ბავშვებით დასახლებული კუნძული".
პოსტს არანაკლებ დამაფიქრებელი კომენტარები მოჰყვა, რომელთაგან რამდენიმეს აქვე გთავაზობთ:
"ყველამ სხვადასხვა დოზით და ფორმით, მაგრამ ჩვენი წილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ზოგი მსხვერპლი ვიყავით, ზოგი მოძალადე, მაგრამ მთლიანობაში მიკროჯოჯოხეთი იყო".
"და ბიჭების დაბულინგებაში ბიჭებს სულაც არ ჩამოუვარდებიან გოგოები. არც სისასტიკეში ბიჭების თუ ერთმანეთის მიმართ..."
"ნამდვილად ბიჭების მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია ამ საკითხში, მაგრამ არც გოგოებს დაგვკლებია... სრული ჯოჯოხეთი ხდება სკოლებში მართლა ძალიან ძლიერი ტიპი უნდა იყო რომ გადარჩე და წესიერ ადამიანდ იქცე. და ამ ყველაფერში საბჭოთაკავშირ გამოვლილი მშობლების წვლილი არის უდიდესი რადგან ძალან ბევრ რამეს ვერ აცნობიერებ და გონიათ, რომ ყველაფერს თავისით უნდა გაუმკლავდეს ბავშვი..."
"სექსუალური შევიწროების თემებზე ქალები რომ უფრო ხშირად ლაპარაკობენ და კაცებს უკვირთ ხოლმე, ეს სად ხდებაო, მაგას დაემსგავსა, ამ ვიდეოზე ქალების აღშფოთება - დედა, ეს რა ვნახეთო, ვერ იჯერებენ რომ ყოველდღიური რეალობაა ეს და ხშირად უფრო სასტიკიც, ვიდრე ვიდეოში იყო ნაჩვენები."
"მე ვმეგობრობდი ბიჭებთან და ბევრ რამეს შევსწრებივარ, არანაირი ღირებულებები იქ არაა, ძლიერი ჩაგრავს სუსტს და "აუცილებელია" ეს ჩაგვრა, და არაფერი დასაკარგი არ აქვთ "ძლიერებს" და არც ჩაგვრას აღიქვამენ ტრაგედიად. მოკლედ, არანაირი აზრი ამ ქცევაში არ არის.
მაშინ ძაან შევიზიზღე ეს ამბავი, გავწყვიტე ორწლიანი მეგობრობა (რთულად წარიმართა ეს პროცესიც) და საერთოდ აღარ მყავდა მეგობრები უნივერსიტეტამდე. არადა შედარებით კარგ, კერძო სკოლაში ხდებოდა ეს და საჯაროში კიდევ უარესები ხდებოდა, ზუსტად ვიცი".
"დღეს, ამ ასაკში ყველაზე ცხადად ვიაზრებ, რომ ბიჭები სკოლაში ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. თუმცა, მეც ვიყავი ბულინგის მსხვერპლი - "ხუთოსანა", უკანთმაგაწეული, ზუბრიაჩკა გოიმკა, რომელიც არაფერში ერკვევა სწავლის გარდა. დღემდე მტკივნეულად მახსენდება, როგორ კომენტარებს მიკეთებდნენ ხოლმე გაკვეთილის მოყოლის დროს, და არასდროს დამავიწყდება, როგორ გააბაზრეს ხმამაღლა ჩემი დღიურის შინაარსი, რომელიც ჩუმად ჩანთიდან ამომაცალეს. დასცინოდნენ ასევე ჩემს ჩაცმის სტილს. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ამ ყველაფერს კლასის დამრიგებელი ახალისებდა, ნავთს უსხამდა, დიდი კმაყოფილებით ერთვებოდა ხოლმე თვითონ პროცესშიც. საშინლად მძულდა და დღემდე მძულს ის სკოლა, რომელიც ბულინგთან და ძალადობასთან (მასწავლებლებისგან) ასოცირდება დღემდე. თუ მომიწია რომ ჩავუარო, არ ვუყურებ, მარცხნივ ვაბრუნებ თავს. და მაინც, ჩემი თინეიჯერული ისტორიები, რომლის მსგავსიც ალბათ, ბევრ გოგოს გამოუცდია, მსუბუქი მელოდრამაა ბიჭების საშინელ თავგადასავლებთან შედარებით. ძალიან განსხვავდება ბულინგის სიმძიმე და ფორმები. ან არ ვიცი, იქნებ მე "გამიმართლა" ასე..."
"სკოლაში მიდიან სახლში ძალადობანასწავლი ბავშვები, სადაც ხვდებათ მასწავლებლები, საკუთარი ოჯახების ძალადობას რომ ვერ ხარშავენ და თავზე აფრქვევენ. შუაში ბუფერი უნდათ, თუნდაც, ფსიქოლოგის ფორმით, რომელსაც არ გაუკვირდება და ეს რა გავიგეო, ვიშვიშით ბავშვებს სულ არ გადარევს!"
"გეთანხმებით, არა მარტო ბავშვებში ადრე პედაგოგებსაც ფსიქოლოგირ სტრესში ჰყავდათ ბავშვები სკოლამ დაანგრია თაობების ფსიქოლოგია თუმცა იმ სისტემისთვის შესაფერისი იყო ისე აღზრდილი თაობა".